გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"

გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"

ერთი თვის წინ უნივერსიტეტში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გოგონა მესამე სართულიდან გადმოაგდო. დედისერთა გვანცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მის საბოლოო გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება.

სწორედ "რეიტინგის" წყალობით შეიტყო ჩვენმა მკითხველმა, რომ გვანცა ქართლოს ნატროშვილის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას და ვანოს კამათი სწორედ პრეზიდენტის პაროდისტთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა, რომელიც გვანცამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსა.

22 წლის გვანცას საავადმყოფოდან გამოწერის ამბავიც ქართლოსისგან შევიტყვეთ და ვთხოვეთ, მასთან სახლში მივეყვანეთ. ქართლოსი არ დაგვზარდა. მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ შემთხვევის მთავარ გმირთან, გვანცა ადამიასთან.

-  გვანცა, მიხარია რომ უკეთ ხარ, რას ამბობენ ექიმები, ფეხზე როდის გაივლი?

-  ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბეჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. 20 დღის შემდეგ რენტგენი უნდა გადამიღონ და თუ არასწორად შეიზარდა ძვალი, შეიძლება კიდევ დამჭირდეს ოპერაცია.

-  სანამ შენ საავადმყოფოში იწექი, თბილისში უკვე ყველამ გაგიცნო, არაერთი ვერსია გავრცელდა მომხდარის შესახებ. გვიამბე თქვენი ამბავი, შენ და ვანო შეყვარებულები იყავით?

-  შეყვარებულები არ ვყოფილვართ. კურსელები ვართ და რამდენიმე საგანს ერთად გავდიოდით, ერთად გვიტარდებოდა ლექციები. თავიდან ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი. მორიგი ასეთი თვალთვალის დროს, სექტემბერში დამიძახა და გამომელაპარაკა. ცოტა უცნაური ბიჭი ჩანდა მაშინვე. ყველაფერი ამა და ამ რიცხვში დაიწყოო, მითხრა. იმ რიცხვს ასახელებდა, როცა შევუყვარდი. ისიც მითხრა, იმ დღეს რა მეცვა. ერთ-ერთ წიგნს ახსენებდა, ახალი წაკითხული მქონდა, შენ რომ დაგინახეო. მერე ის წიგნი მაჩუქა. უნივერსიტეტის პროფესორ ირაკლი კობახიძის წიგნია, "დაბრუნება ტერანუოვაში". საჩუქარს უკან ხომ არ დაგიბრუნებ-მეთქი, ვუთხარი და გამოვართვი. ისიც გამიმხილა, რომ ავადმყოფურად ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. ყველა გოგოს შენით ვზომავო, მეუბნებოდა, შენ უნდა გგავდესო.

-  ისიც ითქვა, რომ ვანოც კარგად სწავლობდა, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყოო, ასე ახასიათებენ ლექტორები...

-  კი. 100%-იანი გრანტით მოეწყო. ძალიან ნაკითხი იყო, წიგნის, ლიტერატურული გმირების ენით ლაპარაკობდა.

-  რა უპასუხე სიყვარულზე?

-  პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. ვუთხარი, სიყვარულს ვერ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემგან იმედი არ გქონდეს-მეთქი. იმ დღის მერე არ მომცილებია, სულ თან დამყვებოდა. იმ ლექციებსაც ესწრებოდა, რომელიც მას პროგრამით არ ეკუთვნოდა. იცოდა, რომ სამი საათი მიგრძელდებოდა ლექციები. ამ ხნის განმავლობაში მეტროსთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა "ფეისბუქზე". უპასუხოდ დავტოვე. ძალიან გაღიზიანებულმა დამირეკა. დილა იყო. თავს არავის ავაგდებინებ, დებილივით მექცევი, იდიოტი გგონივარო. ისედაც მეზიზღება ეს დედა...ლი ქვეყანა და თუ შენთან არაფერი გამომივიდა, საერთოდ წავალ აქედანო. გავბრაზდი, ასე რომ მელაპარაკა. რის პასუხს მთხოვ, რამე გაგრძნობინე? თუ შენთვის ილუზიებს იქმნი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა, სამ კვირას გაძლევ, მოიფიქრე და პასუხი მითხარიო. არანაირი სამი კვირა არ მჭირდება, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება-მეთქი, ვუთხარი.

-  ამ შემთხვევამდე აგრესია არ გამოუვლენია შენთან, ეჭვიანობის სცე­­ნები თუ გაუმართავს?

-  კი, როგორ არა, ის რატომ გიყურებდა, ამან რატომ შემოგხედაო, მეუბნებოდა. ერთი-ორ ბიჭს მოვწონდი უნივერსიტეტში. ეს გაუგია და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ ჩემთან საუბრის დროს. რას ჰგვანანო, მეუბნებოდა, ჩემს "ფეისბუქსაც" აკონტროლებდა. ქართლოსთან რომ გადავიღე სურათი ბიძაშვილის დაბადების დღეზე, არ ესიამოვნა.

-  როგორი ნათესავია ქართლოსი შენი?

-  ბიძაშვილის დეიდაშვილია. და­იწყო ეჭვიანობა ქართლოსზე, რას ჰგავსო, ამბობდა. გრიმს რომ უკეთებენ, კიდევ არა უშავს და ამ ფოტოში არ არის ლამაზი, მე უგრიმოდაც ლამაზი ვარო. პატარა ბავშვივით ლოგიკა ჰქონდა. ბიძაშვილის დეიდაშვილი რანაირი ნათესავიაო, მითხრა.

-  ქართლოს, თუ იცოდი, ვანო შენზე რომ ეჭვიანობდა?

-  ეგ კი არა, ამ ბიჭის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი... "კურიერში" რომ თქვეს, გოგო გადმოაგდესო, ფოტო არ უჩვენებიათ. მეორე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი და დეიდაშვილს დავურეკე, რაღაც უნდა გაეტანებინა. ნამტირალევი ხმა ჰქონდა, გვანცა გადმოაგდესო, მითხრა. მაშინ გავიგე, რაც დაგვემართა.

-  გვანცა, რატომ არავის უთხარი, ასე რომ გაწუხებდა ვანო, თუ ფიქრობდი, რომ თავად მოაგვარებდი ამ პრობლემას?

-  ყველამ იცოდა, რომ მაწუხებდა, ჩემი მეგობრები, დაქალები ცდილობდნენ, მარტო არ დავეტოვებინეთ, რომ ვანო არ მოსულიყო. დედამაც იცოდა ყველაფერი. თან არც ასეთი უსაშველო მეგონა ეს სიტუაცია, ვიფიქრე, თავად მოვაგვარებდი ყველაფერს, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია