ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი

ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი

როგორც ლანა კარგარეთელი ამბობს, ცხოვრებაში ხანგრძლივი და მტკივნეული გზის გავლა მოუხდა, მაგრამ უფლის წყალობითა და დედის დაუღალავი ბრძოლით, ფეხზე დადგა, მაგრამ მუდმივი მკურნალობა და ექიმებთან კონსულტაციები მისი ცხოვრების წესი გახლავთ...

53 წლის ლანა კარგარეთელი მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში დაუნის სინდრომით დაიბადა. ციხის საავადმყოფოს ექიმებმა ჩვილი ბავშვთა სახლს მიაბარეს. დედას კი უთხრეს, რომ პატარა დღენაკლული იყო და დაბადებისთანავე გარდაიცვალა...

ლანა კარგარეთელი:

- ჩემს მშობლებს მოსკოვში, პეტერბურგში, კიევსა და სოჭში ყვავილების ბიზნესი ჰქონდათ. 70-იან წლებში, მამას ევროპელი დიზაინერები ჩამოჰყავდა და თავის ხელოსნებს საკუთარი ყვავილების სალონებში დიზაინის მასტერკლასს უტარებდა. ამ ბიზნესში მათთან ერთად სხვებიც იყვნენ ჩართულები. წილების გადანაწილებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა და საქმე მილიციას გადაეცა. დეტალები დღემდე არ ვიცი, მაგრამ ხანგრძლივი დავის შემდეგ, ჩემი მშობლები ციხეში აღმოჩნდნენ. დედა ფინანსური დანაშაულისთვის სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა, რომელიც მოსკოვში, "დმიტროვის შოსეზე" მდებარეობს... ჩემი ადვოკატის დახმარებით, მოსკოვში საქმიანი ურთიერთობების მოგვარება ხშირად მიწევს და იმ ადგილს ემოციის გარეშე ვერ ჩავუვლი ხოლმე... როდესაც დედა დააკავეს, მალე გაარკვია, რომ ჩემზე ფეხმძიმედ იყო და ციხის საავადმყოფოში დავიბადე. მძიმე ორსულობა ჰქონდა. თურმე მშობიარობაც გაუჭირდა. ახალშობილს ანუ მე დაუნის სინდრომის მარტივი ფორმა აღმომაჩნდა (დედა ამ ყველაფერს მის მძიმე ფეხმძიმობას აბრალებდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ეს გენეტიკური დაავადება იყო, რაც მეტად მაშინებს)...

რომ გავჩნდი, დედას უთხრეს, რომ ჩვილი დაბადებისთანავე დაიღუპა... მას 5 წელი და 4 თვე ჰქონდა მისჯილი. მამა სასჯელს სხვაგან იხდიდა... პატიმრობის წლებში დედა რწმენისკენ შემობრუნდა. ღამეებს ლოცვაში ათენებდა, მარხულობდა და ცდილობდა, ეკლესიურად ეცხოვრა. სწორედ მაშინ ერთ უკრაინელ ღვთისმოსავ ქალს (პატიმარს) დაუახლოვდა, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან, ტერნოპოლიდან გახლდათ.

- იმ წლებში ლოცვა, მარხვა, - ეკლესიური ცხოვრება იშვიათობა იყო...

- გეთანხმებით, მაგრამ იმ უკრაინელი ქალბატონის მორწმუნეობას თავისი მიზეზი ჰქონდა: მის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, რის გამოც მისი ოჯახი გადაუსახლებიათ, ხატი კი გაურკვეველი მიმართულებით წაუბრძანებიათ. უფლის მადლით კი, ოჯახი მალე ისევ შეკოწიწდა და მისმა ყველა წევრმა საცხოვრებლად მოსკოვში მოიყარა თავი...

დედას იმ ქალთან ურთიერთობა სიკვდილამდე ჰქონდა. სწორედ მან უთხრა, რომ შვილი (ანუ მე) ცოცხალი ჰყავდა და რომ ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ის მოსკოვის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ჩააბარა. უკრაინელ ქალს ამის შესახებ თურმე ციხის თანამშრომელმა გაუმხილა (ჩემი კონკრეტული ადგილსამყოფელი არ სცოდნია) და იმ გინეკოლოგის სახელი და გვარიც უთხრა, ვინც დედა ამშობიარა... იმ ექიმს დედამ მიაგნო და უთხრა: - ვიცი, ჩემი შვილი ცოცხალია, ჩივილს არ ვაპირებ, ოღონდაც, გამიმხილე, რომელ ბავშვთა სახლში ჩააბარეთო. გასამრჯელოსაც დაჰპირდა. არ ვიცი, ქრთამმა გაჭრა თუ შეეშინდა, მაგრამ გინეკოლოგმა ბავშვთა სახლის მისამართი უთხრა...

- ვიცი, რომ უფროსი და-ძმაც გყავთ. დედ-მამის პატიმრობის წლებში სად იყვნენ ბავშვები?

- სახლში, ბებია-ბაბუასთან.

- ალბათ ბავშვთა სახლში გატარებული წლები არ გახსოვთ...

- დედამ რომ მიპოვა, 5 წლის ვიყავი, მაგრამ გონებრივი ჩამორჩენა მქონდა და ყველაფერი ნათლად არ მახსოვს. ზურგზე დღემდე მაქვს იარა, რომელიც ერთ-ერთი სანიტრისგან დამრჩა. იქ მუდმივად მცემდნენ. მახსოვს მუდმივი შიმშილი და გაყინული კედლები. მარცხენა ხელის სამი თითი მაშინ რომ მომეყინა, ახლაც ატროფირებული მაქვს... მახსოვს, როგორ აგროვებდნენ ბავშვები მაგიდაზე პურის ნამცეცებს... დედამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ბიზნესი აღადგინა. საქმე ხელახლა მისცა გამოძიებაში. ძლიერი ადვოკატები აიყვანა და მამაც გაათავისუფლებინა. პარალელურად, ჩემს საქმეებს აგვარებდა, უპატრონო ბავშვთა სახლში სულ სხვა სახელითა და გვარით ვიყავი დარეგისტრირებული...

- ბავშვთა სახლში რა დიაგნოზით იყავით?

- დაუნის სინდრომის მარტივი, საწყისი, არაპროგრესირებადი ფორმა მქონდა. გარკვეული საერთო დამახასიათებელი ნიშნების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ერთმანეთისაგან ხასიათით, ტემპერამენტით, უნარ-შესაძლებლობებით, ინტელექტის დონით, ნიჭითა და მგრძნობელობის რეფლექსებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან... მას შემდეგ, რაც დედამ იმ ჯოჯოხეთიდან მიხსნა, ბავშვთა სახლს ვგულისხმობ, მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ, დაუსრულებელ საავადმყოფოს დაემსგავსა. მშობლები, საბჭოთა კავშირის დახურული საზღვრის პირობებში, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემს მკურნალობას თუნდაც მცირედი შედეგი ჰქონოდა. დედა რამდენიმე კვირით, ზოგჯერ ერთი წლით ადრე ეწერებოდა მსოფლიოს უძლიერეს სპეციალისტებთან რიგში. ზოგი აიმედებდა, ზოგიც - პირიქით. ერთ ექიმს უთქვამს: - რაღას გამოგყავდა გოგონა ბავშვთა სახლიდან, თქვენ მაინც აღარ დაიტანჯებოდითო... ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა წამყვანი კლინიკა მომატარეს. დედა მიყვებოდა, როგორ მკეტავდა თავის კლინიკაში ნიუ-იორკელი, ასოცირებული პროფესორი - ჯეიმს კინსი, რათა ჩემს მშობლებს არ ენახათ, როგორ ვწვალობდი სამკურნალო პროცედურების დროს. ექიმმა სპეციალურად ჩემთვის ქართველი თარჯიმანი დაიქირავა და მაიძულებდა, წაკითხული ტექსტიდან, აზრი თუ არა, ცალკეული სიტყვები მაინც გამემეორებინა.

- რას ამბობდა ამერიკელი ექიმი?

- არაფერს, დუმდა და შემდგომ კურსზე მიბარებდა... მშობლების თქმით, ჩემი გამოჯანმრთელების საკითხს, მედიკოსებმა არაერთი სამედიცინო თემა, კონფერენცია და მოხსენება მიუძღვნეს. მაშინ, როდესაც ხან ერთ, ხან მეორე ექიმს ვყავდი თავისთან "დამწყვდეული", ჩემი მშობლები ერთი სალოცავიდან მეორეში გადადიოდნენ. საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის ეკლესია-მონასტრები ლამის ფეხით ჰქონდათ შემოვლილი. დედა მეუბნებოდა, - უფალს ვევედრებოდით, რომ აზროვნება მაინც შეგძლებოდაო... რაღაცები ფოტოკადრებივით მახსენდება. ჩემი დიაგნოზის მქონე ადამიანებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. მეტად კი პროფესორ კინსს მივენდე. ისიც თვეობით მტოვებდა თავის კლინიკაში და მტანჯველ პროცედურებს ერთად გავდიოდით. ამ ავადმყოფობას ეტაპები აქვს, - ზოგ ბავშვს შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლა, ზოგისთვის სპეციალური კლასია საჭირო, ზოგიერთისთვის - სპეციალური სკოლა. მოზარდების უმრავლესობას შეუძლია, საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის შესაბამისად, რაიმე პროფესიას ან ხელობას დაეუფლოს. ზოგს ბევრი დრო და სპეციალური მომზადება სჭირდება მარტივი რამის ასათვისებლად, ზოგიერთი კი სპეციალური ტრენინგის საშუალებით, რთულ საქმიანობას ეუფლება. მე ეს სპეციალური ტრენინგი გავიარე. შემდეგ კი, ჩემი ექიმის რჩევით, 10 წლის ასაკში, მოსკოვის ერთ-ერთ სპეციალიზებულ სკოლაში შემიყვანეს. წლის ბოლოს პროფესორ კინსთან ვიზიტი მიწევდა. მას ჩემი მშობლებისთვის უთქვამს, - პაციენტი მზად არის, მეორე კლასში გადავიდესო. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო... მასთან უკვე წელიწადში ერთხელ დავდიოდი. მშობლები ცდილობდნენ, მუდმივად საზოგადოებაში მეტრიალა. ამიტომ დავდიოდი სპორტულ სექციებზე, ცეკვაზე... ჯგუფებში კი მწერდნენ, მაგრამ ყველგან ინდივიდუალური მასწავლებელი მამეცადინებდა...

- რა შეიცვალა სკოლის დამთავრების შემდეგ?

- თავი თითქმის სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი. მოძრაობა ოდნავ მიჭირს, თუმცა საკმაოდ ენერგიული ვარ. არ ვიცი, დიდი დოზით მედიკამენტების მიღების ბრალია თუ ავადმყოფობის, მაგრამ ცუდი სმენა მაქვს. ამიტომ ჩემს ოჯახში ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს. გარკვეულ ბგერებს ვერ გამოვთქვამ. ალბათ თქვენც შენიშნეთ, გამართულად მეტყველება მიჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, სკოლა კარგი ნიშნებით დავამთავრე.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- ერთი გოგონა მყავს. უფლის მადლით, ის სრულიად ჯანმრთელია. მყავს ძალიან კარგი მეუღლე, რომელსაც ჩემი წარსულის გამო პრობლემა არ ჰქონია. მორწმუნე ადამიანია და ყველაფერში გვეხმარება...

- დედა ცოცხალია?

- არა, მას ლეიკემია დაემართა... სულ იმის შიში ჰქონდა, რომ ერთ დღესაც, რაღაც ცუდი დამემართებოდა, ასაკთან ერთად, გონებრივი პრობლემები დამეწყებოდა ან ჯანმრთელობა შემერყეოდა. ჩემ გარშემო ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან ბუნებით მიმნდობი ვარ... სიკვდილის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა, ჩემს და-ძმას დაუბარა, ქონების უდიდეს ნაწილს ლანას ვუტოვებ და მისთვის რამის წართმევა არ გაბედოთ, თორემ უფალი დაგსჯითო. ეშინოდა, მისი სიკვდილი ჩემთვის საბედისწერო არ ყოფილიყო. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე, როგორ ევედრებოდა თავის მოძღვარს, - ლანა ჩემი სიკვდილისთვის შეამზადე, დარდი საფლავში არ ჩამაყოლოო... 4 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ჩემ გარდა არავის იკარებდა. მართლაც, რწმენამ გადამატანინა მისი სიკვდილი. რომ არა უფლის შემწეობა, ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებდა თუნდაც შვილისთვის იმის გაკეთებას, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა. ამიტომაც მე და ჩემმა მეუღლემ მის სახელზე მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ღვთისმშობლის სახელობის პატარა ტაძარი ავაგეთ, სადაც ქართველი მრევლი დადის. მის სახელზე ჩემი ყოველთვიური შემოსავლიდან გარკვეულ თანხას რამდენიმე ბავშვთა სახლს ვურიცხავ. ასეთი იყო მისი ნება...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"