გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"

გარდაცვლილი პატიმრის მამიდა - "ლევანის მოშორების დამკვეთი ადმინისტრაცია იყო"

ექსკლუზიური ინტერვიუ გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა ხათუნა კორტავასთან.

- ქალბატონო ხათუნა, ლევანის გარდაცვალების თემა უკვე იქცა დიდი განსჯის საგნად. უკვე გარკვეული დრო გავიდა. ამ გადასახედიდან, ახალი რა გამოიკვეთა, ენდობით თუ არა ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიებს?

- ოფიციალურად გავრცელებულ ვერსიებს საერთოდ არ ვენდობი, ეს არის ისეთი აბსურდი, რომელიც არაფერს არ შეესაბამება. საქართველოში არის აბსოლუტურად ტყუილზე აგებული ყველაფერი, რაც ხდება ციხეში. როგორც მათ აწყობთ, ყოველ საათში ცვლიან ჩვენებებს და იცვლიან ვერსიებს. 12 დღეა უკვე გასული, ბავშვი დავასაფლავე და ამ ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი პატიმარი საქმეში, დღეს მეორე პატიმარი გამოჩეკა გეგუთის საპატიმროს ადმინისტრაციამ. არ არსებობს, რომ ჩემს შვილს პატიმრებთან ჰქონოდა შეხლა-შემოხლა. რომც ჰქონოდა, არ არსებობს, რომ პატიმარს ასე გაემეტებინა ჩემი შვილი. ეს არის ადმინისტრაციის გაკეთებული.

- რა მიზეზით შეიძლებოდა ადმინისტრაციასთან ჰქონოდა შეხლა- შემოხლა, როგორც თქვენ ამბობთ, ასეთი ფაქტების შესახებ ლევანის ციხეში ყოფნის დროიდან იცოდით.

- ძალიან ხშირად იყო და ახლაც არის, ყველა პატიმარს აქვს ადმინისტრაციასთან დაპირისპირება, ციხეებში არაფერი შეცვლილა, მერწმუნეთ. არ არსებობს საქართველოში საპატიმრო, სადაც დილით, შუადღისას, საღამოს პატიმარი ცემა- ტყეპაში არ იყოს. მაქვს ინფორმაცია თვითონ პატიმრებისგან, რომ ამისთვის სპეციალური ოთახები არსებობს. ციხე ჩაკეტილ ადგილად რჩება, სადაც ვერავინ ვერ შედის და მხოლოდ ადმინისტრაციამ იცის ასეთი ადგილების არსებობა. ისინი ჯალათები არიან.

- ადმინისტრაციას კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ?

- დღეს, როცა პროკურორთან ვიყავი, მათთან გასაუბრების შემდეგ ვამტკიცებ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ლევანის მოშორების დამკვეთი იყო ადმინისტრაცია, რადგან მათ არ აწყობდათ ასეთი პატიმარი.

- რატომ არ აწყობდათ?

- რატომ არ აწყობდათ, ჯერჯერობით არ ვიცი და ამასაც გავიგებ, უთქმელი არაფერი რჩება, მაგრამ ზუსტად ვიცი, სპეციალურად ჰყავთ შემოყვანილი პატიმარი, რომელსაც ლევანზე უნდა ეძალადა. პატიმრებთან, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან, ურთიერთობის უფლება, კანონით დამხდურებს არ აქვთ, რადგან კარანტინის დროს ცალკე საკნებში სხედან ახალმიყვანილები. მე ვეკითხები სასჯელაღსრულების სამინისტროს - აქვთ უფლება ადგილობრივ პატიმრებს შევიდნენ ადმინისტრაციაში და ეურთიერთონ ახალ პატიმრებს?! მაგრამ, შიგნით, ადმინისტრაცია არის ქურდული მენტალიტეტის მატარებელი, რაც უნდათ, იმას აკეთებენ. წამალი შიგნითაა, ლოთობა შიგნითაა. კანონი არის ყველასთვის კანონი, რატომ არსებობს მაშინ გამონაკლისები?!

- თქვენ ამ დრომდე ამტკიცებთ, რომ თქვენი ძმისშვილი არის ნაწამები...

- ნაწამებია...დილით, როდესაც ტანსაცმელი უნდა ჩაგვეცვა შვილისთვის, დასაფლავების დილას, მე თვითონ, ჩემი ხელით, ჩემი თვალით, სხეულის ყველა დეტალი შევუმოწმე. წელს ზემოთ ბავშვს არ აქვს ერთი სანტიმეტრიც დატოვებული. ის არის ტროსით ნაცემი. პატიმარმა ტროსი საიდან მოიტანა ციხეში? ჩემი შვილი იყო ძალიან ძლიერი და მას ერთი პატიმარი ვერ სცემდა. ეს არის შეკვეთილი, არ ვიცი, სხვა რა ვთქვა. ეს არის ადმინისტრაციის მოფიქრებული და გაკეთებული. მოფიქრებულად, სადისტურად ნაწამები.

ბავშვს უკანა ფუძე აქვს გადატეხილი. თუ კიბეზე დაგორებაზე საუბრობენ, კი ბატონო, ის ვერსიაც მაქვს, რომ დააგორეს. როცა ადამიანი კიბეზე დაგორდება, მესმის, გადატყდება ფუძე. ფუძე არის ფქვილივით, ქვასავით იყო ქცეული, როცა ჩემი ხელით შევამოწმე. მარჯვენა ლავიწის კედელი არის დამსხვრეული. ჩემი ხელით შევუმოწმე სათითაოდ ყველა ნეკნი, არცერთი არ აქვს დატოვებული დაუმსხვრევლად. ნეკნების ნაწილი არის შიგნით ორგანიზმში შესული, ნაწილი კი გარეთ გამოსული, მუცლის არესთან. მარჯვენა ლავიწზე ისეთი ბლაგვი საგანია ჩარტყმული, არ ვიცი რა ჩაარტყეს, სამი შტრიხია წინ გამოსული. რაც სურათზედაც აღბეჭდილია. ეს არის პატიმრის გაკეთებული?! მე ამას ვერავინ დამაჯერებს.

- თავად პატიმრების ვერსია თუ იცით, რა მოხდა?

- პირველივე დღეებში შემეხმიანენ, ვიდრე ეს ამბავი ასე მწვავედ აგორდებოდა. მათგან ასეთი პასუხი მაქვს, რომ პატიმარი შეიყვანეს სპეციალურად, რომელიც ლევანს უნდა გასწორებოდა. მართლა არის შეყვანილი ვიღაც, ოღონდაც, ადმინისტრაციის "ნასედკა", ასე თქვეს პატიმრებმა. მითხრეს - პირობას გაძლევთო, არ დავთმობთო არაფერს. ეს არ არის პატიმრის გაკეთებული და ბადრაგის მოკლულიაო, რადგან ის ბადრაგია გეგუთის იზოლატორში გადმოყვანილი, რომელსაც ლევანთან ხონის კოლონიაში ყოფნისას ჰქონდა შეხება.

პატიმრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ პირს ამოიკერავენ, შიმშილობას დაიწყებენ. ერთმა, აბსოლუტურად უცნობმა პატიმარმა დამირეკა დ მითხრა - ლევანს სახელი და გვარით ვიცნობ მხოლოდ, მაგრამ მას არასდროს არ ექნებოდა პატიმართან კონფლიქტი, რადგან კარგი რეპუტაციით სარგებლობდაო.

- სამინისტროსთან რა პრეტენზია გაქვთ, როგორც იქ აცხადებენ, ისინიც განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით.

- მინისტრთან ის პრეტენზია მაქვს, რომ არის გულგრილი, არ აინტერესებს ეს სისტემა და საქართველოს იზოლატორებში ამის გამო ოცნების სასაკლაოებია გაჩაღებული. ახალაიებზე უარესი, ოცნების სასაკლაო აქვს გაჩაღებული და ვითხოვ მის დასჯას. გუშინ ქუთაისიდან პატიმრების დედებმა დამირეკეს და მთხოვეს, გვერდში დაგვიდექიო, მაგიდაზე დაუჭედიათ მათ შვილებს ხელები.

- რა შეიძლება ასეთ დროს თქვენ გააკეთოთ, როგორც მშობელმა?

- ამ ეტაპზე, ისევ ექსპერტიზის ცნობის მოლოდინში ვარ, მაგიტომაც ვარ გაჩერებული. ვნახოთ, რა ცნობას დადებს ექსპერტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი ხელით შევამოწმე ლევანის დალეწილი სხეული და იმას ვიზამ, რომ ჩემივე ხელით ამოვთხრი და აბსოლუტურად ყველა პატიმრის მშობელი და მთელი ფოთი მომყვება უკან. თუ მე ამ დონემდე მიმიყვანეს, პატიმრები მაშინ დაიწყებენ პროტესტს და შიმშილობას. საერთოდ უცნობი პატიმრების მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, თუ არასწორი დასკვნა დადო ექსპერტმა, ოღონდაც სამართალს მივაღწიოთო და ყველანი შემოგიერთდებითო. ივანიშვილის რეზიდენციამდე ვივლი ცხედრით და იქ დავასვენებ ჩემს ნაწამებ ძმიშვილს. რადგანაც, ერთხელ დ სამუდამოდ ნახოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მის სახელმწიფოში რა ხდება.

- თქვენ დაკრძალვის დღემდე ითხოვდით დამოუკიდებელ ექსპერტიზას.

- ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ. ჩემი შვილი იმ დონემდე არის დასახიჩრებული, ერთი წელიც რომ იწვეს სამარეში, ის დასახიჩრება მას არ მოშორდება. არცერთი ძვალი მთელი არ აქვს.

ლაშა ზარგინავა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ