"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს. 23 წლის თამთა, რომელიც ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა, მათი ერთადერთი შვილი იყო. ახლა თამთას ოთახში 10 წლის ნინი ცხოვრობს, თამთას საწოლში სძინავს და რუდუნებით უვლის მის დანატოვარ ნივთებს.

ლეილა ასათიანი, თამთა ლიპარტელიანის დედა: "ეს მოულოდნელად მოხდა. ჩვენი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ძალიან მონდომებული იყვნენ, რომ მე და ავთოს ბავშვი გვეშვილა. ერთხელ წამომცდა ბიძაშვილთან, თუ იქნებოდა ბავშვი, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, გავზრდიდი-მეთქი. მოგვიანებით ჩემმა ბიძაშვილმა ლეჩხუმში გაგვაცნო ოჯახი, სადაც რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ობლობაში იზრდება. დედა გარდაცვლილი ჰყავთ და ბავშვებს მამა ზრდის. ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს. ყველა ამბობდა, თუ მამა ერთ-ერთი ბავშვის გაშვილებას მოინდომებს, მადლი იქნებაო. ის ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა. ყველამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ბავშვის მომავლისთვის საუკეთესო ნაბიჯი. ნინი შემდეგ მიყვებოდა, როგორ გაიგო ამის შესახებ. შინ მიმავალს თურმე გზაზე და შეხვედრია და უკითხავს, თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა რომ გიშვილონ, თუ წაჰყვებიო. რატომაც არაო, უთქვამს გახარებულს.

სანამ ჩვენ გადავწყვეტდით ლეჩხუმში გამგზავრებას და მის ნახვას, რამდენჯერმე დაარეკვინა მამიდას, მნახონო. ერთ დღესაც წავედით და ვნახეთ ბავშვი, ჩვენი პირობები ვუთხარით, მათ თავისი გვითხრეს და როცა დავაპირეთ წამოსვლა, ბავშვმა აღარ მოისურვა მშობლიურ სახლში დარჩენა და წამოგვყვა. ყველა ამბობს, ეს ბავშვი თქვენს სახლში თამთამ მოიყვანაო.

- ნინის ძალიან ამსგავსებენ თამთას, თქვენც ამჩნევთ ამ მსგავსებას?

- თამთას იმდენად არ ჰგავს, რამდენადაც მე მამსგავსებენ. თვალის ფერი მართლაც ერთნაირი გვაქვს. ახლობლები მეუბნებიან, თამთა მამას ჰგავდა, ნინი კი შენ გგავსო.

- როგორ შეეგუეთ ერთმანეთს?

- როგორც კი შემოვიდა ნინი ჩვენს ოჯახში, ისე იქცეოდა, თითქოს აქ დაიბადა და გაიზარდა, არც გაუცხოება გვქონია.

- დედას გეძახით?

- არ გვითხოვია, აუცილებლად დედა ან მამა დაეძახა ჩვენთვის. როცა ნათესავები ეუბნებოდნენ, ხომ იცი, ლეილას და ავთოს დედა და მამა უნდა დაუძახოო, ვსაყვედურობდი, თუ გინდა, ბებო დამიძახოს-მეთქი. თავიდან, როცა ნინი ტელეფონს პასუხობდა და ეკითხებოდნენ, ვინ ხარო, ლეილას და ავთოს შვილი ვარო, - ამბობდა, მაგრამ ერთი კვირა ლეილა დეიდას მეძახდა. შემდეგ თავისუფლად და რაც მთავარია, ბუნებრივად დედა დამიძახა, ჩემს მეუღლეს კი - მამა. რომ იცოდეთ როგორი თბილი და მოსიყვარულე ბავშვია.

ნინის ზრუნვა სჭირდებოდა და ჩვენც სიამოვნებით ვიკისრეთ ეს: ხან თერაპევტთან წავიყვანეთ, ხანაც სტომატოლოგთან და ამან ძალიან დაგვაახლოვა. ავთოც ძალიან უყვარს ნინის. თამთას საფლავზე რომ მიდის, უნდა ნახოთ, რას აკეთებს. მე აღარ მაცდის თამთას საფლავზე კანდელის, სანთლის ანთებას, ყველაფერს თვითონ აკეთებს. ყვავილებს რწყავს, თამთას სურათს გადაწმენდს ხოლმე.

- თამთას გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში ნივთებისთვისაც კი არ შეგიცვლიათ ადგილი, ახლა იქ ნინი ცხოვრობს?

- ნინი თამთას ოთახში ცხოვრობს და მის საწოლზე წევს. სახლში და განსაკუთრებით მის ოთახში, თამთას ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს. ალბათ, ეს ნორმალური არ არის, მაგრამ რა ვქნა, ამას ვერ გადავეჩვიე. ნინის ვკითხე, ამდენი ფოტო ხომ არ გაშინებს-მეთქი და არაო, მიპასუხა. რამეს რომ აჩუქებენ, მივა და თამთას სურათთან დებს. ასე მგონია, რომ უყვარს თამთა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია