ლავრენტი ბერიას მკვლელობის მცდელობა და ირანში გადახვეწილი ქართველი

ლავრენტი ბერიას მკვლელობის მცდელობა და ირანში გადახვეწილი ქართველი

ცოტა ხნის წინ ("გზა" N19) ჩვენს ჟურნალში დაიბეჭდა სტატია - "ამბავი ირანში დაკარგულ მამასთან შეხვედრისა და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის შესახებ ანუ გთხოვთ, მოგვაძებნინოთ ამბის გმირები". ვინც აღნიშნული სტატია წაიკითხა, შევახსენებ, ხოლო ვისაც მაშინ გამორჩა, ახლა მოკლედ ვუამბობ, რა ამბავი გამიზიარა აზერბაიჯანელი ეროვნების რესპონდენტმა.

აზიზ ჯაფაროვის ბაბუას - თემურს მწყემსად უმუშავია ქართველ ვასილ ლაპიაშვილთან (მეურნეობის დირექტორი), საბჭოთა მეურნეობაში. ვასილი "განაკულაკეს" და მთელი ქონება ჩამოართვეს. ცხვრის ფარაც, რომელიც იმჟამად უკვე მეურნეობის საკუთრება გახლდათ, მანამდე მისი იყო. გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც რეპრესიები დაიწყო, ვასილმა საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. ახალციხიდან თურქეთში, შემდეგ - ირანში გადავიდა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა. საზღვრამდე აზიზის ბაბუაც მიიყვანა, შემდეგ გარკვეული რაოდენობის ოქრო აჩუქა და უკან გამოაბრუნა. თემურს ვასოს ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტია. რესპონდენტის თქმით, ვასოს 2 ქალიშვილი ჰყავდა, ერთი მათგანი - თამარი ოპერის მომღერალი გახლდათ, რომელიც ირანში საგასტროლოდ გაემგზავრა. ვასოს საკონცერტო აფიშაზე თავისი გვარი რომ ამოუკითხავს, მთელი ჯგუფი სტუმრად დაუპატიჟებია შინ. თამარისთვის რაღაცები გამოუკითხავს და როდესაც დარწმუნებულა, რომ მისი შვილი იყო, თავისი ვინაობაც გაუმხელია. ამის შემდეგ თამარს ბევრი უწვალია, რომ მამა სამშობლოში დაებრუნებინა...

მართლაც, 1960 წელს ვასო საქართველოში დაბრუნდა და მეგობარი თემურ ჯაფაროვიც მოიკითხა თურმე. რესპონდენტმა ეს ამბავი მამისგან იცოდა გადმოცემით და ბუნებრივია, მაშინვე ვივარაუდე, რომ შესაძლოა, მის მონათხრობში ბევრი უზუსტობა ყოფილიყო. ამიტომ ვცადე, ვასილ ლაპიაშვილის შთამომავლები მომეძებნა და უფრო ზუსტი და მეტი ინფორმაციაც მომეპოვებინა, მაგრამ სტატიის გამოქვეყნებამდე ჩემმა მოწადინებამ შედეგი არ გამოიღო. შემდეგ კი, თამარის შვილი - ბატონი ჯუნა (ჯუანშერ) ტატიშვილი დაგვიკავშირდა და ბაბუას შესახებ უამრავი საინტერესო რამ გვიამბო.

- თქვენს რესპონდენტს ბევრი რამ არასწორად სცოდნია. ძალიან "გაურომანტიკულებია" ბაბუაჩემის ამბავი. არც არის გასაკვირი - ამდენი ხანია გასული და თანაც, როგორც ჩანს, გადმოცემით იცის - თვითმხილველი არ არის და ამის გამო ბევრი უზუსტობა გაჰპარვია. თუმცა მადლობის მეტი რა მეთქმის... ჩემი წინაპრების შესახებ ამდენი რამ სცოდნია და თანაც, არ დაგზარდათ და ინტერვიუც მოგცათ.

- თქვენ დაგვიზუსტეთ... დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი გეცოდინებათ...

- ლაპიაშვილები ინგილოები ვყოფილვართ. ჩვენი წინაპრები XIX საუკუნეში გადმოსულან ქიზიყში და იქ დაფუძნებულან. ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და მეტსახელად ჩახირაანთ ეძახდნენ. თქვენს რესპონდენტსაც აქვს ნათქვამი (საკუთარი ინტერპრეტაციით), - ცახირაანთ ეძახდნენო... ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ მალხაზ ლაპიაშვილი, რომელსაც ჰყავდა 3 ვაჟი - ნიკო, ვასო (ბაბუაჩემი) და გიგო. ყველაზე უმცროსი, გიგო პაპა გახლდათ, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის წერილის გამო დახვრიტეს... არ არის გამორიცხული, რომ წერილი, რომელიც მას აღმოუჩინეს, წაკითხულიც არ ჰქონდა, რადგან "ჩეკისტებს" დაუკავებიათ ის ბიჭი, რომელსაც მასთან წერილი მიჰქონდა, შემდეგ შეუშვიათ ეს ბავშვი მასთან, თვითონაც უკან მიჰყოლიან და დაუჭერიათ. გიგო პაპა სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. რაც შეეხება ნიკო პაპას, ის ბანკის მმართველი გახლდათ. რევოლუციის დროს ფედერალებმა შესთავაზეს, - ფული გვჭირდება და ბანკი გაგვატეხინეო, მაგრამ ნიკომ შორს დაიჭირა. იმათ აღარაფერი უთხრეს, მაგრამ ერთ-ერთი ვახშმის (ანუ ქეიფის) შემდეგ, ნასვამი შესვეს სხვა ცხენზე. შინ მიმავალს გზაში ტერორისტმა ესროლა და დაჭრა. თავის ცხენზე რომ მჯდარიყო, სახლში მიიყვანდა და უშველიდნენ, რადგან ჭრილობა სასიკვდილო არ იყო. უცხო ცხენმა კი მთელი ღამე ატარა და სისხლისგან დაიცალა. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, ნიკოს ნეკროლოგი ილია ჭავჭავაძემ დაწერაო.

- გამოდის, 3 ძმიდან მხოლოდ პაპათქვენი - ვასო დარჩა ცოცხალი.

- ერთი ძმა დაუხვრიტეს, მეორე - მოკლეს. ფაქტობრივად, 12 ბავშვი დარჩა სარჩენი: ნიკოს - 3, გიგოს - 4 და თავისი - 5. ყველა ბავშვი ვასოს მისახედი იყო. სწორედ ამის გამო იტანდა ხელისუფლებისგან ზეწოლას. რომ გაქცეულიყო, ამდენ ბავშვს ვინ მიხედავდა?! ვასო პაპას ოჯახი მატერიალურად ძლიერი ყოფილა. გლეხები იყვნენ, მაგრამ - საკმაოდ მდიდრები. მესაქონლეობას მისდევდა ვასო პაპა. შეარჩევდა საჯიშე ყოჩებს და დედა ცხვრებს, მათ ერთმანეთთან აჯვარებდა, დანარჩენ სახორცე ცხვარს კი ყიდდა. საქართველოს "გასაბჭოების" შემდეგ ვასო პაპას ჩამოართვეს ფარაც და ორსართულიანი სახლიც სოფელ მირზაანში. ნიკო ფიროსმანის კარის მეზობელი ყოფილა - ერთი ღობე ჰყოფდათ თურმე. სახლიდან ყველაფერი გაყიდეს და ცარიელი კედლები დაუბრუნეს. თავიდან მოაწყო სახლი და საცხოვრებლად ისევ ვარგისი გახადა. ისევ ჩამოართვეს... ასე გამეორდა რამდენჯერმე. მერე თბილისში რამდენიმე ბინა იყიდა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. მის მიერ დატოვებული სახლებიდან ახლა მხოლოდ ერთია შემორჩენილი - გოგოლის ქუჩაზე, სადაც ჩემი დეიდაშვილი და მისი ვაჟი ცხოვრობენ. ვასო პაპა თავისსავე ფარაში, რომელიც საბჭოთა მეურნეობაში გააერთიანეს, ზოოტექნიკოსად მუშაობდა და არსად გაქცევას არ ფიქრობდა. არც საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აპირებდა ბრძოლას. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოყალიბდა ხირსის საბჭოთა მეურნობა და ასე ვთქვათ, საზეიმო გახსნაზე დასასწრებად ლავრენტი ბერია ჩამოვიდა. პაპას დაუნახავს, ვაგონიდან რომ ჩამოდიოდა. ჯიბეში მუდამ ჰქონდა მაუზერი. უფიქრია, - ახლა კი გამოვასალმებ სიცოცხლეს ამ ქვეყნის დამაქცევარსო, - და ხელი ჯიბისკენ წაუღია. ბერიას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი მოძრაობა და უკან შევარდნილა ვაგონში. თუმცა პაპას სახე დაუმახსოვრებია და, რა თქმა უნდა, მისი დაჭერა განუზრახავს.

ბერიას ერთ-ერთი თავისი მზვერავისთვის 20 დავალება მიუცია და ერთ-ერთი დავალება ვასოს მოკვლა ყოფილა. მზვერავი ჩასაფრებია კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში გადაუფიქრებია. შემდეგ უთქვამს, - 19 დავალება შევასრულე და ამ ერთის შეუსრულებლობას ბერია მაპატიებსო. გვარად ნაცვლიშვილი ყოფილა. როდესაც ეს ნაცვლიშვილი გარდაიცვალა, მისი ნეკროლოგი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ დიდი როლი ჰქონდა შესრულებული საბჭოთა არმიის მშენებლობაში. არ დაუწერიათ, რომ სინამდვილეში აზიის დაზვერვის შეფი იყო... რადგან ტყვიას გადაურჩა, ვასო პაპას დაჭერა განიზრახეს და ალბათ დახვრეტდნენ კიდეც. ერთ დღეს ვასოსთან მეურნეობაში კაცი მისულა, უწყება ჩაუბარებია და უთქვამს, - "ჩეკაში" გიბარებენო. პაპას მწყემსების ხელფასი ჰქონია დასარიგებელი და უთქვამს - ჯამაგირს დავარიგებ და წამოვალო. რაღაც თანხა ამ კაცისთვისაც უჩუქებია. სანაცვლოდ კი მას გულახდილად უთქვამს, - კარგ საქმეზე არ გიბარებენო. პაპამ მწყემსებს ფული დაურიგა და ისე, რომ შინ არ მისულა, საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. თან იახლა ერთი მწყემსი - როგორც ჩანს, თქვენი რესპონდენტის, აზიზის პაპა, რომელიც თურქეთის საზღვრიდან უკან გამოაბრუნა და თავისი ცხენიც გამოატანა, რომ არ ეთქვათ, - მეურნეობის ქონება საზღვარგარეთ გაიტანაო. ამის მიუხედავად, მაინც ამბობდნენ თურმე, 10 ათასი სული ცხვარი გადარეკა თურქეთშიო. იქ მეგობრები ჰყავდა და მათი იმედი ჰქონდა, მაგრამ იმათ უთხრეს, - ისეთი ხელშეკრულება გვაქვს საბჭოთა კავშირთან, რომ ვალდებული ვართ, დაგიჭიროთ და რუსეთს გადაგცეთ, ამიტომ ჯობია, ირანში გადახვიდე, იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებიო.

პაპამ აღმოსავლური ენები იცოდა. სანამ ახალგაზრდა იყო, მუშაობდა და გარკვეული სიმდიდრე იქაც დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვარიანტი ჰქონდა (მაგალითად, ავსტრალიაში წასვლის შანსი, სადაც მეცხვარეობა ძალიან იყო განვითარებული და დიდ წარმატებას მიაღწევდა), ირანიდან არ წავიდა, - საქართველოსთან ახლოს ყოფნა ერჩივნა. თუმცა ხიფათს იქაც გადაჰყრია: დაუჭერიათ და უთქვამთ, - კომუნისტი ხარ და უნდა დაგხვრიტოთო... - სამშობლოდან კომუნისტებს გამოვექეცი და მაგას როგორ მაბრალებთო?! - წინააღმდეგობა გაუწევია თურმე. შემდეგ ჰყვებოდა, - ფული ქამარში მქონდა ჩაკერებული, მოვიხსენი და გადავუგდეო. ასე გადაურჩა დახვრეტას ირანში.

- ოჯახთან მიმოწერა ან სხვა ფორმით რაიმე კავშირი თუ ჰქონდა?

- მიმოწერა ჰქონდა ბებიასთან და მერე - დედაჩემთან. როგორც კი ჩვენთან მისი წერილი მოვიდოდა, ცეკაში ძია შალიკოს - ნიკო პაპას ვაჟიშვილს იბარებდნენ. ეკითხებოდნენ, - რა წერია წერილშიო? - თითქოს წაკითხული არ ჰქონდათ. ჩვენს ოჯახში პარტიის წევრი ბევრი იყო და მასთან მიმოწერას სხვა ვერავინ ბედავდა.

- ვიცი, რომ მის დაბრუნებაში დედათქვენს - თამარს მიუძღვის დიდი წვლილი. როგორ მიაღწია ამას?

- როდესაც ვასო პაპა დაბერდა, ირანში, საბჭოთა საელჩოში, მებაღის დამხმარედ მუშაობდა. ელჩთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონია. ის ეუბნებოდა თურმე, - აქ დარჩი, საქართველოში რა გინდა, ვის ახსოვხარო? - ვასოს, დედას გაგზავნილი სურათი უჩვენებია, სადაც მთელი ოჯახი ვიყავით გადაღებული, - აი, ამდენი ადამიანი მელოდებაო... ბებია რომ გარდაიცვალა, ამის შემდეგ დედაჩემი გამუდმებით ცდილობდა, მამის ჩამოყვანის უფლება მიეღო. ისიც იხვეწებოდა, სამშობლოში დამაბრუნეთო... მანამდე საინტერესო ამბავი მოხდა: მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე ოპერიდან წავიდა საკონცერტო ბრიგადა. დედაჩემი ოპერის მომღერალი გახლდათ და სიაში ისიც იყო, მაგრამ ვიღაცას უთქვამს, მაგას მამა ჰყავს ირანშიო, და სიიდან ამოიღეს. ასე რომ, აზიზის მიერ ნაამბობი, თითქოს დედა ირანში იყო და მამამისს იქ შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საბჭოთა იდეოლოგიით, ალბათ მამა-შვილს რომ ერთმანეთი ენახათ, მეორე მსოფლიო ომის მიმართულება შეიცვლებოდა... თამარი წლების განმავლობაში იბრძოდა მის ჩამოსაყვანად. 1960 წელს დედამ გაგზავნა პირველი წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მამამისის რეაბილიტაციასა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. ირანიდან პაპაც გამუდმებით გზავნიდა წერილებს ამავე სამინისტროში, ამავე მოთხოვნით. განცხადებაზე მოვიდა პასუხი - ერთი წლის შემდეგ მოგვმართეთო. 1954-დან 1960 წლამდე მუდმივად ერთსა და იმავე პასუხს ვიღებდით - ფაქტობრივად, დაგვცინოდნენ. ერთ დღეს ჩვენს ოჯახში 2 კაცი მოვიდა. გვარებიც კი მახსოვს - მაისურაძე და ნიჟარაძე. გვითხრეს, - საერთაშორისო ჟურნალისტები ვართო... მაშინვე მივხვდით, რომ იტყუებოდნენ.

სხვათა შორის, XXI საუკუნეში, სულ ახლახან, ერთ-ერთი მათგანის - მაისურაძის ინტერვიუც ვნახე, სადაც არ დაუმალავს, რომ ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი იყო. დედას უთხრეს, - ერთი და იგივე განცხადება 3 მისამართზე უნდა გაგზავნოთ: საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და, კიდევ ერთი ასლი, ორგანიზაციაში - "საერთაშორისო კომიტეტი სამშობლოში დაბრუნებისთვის". ეს კომიტეტი ბერლინში იყო განთავსებული. 1 კვირაში მოვიდა წერილი მოთხოვნით, - გამოგვიგზავნეთ ცნობები საცხოვრებელი ადგილის ფართისა და იმის შესახებ, რომ მამას მატერიალურად უზრუნველყოფთო. ცნობები გავგზავნეთ და ერთ კვირაში ისევ მოვიდა პასუხი, - ვასო ლაპიაშვილი ამ დღეებში სამშობლოში გამოემგზავრება და დახვდითო. 1960 წლის მარტი იყო... დედა დახვდა ჯურფაში, ჩვენ კი - ნავთლუღის სადგურზე. ვასო 30 წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, უკვე საკმაოდ მოხუცი... დაბრუნებულს პასპორტი მანამდე არ მისცეს, სანამ მთელი დოკუმენტაცია არქივს არ ჩააბარა. ამიტომ, ოჯახში არანაირი საბუთი აღარ მოგვეპოვება. ჩამოსვლიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გარდაიცვალა.

- ვასოს დანარჩენი შვილების შესახებ რას გვეტყვით?

- თქვენს სტატიაში ნათქვამია, რომ მას 2 ქალიშვილი ჰყავდა. სინამდვილეში 4 ქალიშვილი ჰყავდა - ეკატერინე, თამარი (დედაჩემი), ელენე და მარიკა. ბოლოს ვაჟი - ნიკო შეეძინა. რადგან ბიჭი დაიბადა, - ბიჭი, ბიჭიო! - დასძახოდნენ და შერჩა ეს სახელი - ყველა "ბიჭიკოს" ეძახდა. ის საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი გახლდათ - ე.წ. "ბორჯომის ვაგზალი" მისი გაკეთებულია და ამის გამო სახელმწიფო პრემიაც კი მიიღო. დეიდა მარიკას ჰყავდა ერთი გოგო, რომელიც ადრე გარდაიცვალა. დეიდაჩემის, ელენეს მეუღლე 1943 წელს ჩამოვიდა ქერჩიდან და ჰყვებოდა - როგორ მოჰყვა ტყვიების წვიმაში. დაჭრილი გახლდათ და სხეულში უამრავი ტყვიის ნამსხვრევი ჰქონდა ჩარჩენილი. ამის შემდეგ დაიბადა ჩემი დეიდაშვილი - გივი. რაც შეეხება დეიდა კატოს, ის არ გათხოვილა. შეყვარებული ჰყავდა, ერთ ახალ წელს ერთად შეხვდნენ, მეგობრების სახლში. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, დეიდამ გაცილებაზე უარი უთხრა და ისიც ცალკე წასულა. მაშინ მოდური იყო მტკვარზე ნავით სეირნობა. ნავში ჩამჯდარა, ნავი ამობრუნებულა და კატოს შეყვარებული დამხრჩვალა... შესაძლოა, დეიდამ ვერ დაივიწყა შეყვარებული და ამიტომაც არ გათხოვილა. ელენე დეიდა ადრე გარდაიცვალა გულის მანკით და მისი 3 შვილი დეიდა ეკატერინემ დააყენა ფეხზე. ის ჰპატრონობდა ბოლომდე. გიგო პაპას ჰყავდა 4 შვილი - მალხაზი, თამაზი, ფარნაოზი (იგივე ფარნა, რომელიც თეატრის მხატვარი გახლდათ) და გოგი. გოგი ობოლი დაიბადა, რადგან როცა ის ქვეყანას მოევლინა, მამამისი უკვე დახვრეტილი იყო. ნიკოს 3 შვილი ჰყავდა - შალვა, თინა და ქეთო. ნიკოს ვაჟმა, შალვამ სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა...

- საკუთარ თავზე რას გვეტყვით?

- პროფესიით გეოლოგი ვარ. პაპა რომ ჩამოვიდა, უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. მყავს მეუღლე, ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი.

- როგორ გაიგეთ ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის შესახებ?

- ნიკოს შვილიშვილს, მერაბს დაურეკა ვიღაცამ და ჰკითხა, - სტატია ნახეთო? მერაბმა მე დამირეკა. ამასობაში ჩემს მეუღლესაც ყოფილმა თანამშრომელმა დაურეკა, - დედაჩემმა წაიკითხა სტატია "გზაში" და მგონი, თქვენს ოჯახზეაო. ჟურნალი მოვიძიე და გავეცანი. ასე აღმოვჩნდი თქვენთან. დიდი მადლობა, რომ მსგავს ამბებს უთმობთ თქვენს ფურცლებს.

მარი ჯაფარძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია