ვანოს კვარიათული თამაშობანი

ვანოს კვარიათული თამაშობანი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში N5 საკანში იხდის სასჯელს. ციხეში მის შეყვანას პატიმრების შეძახილები და ლანძღვა-გინება მოჰყვა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვანები კმაყოფილებას ვერ მალავენ. მერაბიშვილის მიყვანა ალბათ, ბაჩო ახალაიასაც გაუხარდებოდა - ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მათ დაპირისპირებაზე...

მერაბიშვილს პროკურატურამ მძიმე ბრალდებები წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებით, მას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, ულამაზეს ადგილას, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, ფეშენებელური სახლის მითვისებაში ადანაშაულებენ...

მერაბიშვილისთვის ამ ბრალდების წაყენებისთანავე 2009 წლის სექტემბერი გამახსენდა. მაშინ კვარიათში ჩურჩულებდნენ, როგორ წაართვა მეპატრონეს სახლი მერაბიშვილმა. მეზობლები წუხდნენ, რომ ხშირად პრობლემები ექმნებოდათ ვანოს დაცვის წევრებთან და იძულებული იყვნენ, მათ დირექტივებს დამორჩილებოდნენ.

2009 წლის სექტემბერში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის სამდღიანი სემინარი კვარიათში გამართა. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად სასტუმრო "კვარიათში" დაბინავდა, ამ სასტუმროში დაგვაბინავეს ჟურნალისტებიც. იმ დროს იქ ისვენებდა გელა ბეჟუაშვილიც ოჯახთან ერთად. ყველა საუბრობდა, რომ სასტუმრო "კვარიათი" ბეჟუაშვილების საკუთრება იყო და სტუმრები არასოდეს აკლდა. გელა ბეჟუაშვილსაც ზღვა ძალიან ჰყვარებია. ზღვის სანაპიროზე ხშირად ვხედავდით დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად.

6 სექტემბერს, ჩვენი იქ ყოფნის დროს, შევიტყვეთ, რომ ციხიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულნი: ალანია, ღაჭავა და ბიბილური გაათავისუფლეს... დღის მეორე ნახევარში სანაპიროზე ჟურნალისტებიც გავედით. ჩვენს მხედველობას არ გამოჰპარვია გვერდით მდებარე სახლის აივანზე გადმომდგარი დათა ახალაია და ვასილ სანოძე, რომლებიც ზღვის ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ. ვიღაცამ ისიც თქვა, გირგვლიანის მკვლელების ჩამოსვლას ელოდებიანო. ამ ინფორმაციამ ინტერესი გამიმძაფრა. ცოტა ხანში ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სანაპიროზე დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან ერთად, თეთრ პარეოში თაკო სალაყაია ვიხილეთ. დაცვამ მას შეზლონგი გაუშალა და თაკოც წამოწვა. სანოძე ზღვაში შევიდა, დათა თაკოსთან დარჩა და რაღაცაზე საუბრობდნენ. უცებ სანაპიროსთან შავი ავტომობილი გამოჩნდა, რომელსაც თავად მინისტრი მერაბიშვილი მართავდა. მანქანა ეზოში დააყენა და კამპანიას შეუერთდა...

ჩემი კოლეგების ერთი ნაწილი ჯოკერის თამაშით იყო გართული, მაგრამ ვანოს გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია. სასწრაფოდ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, ამის გაკეთება მერაბიშვილის გამოჩენამდეც მინდოდა, მაგრამ დაცვა ისე მიბრიალებდა თვალებს, ცოტა არ იყოს, შევშინდი. ახლა ძველ დაცვას მერაბიშვილის დაცვაც დაემატა და წესით, გადაღება ვერ უნდა გამებედა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა - ჩემი კოლეგებისგან ცოცხალი კედელი აღვმართე და "ფოტოსესიით" დავკავდი. ჟურნალისტებიც კეკლუცად პოზირებდნენ და საშუალებას მაძლევდნენ, მერაბიშვილისთვის დრო და დრო "ჩამეჩხაკუნებინა". ვანოს დიდხანს არ შეუქცევია საუბრით თავი, ადგა და ზღვაში შეცურა. ცოტა ხანში მეუღლესთან დაბრუნდა და ისინი განმარტოვდნენ... ამასობაში დაცვის წევრებმა მინისტრისთვის შავი სკუტერი გამოიყვანეს, ვანომ გეზი თურქეთის მხარეს აიღო. სულ მალე თვალთახედვის არეს მიეფარა და მზის ჩასვლისას დაბრუნდა. სავარაუდოდ, შავ ზღვაში ძალიან შორს გასული შინაგან საქმეთა მინისტრის უსაფრთხოებაზე მისი დაცვის წევრები ზრუნავდნენ - მერაბიშვილის სანაპიროზე დაბრუნებისთანავე მისი სახლის სიახლოვეს პარაშუტით მამაკაცი ჩამოფრინდა, სავარაუდოდ, ეს დაცვის წევრი უნდა ყოფილიყო...

მაშინ მეზობლები ამბობდნენ, რომ ამ სახლში მერაბიშვილმა რემონტიც გააკეთა, ავეჯიც გამოცვალა. მეტიც, მეზობელთან საზიარო სახლთან მისასვლელი გზა რომ არ ჰქონოდა, ცალკე გზა გაიყვანა, და აგარაკიდან ზღვამდე არხიც კი გაჭრაო. მის სახლს მუდმივად იცავდა დაცვა. მეზობლები ამბობდნენ, ყოფილ ჩინოსანთა სკუტერებით შეჯიბრების თვითმხილველებიც ხშირად ვართო. მოკლედ, წლების მანძილზე მინისტრსა და მის გარემოცვას იმ სახლში ხშირად ხედავდნენ. თურმე სოსო თოფურიძესაც ჰქონია პატივი, იქ დაესვენა...

ბრალდების მტკიცებით, შს მინისტრმა 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახლის მესაკუთრე დააკავა და თითქმის 4 წელი უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკი შს სამინისტროს ასიგნებებით გაარემონტა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, მერაბიშვილმა გამოიყენა საიდუმლო ხარჯები. მისივე განკარგულებით, იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. შედეგად, საქართველოს 158 ათასი ლარის ზიანი მიადგა. სახლის მეპატრონე "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ლობჟანიძე იყო. მან სახლი 1999 წელს ააშენა და სიდედრის - ფატი ფერაძის სახელზე გააფორმა. ზურაბ ლობჟანიძე ოჯახთან ერთად წლებია შვეიცარიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ჩვენ მას იქ დავუკავშირდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

სახლი, რომელიც მერაბიშვილმა სპეცრაზმის ძალით დაიკავა - აგარაკი გადაუხდელი გადასახადებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა