როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი

როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი

დამიანების უმეტესობას ლამის ცოცხალ არსებასავით უყვარს საკუთარი ავტომობილი და თუ ადრე ამ თვისებით მამაკაცები გამოირჩეოდნენ, დღეს მათ არც ქალები ჩამორჩებიან. თუმცა, როგორც ყველაფერში, გამონაკლისი ამ საკითხშიც არსებობს: დამტკიცებულია, რომ ზოგიერთ ადამიანს მანქანის მართვის შიში, ე.წ. ამქსოფობია აწუხებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს საკმაოდ გავრცელებული შიშია, თუმცა, დღეს გამონაკლისებზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ავტომობილი უხარისხო საწვავისგან, საკუთარი თავი კი იმ უსიამოვნებისგან, რაც მანქანის გაფუჭებას ახლავს თან. ჩვენი სტუმარია "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე" ვანო მთვრალაშვილი:

- საწვავის ხარისხის პრობლემა ყველა ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან საწვავი შემოდის სხვა ქვეყნებიდან და შემდეგ ნაწილდება საცალო ქსელში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც შეიძლება საწვავი გაფუჭდეს, დაბინძურდეს ან წყალი შეერიოს. საქართველოში საწვავი შემოდის ბულ­გარეთიდან, რუმინეთიდან, საბე­­რ­­ძნეთიდან, იტალიიდან, თურ­ქმენეთიდან, მცირე რაოდენობით - რუსეთიდანაც. მაღალი კატეგორიის საწვავი - "პრემიუმი", "სუპერი" და "ევროდიზელი" ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოგვაქვს, "რეგულარის" ტიპის საწვავი აზერბაიჯანიდან შემოდის. მართალია, ბენზინის ხარისხის გამო მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, მაგრამ ეს მარტო შემოტანილი საწვავის გამო არ ხდება: შეიძლება ავზი, საიდანაც ბენზინს ასხამენ, გაუწმენდავი იყოს, ასეთ დროს იქ გროვდება სხვადასხვა მინარევი, შეიძლება დროთა განმავლობაში წყალიც მოხვდეს და ამან შექმნას პრობლემა. საერთოდ, ბენზინის ავზს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაწმენდა, რადგან თუ საწვავში წყლის შემცველობა მაღალია, ის ავტომობილის ნაწილებს აუცილებლად დააზიანებს.

- თქვენი ორგანიზაციისათვის თუ მოუმართავთ უხარისხო საწვავის გამო?

- რასაკვირველია, ჩვენ მათ ვუხსნით, რომ შეიძლება ბენზინი სტანდარტული იყოს, მაგრამ მისი გადაზიდვის რომელიღაც ეტაპზე დაბინძურდეს. დღესდღეობით ძალიან ძნელია საწვავის ხარისხის განსაზღვრა, რადგან ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოში არის რამდენიმე ლაბორატორია, სადაც შეიძლება კვალიფიციური ანალიზის გაკეთება და მიუხედავად სიძვირისა, ეს როგორმე უნდა მოხერხდეს. ჩვენც ვატარებთ მონიტორინგს, უნდა ვთქვა, რომ ბოლო ხანებში ქსელში უხარისხო საწვავი არ შეგვიმჩნევია, მაგრამ თავის დადება იმაზე, რომ სადღაც, რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურზე უხარისხო პროდუქცია არ იყიდება - ძნელია. ამას საფუძვლიანი კვლევა სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ხარისხის კონტროლი არ არსებობს, ამასთან, არ არსებობს სავალდებულო სერტიფიცირებაც და როცა კონტროლი არ არის, სავსებით შესაძლებელია, მომხმარებელმა არაკეთილსინდისიერი მეწარმისაგან უხარისხო საწვავიც შეიძინოს. უფრო მეტიც, შეიძლება თვითონ მეწარმემაც არ იცოდეს, რომ ეს საწვავი უხარისხოა.

- ბატონო ვანო, ამ საკითხის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეა ის, რომ უხარისხო საწვავი გარემოს აბინძურებს.

- საერთოდ, საწვავი მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ყველაზე დიდ დამაბინძურებლად და თუ საწვავში გოგირდის, ბენზოლისა და სხვა მინარევების შემცველობა დაშვებულზე მეტია, ის გარემოსაც აზიანებს და ადამიანის ჯანმრთელობასაც. იგივე ხდება, თუ ბენზინის შემცველობაში ნაჯერი ორთქლის წნევა არ შეესაბამება ნორმებს - ასეთ დროს საწვავი თანაბრად არ იწვება და ეს პირდაპირ მოქმედებს ავტომობილის ძრავაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოქტანური რიცხვი, რომელიც დასაშვებ ზღვარს უნდა შეესაბამებოდეს. რაც უფრო მაღალია საწვავის ოქტანური რიცხვი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ის და ძვირიც ღირს. ამიტომ მძღოლმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ რა კატეგორიისა და რა ოქტანობის საწვავს ასხამს მანქანაში, რადგან ამ დროს ზარალდება მანქანაც და მისი მფლობელის ჯიბეც. მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს იმ ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაცია, რომელსაც ის მართავს. მწარმოებელი კი ყოველთვის ურჩევს მყიდველს, რა კატეგორიის ან რა ოქტანობის საწვავი უნდა ჩაასხას ამა თუ იმ მარკის ავტომობილში და თუ მომხმარებელი ყურადღებით იქნება, მისი ავტომანქანა უფრო დიდხანს და გამართულად იმუშავებს. თუ მანქანა ახალია და მძღოლმა იცის, რომელი ტიპის საწვავი უნდა ჩაასხას, მაგრამ ასხამს იმას, რომელიც იაფია, ავტომანქანას დროთა განმავლობაში პრობლემა შეექმნება. სხვათა შორის, გარემოს დაჭუჭყიანება მარტო საწვავზე არ არის დამოკიდებული: სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს ე.წ. კატალიზატორი, რომელიც ფილტრავს საწვავს და გარემოს მავნე გამონაბოლქვისაგან იცავს. საქართველოში ბევრ სატრანსპორტო საშუალებას ეს კატალიზატორი არა აქვს. დასავლეთის ქვეყნებში მანქანებს აქვს ისეთი სისტემა, რომელიც გამონაბოლქვს მინიმუმადე ამცირებს, ჩვენს გზებზე კი, ძირითადად, მოძველებული ავტომანქანები მოძრაობენ, რომლებსაც ეს სისტემა დაზიანებული აქვთ.

- თუ არსებობს ხერხი, რომლის დახმარებითაც შეიძლება, ბენზინის რაოდენობა, მისი ხარისხის ხარჯზე გაიზარდოს?

- წლების წინ იყო პრაქტიკა, როდესაც ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, რომელსაც "ნაფტა" ჰქვია, ბენზინში ურევდნენ. ამ შემთხვევაში ბენზინის მოცულობა იზრდება, მეწარმე კი დანაშაულს სჩადის და მომხმარებელს ატყუებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია