"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"

"დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას"

"მე ვთქვი, რომ ქვეყანაში არასათანადო სისხლის სამართლის პროცესები მიმდინარეობს და ეს შემთხვევით არ მითქვამს... ოპოზიცია ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებს, მაგრამ ეს მათთვის დამახასიათებელი ზურგის ენით მოფხანის პოლიტიკაა, რომლითაც წლების განმავლობაში ყველაფერს "აპრავებენ". სინამდვილეში, ყოფილი ხელისუფლებიდან მხოლოდ ბაჩო ახალაია იხდის სასჯელს, მეორე - ვანო მერაბიშვილი დააკავეს ახლახან, დანარჩენები მხოლოდ იდევნებიან. ანუ სასამართლომ მაღალჩინოსნები "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად" დაყო, "ჩვენიანებს" თავზე ხელს უსვამენ და მათზე ძებნას აცხადებენ, მაგალითად, კეზერაშვილსა და ეზუგბაიას, ხოლო ვინც საქართველოშია, გირაოთი ათავისუფლებენ", - აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი. ის კოალიციის მიერ დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მის შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

- სასამართლო რეფორმა იმისთვის გვინდოდა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება ყოფილიყო. მე აღფრთოვანებული არ ვარ იმ კანონით, რომელიც პარლამენტმა მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ. ბოლოს მასში შესული ცვლილებებით ის გასცდა ვენეციის კომისიას. ჩვენმა კოლეგებმა სიამაყით განაცხადეს, უფრო შორს წავედით, ვიდრე ვენეციის კომისია გვაძლევდა რეკომენდაციასო, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ "შორს წასვლას". ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს მართლმსაჯულების ხარისხის დაცემას გამოიწვევდა. თუ გირაოთი გარეთ გამოშვებულ მერაბიშვილს ვნახავდით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის წინა ხელისუფლების მეგობარმა მოსამართლეებმა გაასამართლეს, მაგრამ ახლა ისევ "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად" დაყოფილი სასამართლო ვიხილეთ.

- პრეზიდენტის თქმით, საქმე გვაქვს რევანშთან...

- ბატონ მიშას მინდა შევახსენო, რევანში და დევნა მათ დროს იყო, თუ იყო. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი თვეში რამდენი მინისტრი დაიჭირეს? შევადაროთ ჩვენ მიერ დაჭერილი მინისტრების რაოდენობას...

- შესაძლოა, გამოძიება პრეზიდენტამდეც მივიდეს?

- ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად რომ ვერ მიიღებდა, ეს უდავოა. ისე კი, მე დავთანხმდებოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებას, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას... თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილს მერაბიშვილის დაპატიმრების გამო მაინცდამაინც დიდ სევდას ვერ ვატყობ. ბოლო დროს მათი ურთიერთობა ძველებური შეხმატკბილებულობით აღარ გამოირჩეოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში პრაიმერის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ვანო მერაბიშვილი სახელდებოდა, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" ვინც დედამ დაწყევლა, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, არ დამიჭიროთო, მაგრამ მაგას ვინ ჭამს. "ნაციონალების" მიერ დასახელებული კანდიდატებიდან არც ერთს არ აქვს შანსი. ეს შუალედური არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, როცა მეორე ადგილზეც ვერ გავიდნენ.

- ოპოზიციამ განაცხადა, რომ სა­ქართველოს სირიად გადაქცევის საფრთხე ემუქრება...

- რას გულისხმობენ? იქ სამოქალაქო ომია და აქ მე ვერ ვხედავ ომის ნიშნებს. თუ ამით ისინი გვემუქრებიან, პასუხსაც მიიღებენ, პასუხი კი ასეთი იქნება: ნულოვანი ტოლერანტობა "ნაციონალურ მოძრაობას!", - ყველანი ციხეში! წარმატებებს ვუსურვებ, მათი ადგილი ნამდვილად იქ არის.

- ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკვე მოჰყვა "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარის შეშფოთება... ოპოზიციის განცხადებით, ამ ხე­ლისუფლებამ აირჩია გზა, რომელსაც მარტო დარჩენისკენ მივყავართ და ამას ამტკიცებს 17 მაისის აქციის შე­დეგებიც...

- ჩემი ფანტაზია ისე შორს არ მიდის, რომ ვანო მერაბიშვილი სექსუალურ უმცირესობას მივაკუთვნო, მაგრამ ვისაც რაზე უნდა, იმაზე დავუდებ ნაძლევს, რომ მას ისე აქტიურად არ დაიცავენ, როგორც სექსუალურ უმცირესობას. რაც შეეხება დასავლეთის შეფასებას 17 მაისის მოვლენებზე, რომ ჯერ კიდევ არ ვართ მზად ევროკავშირში შესასვლელად, - ჩვენ არასდროს ვიქნებით მზად, შევეგუოთ სექსუალური უმცირესობის აშკარა გამოვლინებას. ყველა ქვეყანას აქვს მორალური სტანდარტები, ჩვენთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არის სხვათა უფლების დარღვევა. თავის პრივატულ გარემოში სასურველი ნების გამოხატვას არავის ვუშლით, მაგრამ ღია გამოხატვის წინააღმდეგი ვართ და ვიქნებით. მე არ მსურს, ჩემი შვილები მათი მორალით აღიზარდონ, მიმაჩნია, რომ ჩემი მორალი უკეთესია. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ორი სამარცხვინო აქცია, შინაარსით სამარცხვინო იყო ლგბტ-ს აქცია, ფორმით კი - კონტრაქცია. მათ თავიანთი უბედურება ეყოფოდათ და მათზე მოიერიშე გავეშებული ბრბოს საქციელი, უბრალოდ, არაკაცობაა... მაპატიეთ და ფეხებზე მკიდია, ამას დასავლეთი როგორ შეაფასებს, მაგრამ მე თბილისში არც ამსტერდამი მინდა და არც ირანი, მე საქართველო მინდა და მართმლადიდებლურ პრინციპებში არ ჯდება, როდესაც მღვდელი დედას იგინება და ვიღაცას საცემად მისდევს. დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა