სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"

სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"

"მერაბიშვილის საკანი პატიმრის უსაფრთხოების მიზნით ვიდეოთვალით კონტროლდება", - განგვიცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მას (როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველს) უპირველესად 17 მაისს მომხდარის შეფასება ვთხოვეთ:

შარშან ლგბტ-ის აქციის მონაწილეებსა და მათი აქციის ჩაშლის მსურველებს შორის კონფლიქტი მოხდა, ბევრი ადამიანი დაშავდა და პოლიცია განზე იდგა. იმ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს, რომლებიც დღეს მთელი ხმით გაჰყვირიან, მაშინ ხმა არ ამოუღიათ. ამბობენ, 17 მაისს უფრო მეტი პოლიციელი რომ გამოსულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ამდენი კონტრაქციის მონაწილე მოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, ქვების სროლა და მანქანების დამტვრევა განზრახული არავის ჰქონია, მაგრამ ხალხი რომ შეიკრიბა, ვიღაცამ მწვავე განცხადება გააკეთა და ემოცია ადუღდა. როდესაც შეკუმშული ზამბარა იშლება, სანამ ბოლომდე არ გაიშლება, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.

ქართველი საზოგადოება შეკუმშული ზამბარის მდგომარეობაში იყო 9 წლის განმავლობაში და ეს ზამბარა ახლა იშლება. ამის გამოხატულებაა 17 მაისის აქციაც და ისიც, რომ ზესტაფონის ბაზრის თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ, "ფეროს" თანამშრომლები იფიცებიან, პატიმრები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებენ.

ახლა ემოციამ გასაქანი პოვა და ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა. ეს პროცესი თანდათან ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. სახარება არ გვასწავლის ვინმეს დარბევას. სიყვარულის ნაკლებობა დასჯადი არ არის. დასჯადია უკანონო ქმედება. მღვდელი რომ სკამით დარბის, ეს ორგვარად შეიძლება გავიგოთ, ეს სკამი ვიღაცისთვის დასარტყამად უნდა ან ვიღაცას ხელიდან გამოჰგლიჯა, რომ სხვა არ დაეზიანებინა. ამ შემთხვევაში ემოციიდან კი არ უნდა გამოვიდეთ, არამედ მტკიცებულებებიდან. არც ერთი პირი, რომელზეც მტკიცებულებები იქნება, რომ კანონი დაარღვია, დაუსჯელი არ დარჩება.

ხშირად ამბობენ, - ეკლესიას არა აქვს უფლება, სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩაერიოსო. ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეკლესია არ ახდენდეს გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. ერის ზნეობაზე ზრუნვა ეკლესიის მოვალეობაა, მაგრამ როდესაც მღვდელმსახურთა ქმედებები ძალადობაში გადადის, ეს აღარ არის ქრისტეს სწავლება.

- წარმოიდგენდით, რომ მერაბიშვილი თქვენდამი დაქვემდებარებული უწყების პატიმარი იქნებოდა?

- მერაბიშვილი რომ პატიმარი იქნებოდა, ნათლად წარმომედგინა, ისევე როგორც კიდევ არაერთი, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებული.

მერაბიშვილი "მატროსოვზე" ერთკაციან საკანშია. ის შს მინისტრი და პრემიერი იყო და ვერ შევიყვანდით იმ საკანში, სადაც მისი დაჭერილები სხედან, მაგრამ ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები.

- ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს ასევე შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დაპირისპირებულია ვანო მერაბიშვილთან.

- ბაჩო ახალაიაც იმავე ფლიგელში და იმავე სართულზეა, თუმცა მათ ერთმანეთთან შეხება არა აქვთ.

- ითქვა, რომ მერაბიშვილის "მატროსოვზე" მიყვანას ხმაური და გადაძახილი მოჰყვა.

- არანაირი გადაძახილი არ ყოფილა. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი და ბაჩო ახალაია ერთ შენობაში გვყავდა, მათაც არ ჰქონიათ შეხება, მაგრამ დერეფანში გავლისას ოქრუაშვილმა ორჯერ რაღაც დაიყვირა და კაციშვილმა არ იცის, გაიგონა თუ არა მისი შეძახილი ბაჩომ. ამას ვერც საზოგადოება გაიგებდა, ერთ-ერთ მათგანს რომ არ ეტრაბახა, ვაგინეო. იმისათვის, რომ ერთმა პატიმარმა მეორეს არ დაუყვიროს ან არ შეაგინოს, ინდივიდუალურ ციხეს ვერ ავაშენებთ.

- რამდენად დაცულია ციხეში მერაბიშვილის უსაფრთხოება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თეა თუთბერიძე გამუდმებით ლაპარაკობს ბაჩო ახალაიასთვის მოსალოდნელ საფრთხეზე.

- დაცულები არიან. ვანოც დაცულია და ბაჩოც. "მატროსოვზე" რემონტი მიმდინარეობდა და ბაჩო ახალაია მერვე საპყრობილეში დროებით გადავიყვანეთ... სამჯერ იყო შემთხვევა, რომ პატიმრებმა, რომლებიც მის ფანჯარასთან გაატარეს, რაღაც დაიყვირეს. ეს ბაჩოსა და მის მეგობრებს არ ესიამოვნათ, მაგრამ იმ პატიმრებსაც არ სიამოვნებდათ ის, რასაც ბაჩო და სხვა ბრალდებულები უკეთებდნენ, - აუპატიურებდნენ, სცემდნენ და ცოცხებით აწამებდნენ. ყოფილი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ქუჩაში არ გაესვლება... ქორწილებსა და ქელეხებზე აღარ ვლაპარაკობ.

- არ აპირებთ მერაბიშვილის მონახულებას?

- თუ საჭიროდ ჩავთვლი ან მისი სურვილი იქნება, მოვინახულებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა