"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"

"სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს, თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი"

24 წლის გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მინისტრისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. კორტავას ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობისა და დამნაშავეთა დასჯის საკითხს აყენებს დეპუტატი ეკა ბესელია.

ლევან კორტავა რუსთავის N6 კოლონიიდან გეგუთის ციხეში 12 მაისს გადაიყვანეს. 13 მაისს კი პატიმარი სასიკვდილო დაზიანებებით ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში მოხვდა, სადაც გარდაიცვალა.

როგორც გაზეთ "პრაიმ ტაიმს" კორტავას ოჯახის წევრებმა განუცხადეს, გეგუთის ციხის პატიმრები, რომლებსაც კორტავას წამებას აბრალებენ, ბუნტით იმუქრებიან.

გარდაცვლილის ნათესავის, მანანა ლორჩოშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

"პატიმრებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რასაც მათ აბრალებენ, ეს არ არის სიმართლე და არ უნდა დავიჯეროთ. თუ ამას ჩვენ დაგვაბრალებენ, შიმშილობას გამოვაცხადებთ, ბუნტს დავიწყებთ და აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლესო. პატიმრების მხრიდან ამ ბავშვის ცემის ფაქტის არც ჩვენ გვჯერა. მაინც, ყველა სიტუაციაში, თვითონ ადმინისტრაციაა დამნაშავე. ეს ბავშვი ერთი დღის გადმოყვანილია იმ ციხეში. ეტყობა შეურაცხყოფა მიაყენეს. ის სხვანაირი, თავმოყვარე, სამართლიანი ბავშვი იყო, იუკადრისა და ამიტომაც აწამეს და ცემეს სასიკვდილოდ. ციხის ადმინისტრაციის გაკეთებულია ეს ყველაფერი. მანამდე რუსთავის N6 კოლონიაში იხდიდა სასჯელს. როგორც პატიმრები ამბობენ, 12 მაისს გადმოუყვანიათ და 13-ში ღამე უკვე შეყვანილი იყო ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში", - განუცხადა მანანა ლორჩოშვილმა გაზეთ "პრაიმ ტაიმს".

ლორჩოშვილის თქმით, ლევან კორტავა რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა მოგვიანებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს. კორტავა ხონის საპატიმროში იხდიდა საჯელს. როგორც მანანა ლორჩოშვილი აცხადებს, ლევან კორტავას გათავისუფლებამდე ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 150 პატიმარს ციხის კარი გაუღეს და გააქციეს, მათ შორის იყო ლევან კორტავაც. ამ ფაქტის შემდეგ კორტავას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

"18 წლის ბავშვი შევიდა ციხეში და 24 წლის ასაკში სასტიკად ნაწამები გამოვასვენეთ იქიდან... სხეულის არცერთი ნაწილი არა აქვს მთელი... წამებაში აქვს სული ამოხდილი. კისერი გატეხილი აქვს, ელექტროშოკშია გატარებული და ეს პატიმრებმა გააკეთეს? ფეხის თითიდან დაწყებული, თმის ღერამდე ყველაფერი დაზიანებული აქვს", - აღნიშნა ლორჩოშვილმა.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ციხეებში დღესაც იგივე ადამიანები მუშაობენ და პატიმრების წამება ისევ გრძელდება.

"ვერ წარმოვიდგენდით ციხის ამბების შემდეგ წამება თუ ისევ გაგრძელდებოდა. ციხეებში სადისტები მუშაობენ, ამ ხალხს ადამიანების წამება სიამოვნებთ, ხმა ამოიღეთ, თორემ ისინი ყველას დახოცავენ, ისინი იზოლირებული უნდა იყვნენ. წამებით არის ეს ბავშვი მოკლული. ჩვენ არ ვიცით უშუალოდ ვინ მიიღო ამაში მონაწილოება. თავის დროზე, ფოთის სასამართლომ მიიღო ამ საქმეზე გადაწყვეტილება. ადრე ყველამ ვიცოდით, რომ უსამართლობის ზეიმი იყო, მაგრამ დღეს რატომ მეორდება იგივე?! ამ ყველაფერში, პირველ რიგში, ციხის ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს ვადანაშაულებთ. მოვითხოვთ, იმ დღის ყველა მორიგე იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული", - აცხადებს მანანა ლორჩოშვილი.

ლევან კორტავას მამა იმუქრება, რომ ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა და მკვლელები არ დაისჯებიან, გარდაცვლილ შვილს არ დაკრძალავს.

"დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოვითხოვთ, ჩვენ ამის ფინანსები არ გაგავაჩნია და გვინდა სახელმწიფო ამაში დაგვეხმაროს. სოზარ სუბარმა თავისი სიტყვები უკან წაიღოს. თითქოსდა პატიმრებმა მოკლეს ჩემი შვილი. ერთი თვეც რომ გავიდეს, არ დავმარხავთ", - აცხადებს გარდაცვლილის მამა, ბადრი კორტავა.

23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. პირველი ვერსიით პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ