"ჩვენი თანამემამულეების სახლ-კარში რაღაც ხდება და ამას რეაგირება სჭირდება"

"ჩვენი თანამემამულეების სახლ-კარში რაღაც ხდება და ამას რეაგირება სჭირდება"

თბილისიდან ძალიან ადვილია მსჯელობა და წერა, რა რეაქცია უნდა გვქონდეს რუსეთის მიერ დიცთან დამატებითი ტერიტორიების მიტაცებასა და ე.წ. საზღვრის 300 მეტრით გადმოწევაზე. წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარ ეზოში მავთულხლართებს გივლებენ, შენს სახლ-კარშივე გაპატიმრებენ და გეუბნებიან, - სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეო; შემდეგ მიჰყავხარ ცხინვალში, სადაც ფულს გძალავენ, მერე "იღებენ მოწყალებას" და გიშვებენ... სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ ის არის, რომ მან ერთი მოქალაქე ისევე უნდა დაიცვას, როგორც ათი ათასს დაიცავდა. მეორე მხრივ, ხელისუფლება სწორედ იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ ემოციებს არ აჰყვეს, რაციონალური, ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანა მორიგ შარში არ გახვიოს. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სიჩქარემ და არაადეკვატურმა რეაქციამ შესაძლოა, სახელმწიფოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

- საბოლოო პასუხი იმის შესახებ, კონკრეტულად რა მიზანს ისახავს ან ვინ დგას დიცთან ოკუპაციის არეალის გაფართოების უკან, არ გვაქვს. შესაძლოა, ეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა იყო.

- თუმცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინის კომენტარი სულაც არ მიუთითებს, რომ მოსკოვი არაფერ შუაშია და დიცის ინციდენტის უკან მხოლოდ ცხინვალელი მარიონეტები დგანან.

- კარასინი სხვა კომენტარს ვერც გააკეთებდა. სხვა განცხადება რომ გაეკეთებინა, გამოდის, რომ მოსკოვი მხარს არ უჭერს ცხინვალის რეჟიმს, რომელიც გააფთრებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შექმნას გამყოფ ზოლთან დაკავშირებით, ადამიანების მიმოსვლის კუთხით და ა.შ. ცხინვალის ინტერესებში არც ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება შედის.

- ანუ შეგვიძლია ორ ვერსიაზე ვისაუბროთ: პირველი - ეს მოსკოვმა შეგნებულად გააკეთა და მიგვანიშნა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გარკვეული პოზიტივის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობას არ უნდა ველოდოთ, მეორე - ამის უკან მარიონეტები (და სხვა ძალები) დგანან და მათი მიზანი თბილისი-მოსკოვის დიალოგის ჩაშლაა.

- რა თქმა უნდა. თუ დიცის ინციდენტის უკან ცხინვალი დგას, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში იძულებულია, ეს "გააპრავოს" და იქაურ რეჟიმს მხარი დაუჭიროს.

- ხომ შეიძლებოდა მოსკოვს ცხინვალისთვის ებრძანებინა - 300 მეტრის გამო თბილისთან დათბობისკენ წასულ ურთიერთობებს დარტყმას ნუ მიაყენებთო?

- მოსკოვი რომ ასე მოქცეულიყო, სოხუმსა და ცხინვალში არასტაბილური გარემო შეიქმნებოდა. იქ გაჩნდებოდა ეჭვი, რომ რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თბილისთან რაღაც დათმობაზე მიდის.

- მოსკოვს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობა ქართულ-რუსული ურთიერთობის გამოსწორებაზე უფრო ძვირად უღირს?

- ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამ დღეებში ყველა მხრიდან მესმოდა. ჩემი პოზიცია ასეთია - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

თუ მოსკოვი დიცთან დაკავშირებული საკითხის მიმართ ჯანსაღ მიდგომას გამოიჩენს, მივხვდებით, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები მისთვის პრიორიტეტია. ხოლო თუ გაგრძელდება მავთულხლართების გავლება, დადასტურდება თქვენ მიერ დასახელებული ერთ-ერთი ვერსია - რუსეთისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების არსებობა უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი დასკვნების გაკეთება მოგვიწევს.

- თქვენ რომელი ვერსიისკენ იხრებით?

- მაქვს ურთიერთობა კომპეტენტურ რუს ექსპერტებთან, რომლებიც უმაღლეს პოლიტიკურ წრეებთან არიან დაახლოებული. ისინი მიიჩნევდნენ და მეც მქონდა ინფორმაცია, რომ სულაც არ არის ისე საქმე, თითქოს რუსეთი მხოლოდ ღვინოსა და კულტურულ ურთიერთობებზე დაგველაპარაკება. მოსკოვში სერიოზულად მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო არ იყოს კავკასიაში რუსეთისთვის მტრული ქვეყანა და თბილისთან შეიძლებოდეს სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოებაზეც. ამის გამო ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა ან მოსკოვმა ერთ დღეში შეცვალა პოლიტიკა და ე. წ. საზღვრის გადმოწევით მიგვანიშნა, რომ საქართველო არ აინტერესებს.

- არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსულ პოლიტიკაში დეზინფორმაციის გავრცელება აპრობირებული მეთოდია. თუ მოსკოვს მართლაც აქვს ზემოხსენებული გეგმა, თუნდაც სიმბოლურად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგალითად, შეწყვიტოს მავთულხლართების გავლება, ქართველების ლამის საკუთარ ეზოებში დაკავება.

- არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ეს გააკეთოს. თუმცა არც მოვლენათა სხვანაირი განვითარება უნდა გამოვრიცხოთ. მაგალითად ის, რომ მოსკოვში იმსჯელეს და გადაწყვიტეს - საქართველო ვეღარასოდეს იქცევა რუსეთის გავლენის სფეროდ, ის არის დასავლეთის ფორპოსტი კავკასიაში და თბილისთან ურთიერთობას აზრი არ აქვს. მაგრამ მოსკოვიდან საწინააღმდეგო ინფორმაცია მომდიოდა, - იქ იციან, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია უკვე მოცემულობაა, მაგრამ ამავე დროს თბილისთან ურთიერთობების მოწესრიგების საჭიროებასაც ხედავენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა