როგორ გადაარჩინა ჟურნალისტი 2011 წლის 26 მაისს ოთარ ასათიანის ოჯახმა

როგორ გადაარჩინა ჟურნალისტი 2011 წლის 26 მაისს ოთარ ასათიანის ოჯახმა

2011 წლის 26 მაისს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე "აჭარა PS"-ის ჟურნალისტი ნუგზარ ჟორდანია დარბევას ერთმა თბილისურმა ოჯახმა გადაარჩინა. ამის შესახებ ჯურნალისტი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ყვება.

"მიტინგზე ვითარება გვიან საღამოს დაიძაბა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერიმეტრი სპეცრაზმელებით იყო ალყაშემორტყმული, თუმცა ფეხის მოცვლას არავინ აპირებდა. ის იყო, რედაქტორს მორიგი ინფორმაცია მივაწოდე, რომ ჯოჯოხეთიც დაიწყო... ძალა აღმართს ხნავსო, - ნათქვამია და იმ ძალას, რომელიც სისხლსა და ძალის დემონსტრირებას მოწყურებულმა "მაგარმა მიშამ" და "ყოვლისშემძლე ვანომ" რუსთაველზე გამოიყვანეს, წინ ვერავინ აღუდგებოდა...

როცა ნიღბიანმა ხელკეტით ჩემკენაც გამოიწია, ქაშუეთთან დავეშვი, მანქანებს შუა გავძვერი და ოდნავ შეღებულ ალაყაფის კარში შევვარდი. ეზოში მიმოვიხედე, არც ერთ ბინაში შუქი არ ენთო. მხოლოდ სიღრმეში შემინული კარიდან გამოდიოდა სინათლე. ფიქრის დრო არ იყო და კარზე დავაკაკუნე. უმალ გამიღეს. ჩემ წინ საშუალო ხნის მამაკაცი იდგა. არც დაფიქრებულა, ისე შემიშვა შინ. წყალი წურწურით ჩამომდიოდა და თავისი ტანსაცმელი მომაწოდა.

ცოტა ხანში ეზოში სპეცრაზმელები შემოცვივდნენ. ეტყობა, სინათლე რომ დაინახეს, კარზე დააკაკუნეს და ოჯახის უფროსს ჰკითხეს, ვინმე ეზოში შემოსული ხომ არ დაგინახავთო. მასპინძელმა დაარწმუნა, რომ უცხო არავინ შეუნიშნავს. შიშმა ამიტანა, ვაითუ ბინა გაჩხრიკონ, მაშინ ხომ საკუთარ თავსაც და ამ ღვთისნიერ კაცსაც საფრთხეში ჩავაგდებ-მეთქი, მაგრამ მასპინძელი იმდენად მშვიდად იქცეოდა, რომ სპეცრაზმელები უკან გაბრუნდნენ. მერეღა გამეცნენ ჩემი გადამრჩენელი და მისი მეუღლე - პროფესორი ოთარ ასათიანი და ქალბატონი ლეილა. ალბათ, სიცოცხლე იმისთვისაც ღირს, რომ ასეთი ადამიანები გაიცნო. მჯერა, იმ დღეს ჩემს ქვეყანას ათასობით სხვა ოთარ ასათიანიც ჰყავდა და სწორედ ამან დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი", - იხსენებს ნუგზარ ჟორდანია.

ჟურნალისტის თქმით, იმ ღამეს ასათიანების ოჯახმა აქციის მონაწილე კიდევ ორი ახალგაზრდა გადაარჩინა.

"ცოტა ხანში ეზოში ორი ტალახში მოსვრილი ახალგაზრდა შემოვარდა. ბატონი ოთარი ეზოში გავიდა, დაბრუნებულმა მეუღლეს უთხრა: ორი ბიჭია, საკუჭნაოში დავმალე, მშრალ ტანსაცმელს გავუტან, შენ ჩაი და რამე საჭმელი მომიმზადეო... დილით სააკაშვილის სამარცხვინო აღლუმის ხმამ გამოგვაღვიძა. ბიჭები წასულიყვნენ, ქალბატონ ლეილას ჩემი ტანსაცმელი გაეშრო და დაეუთოებინა", - აცხადებს ნუგზარ ჟორდანია.

მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხება პირველად სწორედ ოთარ ასათიანს მიულოცა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია