რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"

რეზო მიშველაძე - "გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისას"

რეზო მიშველაძის მშობლები ფილოლოგები, პედაგოგები იყვნენ. ქუთაისში ცხოვრობდნენ და ოჯახში ოთხი დედმამიშვილი იზრდებოდა. მათთვის წიგნებსა და ლიტერატურაზე საუბარი "უცხო ხილი" არასდროს ყოფილა. სწორედ წიგნებზე სასაუბროდ შევხვდით ერთმანეთს, თუმცა მალე ჩვენმა საუბარმა სხვა მიმართულება მიიღო, თუმცა ის, რაც ითქვა, ქართულ მწერლობასა და მწერლების დღევანდელობას უკავშირდება...

- 17 წლის ბიჭი ვიყავი, ქუთაისიდან რომ წამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე. 1958 წელს ოჯახით თბილისში გადმოვსახლდით. წლების განმავლობაში, ქუთაისში რომ ჩავდიოდი, ჯერ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე #3 ბიბლიოთეკას ვაკითხავდი და მერე სკოლას, სადაც პედაგოგებს მოვინახულებდი ხოლმე. კითხვა ძალიან მიყვარდა. გატაცებით ვკითხულობდი. VII კლასში უკვე წაკითხული მქონდა არა მხოლოდ ქართული კლასიკური ლიტერატურა, არამედ ტოლსტოის, დიკენსის, დოსტოევსკის რომანები. ასევე სერვანტესის "დონ კიხოტი". ამ ხნის კაცი ვარ და ახლა უნდა გაგიმხლოთ, მაშინ ვერ ჩავწვდი ამ წიგნის გენიალობას, და ვერც შემდგომ. ვტიროდი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე", "მადამ ბოვარის" ცხოვრებაზე, "ანა კარენინას" ტრაგედიაზე, "ჯაყოს ხიზნების" მარგოსა და თეიმურაზის ბედზე, მიყვარდა და დღემდე მიყვარს შორენა კოლონკელიძე, ეს ულამაზესი ქალი, მაგრამ "დონ კიხოტი" დღემდე ვერ გავითავისე. ლიტერატურის სპეციალისტი ვარ და, რა თქმა უნდა, სტუდენტებს სერვანტესისადმი ჩემს დამოკიდებულებას არ ვუმხელ, ვაყვარებ მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს. ხუთ საუკეთესო ნაწარმოებს რომ ჩამოვთვლი, მათ შორის სერვანტესსაც მოვიხსენიებ. ჩემი სია ასეთია: ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", სერვანტესი და შექსპირი. შექსპირი არის უძირო ზღვა, მასზე ვგიჟდები. მე, როგორც პროფესიონალმა მწერალმა, სერვანტესის სიდიადე როგორ არ ვიცი, საოცარი შედარებები და სცენები აქვს, რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟები არიან დონ კიხოტი და სანჩო პანსა, მაგრამ ლიტერატურას სხვადასხვა საზომით ვზომავ, ქართულ მეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში მე ერთადერთმა დავწერე ყველა კრიტიკოსისთვის წიგნი, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მხატვრული ნაწარმოები. მხატვრულ ნაწარმოებში უნდა შევხედოთ სიუჟეტს, კომპოზიციას, მხატვრულ სახეებს, ენას, სტილს და ა.შ. კი, ეს ყველაფერი "დონ კიხოტში" არის, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნია-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი. წიგნმა უნდა აგაკანკალოს, დაგაფიქროს და რომ დაიძინებ, სიზმარში უნდა ნახო. ვთქვათ, თუ როგორ გადაფრინდება შორენა ქარაფებიდან და იკლავს თავს.

- როგორ ამდიდრებდით ბიბლიოთეკას, გეხსომებათ საკუთარი თუ ნაჩუქარი თანხით ბუკინისტებთან შეძენილი წიგნები...

- რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტობისას ასეთი შენაძენი ხშირი იყო, თუმცა დღეს სხვა მდგომარეობაა. ახლახან, 2013 წლის 14 მაისს ლექცია მქონდა და სტუდენტებს ვკითხე, ბავშვებო, დედამ დილით სახლიდან გამოგატანათ 5 ლარი. იყიდით "სნიკერს", "მალბორის" ან "ქემელს", ერთ ჭიქა მზესუმზირას და 1 ლარსაც იმისთვის გადაინახავ, რომ შინ სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდეთ. ამ დროს კი თუ ბუკინისტებთან გალაკტიონის რჩეულს, შოთა ნიშნიანიძის ლექსების კრებულს, ახმატოვას, ცვეტაევას დაინახავთ, რომელიც, თქვენდა გასაოცრად, ყველა ერთად 4 ლარი ღირს, როგორ მოიქცევით-მეთქი. რა თქმა უნდა, წიგნებს არ ვიყიდიო, - დაუფიქრებლად მიპასუხა ერთ-ერთმა გოგონამ. მერე დანარჩენებსაც მივუბრუნდი, 25 კაციდან მხოლოდ ერთმა მითხრა, რომ წიგნებს იყიდდა. ისიც არ ვიცი, გულწრფელი იყო თუ არა.

- შეიძლება, თქვენთვის რომ ეს­იამოვნებინა, იმიტომ აირჩია წიგნები...

- შეიძლება მე მასიამოვნა, არ გამოვრიცხავ. აი, ასეთი განსხვავებაა ჩვენი დროის სტუდენტობასა და დღევანდელს შორის. ხელისუფლებამ ბოლო ცხრა წელი, პირადად ვადანაშაულებ მიხეილ სააკაშვილს, აბუჩად აიგდო ქართული ეროვნული ფენომენი, ქართული ეროვნული მწერლობა, იქამდეც კი, რომ მწერლები მწერალთა სასახლიდან გამოგვაძევა. დღეს დაგვაბრუნა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ეს საკითხი ჯერ მთლიანად გადაწყვეტილი არ არის. სააკაშვილმა დაამცირა კულტურა, თეატრი, კინო, თბილისში წიგნის მაღაზიები მოსპო. ნიკა რურუას სძულდა კულტურა. მწერალთა კავშირიდან წერილს რომ მივწერდით, სადაც ვაუწყებდით, რომ გვსურდა ყაზბეგის, გალაკტიონის, ჭაბუა ამირეჯიბის იუბილე აღგვენიშნა და საამისოდ გვჭირდებოდა მხოლოდ დარბაზი, ის პასუხსაც არ გვაღირსებდა. რურუა გაფრთხილებული ჰყავდა სააკაშვილს, რომ ახლოს არ უნდა გაეკარებინა კულტურის ნიჭიერი მოღვაწეები. უნიჭო, კი ბატონო, უნიჭო მსახიობებსა და მომღერლებს გულში იხუტებდა. ხელისუფლებამ ახალგაზრდებს წიგნი და კულტურა შეაძულა და ამის გამოსწორება მოკლე დროში შეუძლებელია. ახლა დღევანდელ კულტურის მინისტრზეც დაგელაპარაკებით. ლტოლვილი ყმაწვილი გახლდათ, საშუალო ნიჭის მწერალია. ზრდილობით გამოირჩეოდა. მწერალთა კავშირში რომ მოდიოდა, მეუბნებოდა, ბატონო რეზო, თუ გცალიათ, თქვენთან სურათის გადაღება მინდა, რომ რევაზ მიშველაძესთან, რუსთაველის პრემიის ლაურეატთან გადაღებული ფოტოთი მთელი ცხოვრება ვიტრაბახოო. მიყვარდა ეს ბიჭი, ვფიქრობდი, რა ზრდილობიანია-მეთქი. მერე რა, რომ ლიტერატურაში ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, ყურადღებიანი კაცია-მეთქი. ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრად რომ დანიშნა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია