რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ფსიქიკურად დაავადებულმა მამამ შვილი გადმოაგდო. არსებული ინფორმაციით, დილის 7 საათზე დაბრუნებული გივი ჩიქობავა მძინარე ცოლ-შვილთან შევიდა, თვე-ნახევრის ჩვილი ხელში აიყვანა, ფანჯარა გამოაღო და ბავშვი გადააგდო. შემდეგ სამზარეულოში გავიდა და იქ მყოფ დედამისს უთხრა, რომ შვილი ღმერთს შესწირა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გივი ჩიქობავას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მის მეუღლეს კი ღრმა დეპრესია.
ბავშვის გადმოგდებიდან რამდენიმე საათში, რუსთავში მეორე ტრაგედია დატრიალდა - შვილმა დედ-მამა მოკლა. მსგავსი ტიპის დანაშაული (ოჯახის წევრის მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა) გასულ თვეებშიც დაფიქსირდა. რა არის ასეთი ტიპის დანაშაულის გაზრდის მიზეზი და როგორ შეიძლება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება? ამის შესახებ ფსიქოლოგი ნანა დათუკიშვილი გვესაუბრება.
- საერთო სოციალურმა მდგომარეობამ ადამიანების დიდ ნაწილში ღრმა დეპრესია გამოიწვია, რაც მათ ქცევაში ვლინდება. ასეთი დანაშაულების მომატება, შეიძლება, გარკვეულწილად იმას დავაბრალოთ, რომ ადამიანებს უამრავი სოციალური პრობლემა აქვთ, არიან დაუსაქმებლები, მათი შინაგანი ენერგია ვერ იხარჯება, ისინი ვარდებიან ღრმა დეპრესიაში, განსაკუთრებით მამაკაცები, რადგან მათი ფუნქციები სრულიად დეგრადირდება. მაგრამ დედის, მამის ან შვილის მოკვლა მსგავს პრობლემებს არ უნდა დავუკავშიროთ. რაც შეეხება აფექტს, რის გამოც ბევრი დანაშაული ხდება: ცნობილია ტემპერამენტის ოთხი ტიპი და მათი წარმომადგენლები აფექტში ჩავარდნის დროს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. ჩვილთან დაკავშირებით მომხდარის შემთხვევაში საქმე ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან გვაქვს. არ ვიცი, როგორია სამართლებრივი ნორმა. როცა ცოლ-ქმარი ფსიქიკურად დაავადებულია, მათი შეუღლების შემთხვევაში შვილების გაჩენა რამდენად გამართლებულია. როგორ მოუვლიან ისინი ბავშვებს? - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- პრაქტიკაში ასეთი ფაქტები თუ გაქვთ ან მსგავსი დანაშაულის ჩადენის საშიშროება ხომ არ დამდგარა?
- ასეთი დანაშაულის საშიშროება არ ყოფილა, მაგრამ მყავს ერთი პაციენტი, რომელიც შიზოფრენიითაა დაავადებული, მკურნალობს და საფრთხეს არ უქმნის არც ოჯახის წევრებს და არც საზოგადოებას. საკმარისია, მკურნალობა დროებით შეწყვიტოს, რომ მაშინვე უქმნის პრობლემებს თავის თავს და გარშემომყოფებს. რაც შეეხება დაავადებული მამაკაცის ქცევას, არავინ იცის, რა მოხდა მის გონებაში იმ წამს, როცა ბავშვის გადაგდების აზრი გაუჩნდა. ამბობს, რომ შვილი ღმერთს შესწირა, რაც მისი წარმოსახვის ნაყოფი და შედეგია. ასეთი რამ დაახლოებით 2 წლის წინაც მოხდა, როცა დედას ბავშვი ცემაში შემოაკვდა. ეს მისმა აფექტურმა მდგომარეობამ გამოიწვია, ჩაადენინა საშინელი დანაშაული. კანონმდებლობა რას ითვალისწინებს, არ ვიცი, მაგრამ საკითხავია, უნდა ჰყავდეთ შვილები სულიერად დაავადებულ ადამიანებს? თუ ჰყავთ, მათ ვინმე უნდა მეურვეობდეს. თანაც, შიზოფრენია თაობიდან თაობაზე გენეტიკურად გადადის, მემკვიდრეობითია. იწვევს ფსიქიკის მოშლას, ემოციების გაღარიბებას. ეს ისეთი დაავადებაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. შეიძლება ბავშვობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ რაიმე პირობა თუ შეიქმნა, უცებ იჩენს თავს. 99%-ით არსებობს იმის რისკი და შესაძლებლობა, რომ დაავადება შვილებზე გადავიდეს.
ეკა აბაშიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)