ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი

ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი

ადვოკატთა ასოციაცია, მისი პრეზიდენტის - ზაზა ხატიაშვილის ხელმძღვანელობით, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, კერძოდ, ადვოკატთა უუფლებობას აპროტესტებს და პარლამენტს იმაში ადანაშაულებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას, ადვოკატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება უცვლელად დატოვა.

ზაზა ხატიაშვილი:

- ყველამ იცის, სააკაშვილის რეჟიმმა ადვოკატების დევნა რომ განახორციელა. ადვოკატთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე მეტი დააპატიმრეს. მსოფლიოში უპრეცედენტო ფაქტი იყო - 157 ადვოკატი გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმმა! ევროპის ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, ადვოკატის უფლებები ძალიან დაკნინებულია, მხარეთა თანასწორობის პრინციპი დარღვეულია და ეს უნდა გამოსწორებულიყო. ეს შეფასება 2012 წლის 3 ნოემბერს გაკეთდა, როცა საქართველოში უკვე ახალი ხელისუფლება მოვიდა. იუსტიციის სამინისტრომ ეს შენიშვნები გაითვალისწინა და სს საპროცესო კოდექსის ცვლილებების პაკეტი შეიტანა პარლამენტში, პარლამენტმა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლის ამოქმედება დაბლოკა. ამ კანონპროექტით ადვოკატს თითქმის იგივე უფლებები უნდა ჰქონოდა, რაც პროკურორს. დღეს მოქმედ კოდექსში წერია, რომ დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. ადვოკატები სრულყოფილად ვერ დაიცავენ კლიენტს, თუ მხარეთა თანასწორობის პრინციპი არ იქნა დაცული. ეს კარგად იცის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. პირველი მოსმენით, მისი საკანონმდებლო ინიციატივა გავიდა პარლამენტში, მაგრამ მერე ქურდულად "დაბლოკეს" მნიშვნელოვანი ცვლილება.

შს სამინისტროსა და პროკურატურას არ აძლევდა ხელს ამ მუხლის ამოქმედება, პარლამენტმა კი ამით, ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს ცნების ძირითადი - დაცვისა და ბრალდების თანასწორობის პრინციპი დაარღვია. მეორე მოსმენის დროს, ადვოკატის უფლება - მიმართოს სასამართლოს ამოღებისა და ჩხრეკის მოთხოვნით - 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე არ ამოქმედდება. იქვე მითითებულია: "დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის ან ნივთიერების, ასევე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება ენიჭება ბრალდების მხარეს". ღია წერილი მივწერე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს, მაგრამ არც ერთი არ გამომეხმაურა. ასეთი უუფლებო როგორ შეიძლება იყოს დაცვა?! მრცხვენია იმ ადვოკატების მაგივრად, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. ეკა ბესელიას გარდა არავის აღმოაჩნდა იმდენი გამბედაობა, რომ მხარი დაეჭირა ადვოკატთა ასოციაციისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა შავგულიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებებს. მიაჩნია, რომ სს საპროცესო კოდექსში დაცვისა და ბრალდების მხარეების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ყველაფერი გაკეთდა.'

შალვა შავგულიძე:

- იუსტიციის სამინისტრომ დახვეწილი პროექტი შემოიტანა და პარლამენტმა უკვე მიიღო, სამივე მოსმენით. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს არჩეული ადვოკატის პროცესში მონაწილეობას. ადრე, საკმარისი იყო, თუნდაც ერთი სხდომა გაეცდინა ადვოკატს, მოსამართლე მაშინვე სახაზინო ადვოკატს ნიშნავდა, სურდა ეს თუ არა ბრალდებულს. ეს წესი შეიცვალა: ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომა 10 დღით გადაიდება, და როცა ბრალდებულის აყვანილი ადვოკატი დაბრუნდება, სახაზინო ადვოკატი საქმეს გამოეთიშება. ასევე მანკიერი ნორმა იყო ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება. ესეც გაუქმებულია. ირიბი ჩვენება მაშინ არის მტკიცებულება, თუ შესაძლებელია წყაროს იდენტიფიცირება; ეს უნდა დასტურდებოდეს ასევე სხვა ჩვენებით. ყადაღის დადების გასაჩივრებაც იქნა შემოღებული: ყადაღა შეიძლებოდა დასდებოდა მესამე მხარის ქონებას, მაგრამ მას არ შეეძლო ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა, რასაც წინა ხელისუფლება იყენებდა. ახლა დაინტერესებულ სუბიექტს მიეცა გასაჩივრების უფლება, მიუხედავად იმისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეს წარმოადგენს თუ - არა. ასევე საყურადღებოა ექსპერტიზის საკითხი. თუმცა არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ინსტიტუტი, ყველა საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს მანკიერებაც გამოსწორდა - კერძო და სახელმწიფო ექსპერტიზების მიერ გაცემული დოკუმენტები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იქნება. ადვოკატს არ ჰქონდა უფლება, გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ ბრალდებულს შეეძლო 48 საათის განმავლობაში. ამიერიდან, ადვოკატს შეეძლება საქმის გასაჩივრება. ბევრი პოზიტიური ცვლილება იქნა მიღებული ამ პაკეტით და ეს ემსახურება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საერთაშორისო სტანდარტს ვუახლოვდებით.

- მაგრამ თქვენი ძველი კოლეგები 111-ე მუხლის გამო გაკრიტიკებენ.

- კანონი ადვოკატს უკრძალავდა ჩხრეკისა და ამოღების პროცესში მონაწილეობას. ეს მას არათანაბარ პოზიციაში აყენებს ბრალდების მხარესთან. თუმცა კანონში არის ამის საპირწონე ნორმა: ადვოკატს, გამონაკლის შემთხვევაში, უფლება აქვს, ისეთი მტკიცებულება წარადგინოს პროცესზე, რომლის შესახებ მეორე მხარემ ანუ პროკურატურამ არ იცის. ერთადერთი დათმობა, რომელიც თვით კანონპროექტის ინიციატორთა ანუ მთავრობის მხრიდან მოდიოდა, ის იყო, რომ დროებით შეჩერებულიყო ათიდან ერთი მუხლის ამოქმედება. მანამდე კი ძალაში რჩება დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, სასამართლოზე წარადგინოს მოულოდნელი მტკიცებულება. მართლა კარგი იქნებოდა, დღესვე ამოქმედებულიყო 111-ე მუხლის ეს ნორმა, მაგრამ არის გარკვეული მოსაზრებები, რომ ერთბაშად ძალიან იზრდება ადვოკატის უფლებები და ამისთვის გარკვეული მზაობაა საჭირო. რაც ჩამოვთვალე, ეს ცვლილებები არსებითად ზრდის ადვოკატის უფლებებს. ამის დაუნახაობა არ შეიძლება. ვფიქრობ, .აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა. ძალიან გაზრდილია ადვოკატთა უფლებები და ეს გამოიყენონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ