როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში

როგორ მიიწვიეს ქუჩის მსახიობი გასტროლებზე მაროკოში

საქართველოში თეატრალური ცხოვრება საკმაოდ დუნედ, მაგრამ მაინც ვითარდება. საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა მარიონეტების თეატრსაც უწევს. რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის დასის ყოფილმა წევრმა, ბახვა წერედიანმა თეატრის ამ სახეობის პოპულარიზაციის სხვა ხერხს მიაგნო და წლების წინ აკადემიური სცენიდან ქუჩაში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც ყოველ საღამოს აქვს წარმოდგენა მის მიერ შექმნილ სხვადასხვა პერსონაჟს.

- რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წევრი ვიყავი, მაგრამ მოხდა რაღაც გაუგებრობა, რის გამოც წლების წინ თეატრიდან წამოვედი. სახლში ჯდომა, ლოთობა, დეპრესია და იმაზე ფიქრი, რომ გენიოსი ხარ, არაფრის მომტანია. იმხანად ჩემი ვაჟი ნიკუშა პატარა იყო და გამოსავლის ძებნა დავიწყე. შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია, და გავედი ქუჩაში. ქართველები მიჩვეული ვართ ქუჩის მუსიკოსებს, მოგვწონს მიმები უცხო ქვეყნის ქუჩებში, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ვიცოდი, რომ ვიღაცას მათხოვარი ვეგონებოდი ან შემიცოდებდა და ამიტომ დამეხმარებოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი პოზიცია და ამიტომ გამოვედი ქუჩაში. ჩემს მარიონეტების თეატრს "ნიკოლო" ჰქვია, სწორედ ამ თოჯინით დაიწყო ყველაფერი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროფესიონალი ქუჩაში გავხდი. როცა ღია ცის ქვეშ, ხალხის პირისპირ გიწევს მუშაობა, ყოველდღიურად იზრდები. 6 წელი გავიდა მას შემდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროს საქართველოში არანაირი ხელშეწყობა არა აქვს. რომ ნახოთ, ჩემს სახელოსნოში რა პირობებში დავიწყე მუშაობა - მხოლოდ მშრალ ენთუზიაზმზე, იფიქრებთ, რომ გიჟი ვარ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს.

- არასოდეს გიცდიათ, დახმარება რომელიმე სტრუქტურისთვის გეთხოვათ?

- ბიუროკრატიასთან მუშაობა ჩემთვის მიუღებელია. რთულია ხელოვნება სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მაგრამ მთავარი ხელოვანის თავისუფლებაა. პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში არ უნდა ერეოდეს. ორმაგი გარჯა მიწევდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სასურველ შედეგს მივიღებდი, შრომა წყალში არ ჩამეყრებოდა და ასეც მოხდა. წელს პირველად მიმიწვიეს გასტროლებზე მაროკოში. ქალბატონი რუსუდან ფიცხელაური დაგვიკავშირდა მე და ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას. მაროკოში არ არის ბალეტი, პანტომიმა და სხვა თეატრალური ჟანრები, ამიტომ ჩვენს წარმოდგენებზე სავსე იყო დარბაზი. ახლახან მეორე მოწვევაც მივიღე და ამჯერად ერთი თვით მივემგზავრები მაროკოში. ფრანგები და იტალიელები სხვებზე ნიჭიერები კი არ არიან, მათ აქვთ განვითარებისთვის საჭირო ფინანსები, დიდი მასშტაბები, უყვართ შრომა და ამიტომაც აღიარებთ მთელი მსოფლიო.

- რისგან ქმნით თოჯინებს?

- თოჯინის ფორმას ძირითადად თაბაშ­ირისგან ვქმნი, მერე კი ამა თუ იმ პერსონაჟის სახეს ვაძლევ. ჯერ მევიოლინე ნიკოლო შევქმენი, შემდეგ მისი მეწყვილე პიანისტი სებასტიანი, მათ ერთობლივი ნომერი ჰქონდათ. მერე შევქმენი თოჯინები: სტივ უანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, მადაგასკარის პერსონაჟები.

- რომელი თოჯინა უყვართ პატარებს ყველაზე მეტად?

- ბავშვი ყველაზე კარგი მაყურებელია, მას ვერც ფუფუნებით გააკვირვებ და ვერც ლამაზი მუსიკით. თუ წრფელი არ არის ის, რასაც აჩვენებ, ვერაფრით მოხიბლავ. უხარიათ, როცა ქუჩაში გვხედავენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მადაგასკარის ლომის შემდეგ ყველაზე მეტად ანდრეა ბოჩელის თოჯინა უყვართ. სათნო პერსონაჟია და ალბათ, ამიტომაც იხიბლებიან ასე. ბევრჯერ მოსულან და უთქვამთ, სტივ უანდერის სანახავად მოვედითო. ზოგს უნდა თან წაიყვანოს თოჯინა, ტირიან, ეფერებიან... ერთხელ დედა-შვილმა ჩაიარა, ბავშვი ნიკოლოსთან გაჩერდა და მერე დედასთან მიირბინა. იმხანად მუზეუმში დაცული ერთ-ერთი თოჯინა დაიკარგა და ბავშვს დედისთვის უთქვამს, მგონი, ეს ის თოჯინააო (იცინის). ერთხელ სწორედ სტივ უანდერის თოჯინა მყავდა გამოყვანილი რუსთაველზე, რომა რცხილაძემ მანქანიდან მოჰკრა თვალი, გადმოვიდა და გაგიჟებული ეფერებოდა თოჯინას. ამ დროს მოვიდა ნასვამი მამაკაცი, რატომღაც სტივ უანდერის თოჯინა "კოჯრის ტყის ზღაპრის" პერსონაჟს მიამსგავსა და მიმართა, "ხეჩო, როგორ ხარო?"

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია