როგორ აპირებს კულტურის მინისტრი კახისა და დავითგარეჯას პრობლემის მოგვარებას

როგორ აპირებს კულტურის მინისტრი კახისა და დავითგარეჯას პრობლემის მოგვარებას

აქტუალური პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში კულტურული ცხოვრებაც თავისი გზით მიედინება. მწერალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მიმდინარე კულტურულ საკითხებზე გვესაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას ძველისგან განსხვავებული მიდგომა აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: ძეგლების რესტავრაცია საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, რეგიონული კულტურის განვითარება, თბილისის იერსახის შენარჩუნება და ა.შ.

- ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლეთ და ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური პრობლემები განიხილეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?

- აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აქ ორი დღე დაჰყო და ჩვენ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, უპირველეს ყოვლისა კი, გაცვლით კულტურულ პროგრამებზე. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ცეკვის ანსამბლები. ბოლო პერიოდში თანამედროვე აზერბაიჯანული კინო საკმაოდ განვითარდა და რამდენიმე კვირის წინ, მათი ფილმების ფესტივალიც ჩავატარეთ, სადაც საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. ახლა "ალი და ნინოს" იღებენ და ერთ-ერთ როლში ქართველ მსახიობსაც ვიხილავთ, თუმცა ჩვენ დაფინანსებაში არ ვმონაწილეობთ. ვისაუბრეთ ერთობლივი ფილმების გადაღებაზეც, რომელსაც ორივე მხარე დავაფინანსებთ, მაგრამ ამას წინ უნდა უძღოდეს კინორეჟისორების, სცენარისტების, პრიდიუსერების შეხვედრა, რომლებიც თემას შეარჩევენ, სცენარს დაწერენ და საზოგადოებას საინტერესო პროექტს წარუდგენენ. გარდა ამისა, მაისის ბოლოს აზერბაიჯანში დიდ მინისტერიალზე დამპატიჟეს. იქ ხუთი დღით ჩავალ და ჩემს კოლეგასთან გეგმებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ. აუცილებლად შევეხებით ჩვენი ძეგლების საკითხსაც.

- როგორ ფიქრობთ, დავითგარეჯასა და კახთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება?

- მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს საკითხები ერთობლივად გადავწყვიტოთ. აუცილებლად მოიძებნება გამოსავალი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და ახლა სწორედ ამის ძიებაში ვართ. საზღვრის დადგენა მაინც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, რომელიც კულტურის სამინისტროების კომპეტენციას სცდება. მანამდე კი, არის დღეები, როდესაც ქართველ მომლოცველებს თავისუფლად შეუძლიათ კახსა და დავითგარეჯაში ჩასვლა. მოკლედ, მთავარი კეთილი ნება და ურთიერთგაგებაა.

- თურქეთსა და აფხაზეთში მდებარე ქართულ ძეგლებზე რას გვეტყვით? ანქვაბმა განაცხადა, - ამ ძეგლებს ჩვენ მივხედავთო...

- მოგეხსენებათ, რუსეთთან დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს და ვცდილობთ, იუნესკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობით რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ხომ აფხაზური ძეგლები არ არის? ქართველები და აფხაზები ერთად, ერთ სახელმწიფოს ვაშენებდით, ტაძრებში ერთად ვლოცულობდით. ახლაც შევეცდებით, მათთან კარგი ურთიერთობა დავამყაროთ, მაგრამ მანამდე შეიძლება, მნიშვნელოვანი ძეგლები დაგვეშალოს. იქ უამრავი ტაძარია - ბედიის, მოქვის, ილორის, რომელიც გააფუჭეს, მაგრამ ახლა მის აღდგენას ცდილობენ; ოჩამჩირის რაიონში ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია და ვფიქრობ, მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ. ამის მაგალითია თურქეთიც: ადრე ნაცვალგების პრინციპი არსებობდა, - მე შენს ძეგლს გავაკეთებ ან ავაშენებ, შენ კი ჩემსას მიხედეო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კი, როდესაც ის თურქეთში იმყოფებოდა, მათ პირდაპირ უთხრა, რომ არავითარი ნაცვალგება არ იქნება, თუ მლოცველებს სივრცე არ ჰყოფნით, გამოვიკითხავთ, საკითხს შევისწავლით და მეჩეთს ავაშენებთო. საქმე ის გახლავთ, რომ ძეგლებთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ გვაქვს, პროექტი პრეზიდენტთან არის გაჩერებული და მისი ხელმოწერაა საჭირო, რათა თურქულ მხარეს გადავცეთ, მათ აწონ-დაწონონ, დაგვიბრუნონ და მერე ჩვენ მოვაწეროთ ხელი. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები თურქეთის კულტურის სამინისტროში ჩავიდნენ, თურქული მხარე გაგებით მოეკიდა განსაკუთრებით იშხნის საკითხს. ბრწყინვალე ძეგლების - იშხნისა და ოშკის სწორად რესტავრირება თურქებსაც აძლევს ხელს, რადგან მათ ტერიტორიაზეა და ტურისტების მოსაზიდად სჭირდებათ. როდესაც შეთანხმებას ხელი მოეწერება, გზა გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა სამაგალითო იქნება.

- რა ბედი ელის იმ ძეგლებს, რომლებსაც იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას უპირებს?

- იანვარში მე და ჩემი მოადგილე - მარინე მიზანდარი, რომელიც ამ საკითხების კურატორია, იუნესკოს ხელმძღვანელობას შევხვდით და "იკომოსშიც" (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გახლდით. ამ ძეგლებთან დაკავშირებით მათ თავიანთი პრეტენზიები აქვთ. ამტკიცებენ, რომ რესტავრაცია ძალიან სწრაფად მოხდა და ამ სიჩქარეში ბევრი რამ გაფუჭდა. ვეთანხმები, ჯობდა, დროში გაჭიანურებულიყო, მაგრამ ყველაფერი სწორად გაკეთებულიყო. მათი წარმომადგენლები შარშან კიდევ ერთხელ იყვნენ ბაგრატის ტაძრის სანახავად, კონფერენციაც მოაწყვეს და ალბათ მალე დასკვნასაც შემოგვთავაზებენ. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება. ბაგრატი და გელათი კომპლექსურად განიხილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშ დარჩეს. მთავარია, მომავალში ის შეცდომები არ დავუშვათ, რასაც სისწრაფის გამო წავაწყდით.

- არასწორად რესტავრირებული ძეგლების შემთხვევაში რისი გამოსწორება შეიძლება?

- ხელისუფლებაში რაიმეს დასამტვრევად და გასაფუჭებლად არ მოვსულვართ. ჩვენ მშენებლობას ვაპირებთ, - ოღონდ სწორი მიმართულებებით. ბაგრატის ტაძრის თემას დავუბრუნდები, ვინაიდან გრანდიოზული სამუშაოა ჩატარებული, ის ამოქმედდება, ხალხი ივლის და წირვა-ლოცვები აღევლინება. რამდენიმე დეტალია დარჩენილი, ტაძრის იატაკია მოსაპირკეთებელი და შევეცდებით, ყველაფერი სწორად დაიგეგმოს. არაფრის გადაკეთება-გადმოკეთებას არ ვაპირებთ, რადგანაც ყველაფრის იუნესკოს სტანდარტებისკენ მობრუნება ძნელი იქნება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მათთან მოლაპარაკებაა, რომ ძეგლი მათი მფარველობის ქვეშ ასეთი სახით დატოვონ.

- მცხეთას რას უპირებთ?

- მოგეხსენებათ, მცხეთაში, რიყეზე იუსტიციის სახლი შენდება, რომლის ორი ნაგებობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ მშენებლობა შეაჩერა. თეა წულუკიანმა განაცხადა: არ ვარ ის მინისტრი, რომელიც ძეგლების ხელყოფით იქნება დაკავებულიო, ამიტომ შექმნა კომისია (ამ ჯგუფში მეც ვარ), რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ადრე ცენტრალური გზიდან სვეტიცხოველი უფრო კარგად ჩანდა, ახლა ხედი საერთოდ გაფუჭდა, ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს და ქალაქს, ცოტა არ იყოს, ხელოვნური იერი მიეცა. ეს ადგილობრივების უმეტესობას არ მოსწონს. ძეგლს თავისი სული უნდა შეუნარჩუნო; ხელი ისე უნდა შეაშველო, რომ არ გააფუჭო. ყოველთვის გვაქვს კავშირი პროფესიონალებთან და კონფერენციებშიც ვმონაწილეობთ. მაგალითად, უახლოეს პერიოდში იუნესკო დიდ ღონისძიებას მოაწყობს, სადაც ჩვენი წარმომადგენლებიც ჩავლენ. ვფიქრობ, მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

- მერია კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ძველი თბილისის ძეგლების რესტავრაციას ვეღარ ჩაატარებს. რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები რჩება მათ კომპეტენციაში?

- საბჭოთა დროიდან მოყოლებული 2009 წლამდე, თბილისის ძეგლებზე პასუხისმგებელი კულტურის სამინისტრო იყო, წინა ხელისუფლებამ კი ყველაფერი მერიას გადააბარა, რომელიც კვლავ ჩაერთვება ამ პროცესებში, ოღონდ - საქმეს ჩვენთან შეთანხმებით გააკეთებს და ზოგჯერ, ესა თუ ის საკითხი შესაძლოა, განსახილველად სამთავრობო სხდომაზეც გავიტანოთ... ბოლო პერიოდში რესტავრირებული ძველი თბილისი, ბეთლემის უბანი, რომელსაც ნორვეგიელები აკეთებდნენ, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს სიძველის აღდგენა, მაგრამ არის სხვა უბნები, სადაც სიჩქარის გამო არაერთი ძეგლი გააფუჭეს, დაანგრიეს ან სტატუსი მოუხსნეს. ამას წინათ, ჩემთან ლატვიის ელჩი იყო. ძველ რიგაზე ვსაუბრობდით და აღნიშნა, - მისი განახლებით ტურისტები დავკარგეთო. სტრასბურგში რომ ვიყავი, ხალხი სწორედ ძველი ქალაქის დასათვალიერებლად მიდიოდა. მსოფლიოში ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სიძველეების შენარჩუნებას და მჯერა, რომ სწორი ანალიზის შედეგად ყველაფერს დავალაგებთ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი საზოგადოებასა და სპეციალისტებთან შეთანხმებული იქნება.

- რიყის საკითხი როგორ გადაწყდება? რკინის უზარმაზარი კონსტრუქცია ბევრს არ მოსწონს და მისი დემონტაჟის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდნენ; მინის ხიდზეც აზრთა სხვადასხვაობაა...

- მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ცალკე აღებული, ცუდი არ არის, მაგრამ ამ ტერიტორიას მართლა არ უხდება. ჯერ ერთი, მთელი სივრცე ჩაიკეტა, გაღმა ნაპირი არ ჩანს. თბილისი დიდი ქალაქია და მისი ზოგიერთი უბანი, მაგალითად, გლდანი და ვარკეთილი ძალიან მიტოვებულია, ე.წ. "საძინებელი" კორპუსების გარდა, იქ არაფერია. ჰოდა, რკინის რომელიმე ეს კონსტრუქცია ვარკეთილში რომ ჩაგვედგა, იქაურობასაც გაალამაზებდა, გამოაცოცხლებდა და თვითონ შენობაც უკეთესად გამოჩნდებოდა. რიყის "მილებს" სიამოვნებით მივუჩენდი ადგილს გლდანში. ჩვენ ხომ ლამაზი ქალაქი გვინდა? ჰოდა, უზარმაზარი შენობები ერთ ადგილას არ უნდა იყოს თავმოყრილი. რიყე მართლაც ძალიან გადაიტვირთა და ჩაიხერგა. ბუნების კანონია, რომ ყოველ შენობას თავისი სასიცოცხლო სივრცე უნდა ჰქონდეს და ხელი არც სხვას შეუშალოს. სამომავლოდ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და იგივე შეცდომები არ დავუშვათ.

- რამდენად ნაყოფიერია "მრგვალი მაგიდების" მუშაობა?

- მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი სამინისტროს მიღწევაა. ჩემი აზრით, ვიღაცას ერთხელ მაინც რომ განეხილა საზოგადოებასთან ესა თუ ის საკითხი, შესაძლოა, ახლა ასეთი შედეგები არ გვქონოდა. მაგალითად, კახეთში, ბატონის სასახლესთან დაკავშირებით, რესტავრაცია არასწორად მიმდინარეობდა და შევაჩერეთ. ცოტა ხნის წინ, იქ სპეციალისტებთან ერთად ჩავედით და უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, სადაც ასზე მეტი თელაველი იმყოფებოდა, პროექტი წარვადგინეთ. შევთავაზეთ, თუ სად რა შეიძლება განთავსდეს და ესა თუ ის კუთხე რით შეიძლება გავალამაზოთ, რათა იქ ჩასულმა ადამიანმა, საქართველოს და სრულიად კახეთის მთელი ისტორია შეიგრძნოს. მათ ზოგი რამის დამატება გვთხოვეს, იდეები მოგვაწოდეს და საბოლოოდ, ერთობლივად ყველაფერზე შევთანხმდით. როცა მუზეუმი ფუნქციონირებას დაიწყებს, მერე მისი გადაკეთება-გადმოკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ჩვენც გვეჩქარება, ჩვენც გვინდა ეფექტების მოხდენა, მაგრამ ვცდილობთ "ვიჩქაროთ ნელა" - ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი.

- თეატრებსა და რეგიონული კულტურის განვითარებაზეც მინდა გკითხოთ - ამ მხრივ რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული?

- სახელმწიფო თეატრები გაწერილი ბიუჯეტის მიხედვით, წლის განმავლობაში თანხებს ჩვეულებრივად მიიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებულ თეატრებსაც ვეხმარებით და იმისათვის, რომ მუშაობა არ გაჩერდეს, კეთილი ნებით, 2-3 სპექტაკლს ვუფინანსებთ. კანონის თანახმად, მმართველებთან ერთად, თეატრებს კვლავ ეყოლება სამხატვრო ხელმძღვანელები და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს კანონი სახელმწიფო თეატრებზეა გათვლილი, კერძო თეატრებს კი თავიანთი წესები აქვთ.

სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებაა. აუცილებელია კულტურის ცენტრების შექმნა. რამდენიმე ქალაქში უკვე ჩავიტანეთ კინოჩვენების აპარატები და ეტაპობრივად, ყველა რაიონს გადავცემთ. სპეციალისტები ტრენინგ-სემინარებს ჩაატარებენ, კინოცენტრის ხელმძღვანელთან - ნანა ჯანელიძესთან ერთად მოვაწყობთ შეხვედრებს. მათ ექნებათ სადისკუსიო ადგილები. სხვათა შორის, მასტერკლასები უკვე ტარდება, ასწავლიან და ეძებენ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ა.შ. რეგიონებში ადამიანებმა კულტურული ცხოვრების ტემპორიტმი უკეთ უნდა შეიგრძნონ - სოფლიდან მიგრაციის შესაჩერებლად და ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად ეს ერთ-ერთი ხელის შემწყობი პირობაა.

- წინა მინისტრის დროს დაწყებული რომელი პროექტები გრძელდება და რომელი მათგანი შეჩერდა?

- მინისტრები მიდიან და მოდიან, მაგრამ მემკვიდრეობითობა აუცილებელია; ჩვენ ყველა პროექტს ობიექტურად განვიხილავთ და რაც მოსაწონია, რა თქმა უნდა, გრძელდება. კინო, ლიტერატურული პროექტებისა თუ იუბილეების მოწყობას ვაგრძელებთ, ნიჭიერ ბავშვებს ვეხმარებით. აღარ დავაფინანსებთ ჯაზის ფესტივალებს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა ცნობილი ჯაზმენი ჩამოგყავს, მოყვარულები ბილეთების შესაძენად ისედაც გაიღებენ სოლიდურ თანხას. ჰოდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავს კონცერტებზე მილიონების ხარჯვა ნორმალურად არ მიგვაჩნია. ამ თანხით მათ დავეხმარებით, ვისაც ეს სჭირდება, მაგალითად: ოპერას, კლასიკურ მუსიკას და ა.შ.

- რა გაკეთდება იმისთვის, რომ ქართულმა კინომ ადრინდელი სტატუსი დაიბრუნოს?

- კინოცენტრის სახით, ცოცხალი და კარგი ორგანიზმი შეიქმნა. ვცდილობთ, მათ მომავალი წლის ბიუჯეტი გავუორმაგოთ. გვინდა, მეცენატობის ინსტიტუტი გავაძლიეროთ ისე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებშია - ყოველი კოლოფი სიგარეტისა და ყოველი ბოთლი ალკოჰოლიდან, ტოტალიზატორებიდან, სათამაშო სახლებიდან გარკვეული პროცენტი კულტურის გაძლიერებაზე იხარჯება და გვსურს, ამას ჩვენც მივაღწიოთ. კინოსაბჭოები შევქმენით და ახლა მთავარია გავაკონტროლოთ, თანხებს ვინ და რა მიმართულებით, რამდენად სწორად დახარჯავს. გარდა ამისა, აუცილებელია, ყოველი ფილმი შეფასდეს და გაშუქდეს, მწერალთა სახლთან ერთად ქართულ "არტზე" ჟურნალს გამოვცემთ, რათა კრიტიკას უფრო მეტი გასაქანი ჰქონდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი უბრალოდ თაროზე დაიდება და დაიკარგება. ცუდი ფილმიც უნდა შეფასდეს და ვიცოდეთ, თუ რატომ არის ცუდი.

- როგორია მინისტრის ერთი დღე? როგორც მწერალი და ხელოვანი, როგორ ეგუებით მუშაობის ასეთ განრიგს?

- რა თქმა უნდა, დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, დილიდან ღამემდე აქ ვარ, ხშირად - უქმე დღეებშიც ვმუშაობ; ვმოგზაურობ რეგიონებში, საზღვარგარეთ, ამიტომ ჩემი შემოქმედება დროებით გვერდზე გადავდე. როგორც მწერალი, ამჟამად რაიმე ნაწარმოებზე არ ვმუშაობ, მაგრამ ჩანაწერებს ვაკეთებ, რომლებიც სამომავლოდ ახალი წიგნების საფუძველი გახდება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"