"თბილისში ეპიდემიური აფეთქება ერთ თვეში უნდა დასრულდეს"

"თბილისში ეპიდემიური აფეთქება ერთ თვეში უნდა დასრულდეს"

საქართველოში წითელას შე­მთ­ხვე­ვე­ბის­ მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცე­ნტრში ვარაუდობდნენ, რომ დაავადება შემდგომი 2-3 თვის განმავლობაშიც გამოვლინდებოდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი უკვე 3 300 შემთხვევაა დარეგისტრირებული. გვაქვს თუ არა საქმე ეპიდემიასთან? ამ კითხვით მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს:

- ეპიდემიის შემთხვევაში ეპიდაფეთქება უნდა იყოს მთელ საქართველოში, ამჟამად კი ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება მხოლოდ თბილისშია. 3 300 შემთხვევიდან 2 140 შემთხვევა თბილისზე მოდის.

- რატომ აღირიცხა თბილისში წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით?

- 2008 წელს აცრების მასობრივი კამპანია ჩატარდა, მაშინ თბილისში აიცრა მოსახლეობის 15%, როცა საქართველოს სხვა რეგიონებში აიცრა 50%-მდე, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის 85% იყო აცრილი და აქედან გამომდინარე ამ რეგიონებში შემთხვევებიც ნაკლებია.

- როდისთვის ვარაუდობთ შემთ­ხვევათა კლებას?

- ჯერჯერობით შემთხვევები კიდევ მოიმატებს, მაგრამ მატების ტემპი აღარ გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში კი წითელას გავრცელება უნდა დასრულდეს. მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს აცრები ბავშვებში, დღეისათვის უკვე აცრილია 28 583 ადამიანი. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ თუ დაავადებულთან იყვნენ კონტაქტში, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

- თუ ბავშვობაში გვქონდა გადატანილი წითელა, შესაძლებელია, კვლავ შეგვხვდეს?

- ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მედიცინაში გამორიცხული არაფერია.

P.S. წწყ-ს (წითელა, წითურა, ყბაყურა)ვაქცინის პირველი დოზა უნდა გაკეთდეს პირველ დაბადების დღეზე ან მის შემდეგ; რეკომენდებული ასაკობრივი შუალედია 12-24 თვე. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ 12 თვემდე გაკეთებული აცრა არ მიიღება სათვალავში და 1 წლის ასაკში ვაქცინაცია მაინც უნდა გამეორდეს.

მეორე დოზა ჩვეულებრივ კეთდება 5 წლის ასაკში, სკოლაში შესვლამდე. თუმცა შეიძლება გაკეთდეს უფრო ადრეც, პირველი დოზიდან 28-დღიანი ინტერვალის დაცვით.

წწყ-ს პირველი დოზა ქმნის კარგ იმუნიტეტს წითელას, წითურასა და ყბაყურას წინააღმდეგ. მეორე დოზა განკუთვნილია იმუნიტეტის გამომუშავებისთვის იმ ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ რეაქცია პირველ დოზაზე; მეორე დოზის შემდეგ ხალხის ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება დარჩეს დაუცველი.

ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გაკეთებული ვაქცინის ორი დოზა, თუ არ აღინიშნება ნამდვილი უკუჩვენება.

ეპიდაფეთქების დროს ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია წწყ-ით უნდა მოხდეს დაბადების თარიღის მიუხედავად.

ცნობისათვის

წითელა ვირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადებაა. ჩვეულებრივ, წითელას ვირუსი ფილტვებისა და ხახის უჯრედებში მრავლდება.

უმეტეს შემთხვევაში წითელას გამოვლენა იწყება ადამიანის დაინფიცირებიდან 7-14 დღეში და შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება: ლაქოვანი გამონაყარი, ცხელება, ხველა, სურდო, თვალის სიწითლე და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი) სისუსტე, წვრილი თეთრი გამონაყარი პირის ღრუში.

სიმპტომების გამოვლენიდან 5-6 დღის შემდეგ ავადმყოფის სხეულზე ჩნდება წითელი გამონაყარი. თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე - კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები. გამონაყართან ერთად ავადმყოფის სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 40 °C-ს. რამდენიმე დღეში სიცხე დაბლა იწევს და გამონაყარი თანდათან ქრება. გართულების შემთხვევაში ვითარდება ყურის ინფექცია და პნევმონია.

მოამზადა ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია