დავით უსუფაშვილი - ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ჰქვია პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ასეთი შეხვედრები აუცილებელია

დავით უსუფაშვილი - ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ჰქვია პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, ასეთი შეხვედრები აუცილებელია

სანამ მიხეილ სააკაშვილს ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი და არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ასეთი შეხვედრები აუცილებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ყოველთვის ყველასთვის ყველაფერი სასიამოვნო არ იყოს, მაგარმ ვინაიდან "ქართული ოცნება" პასუხს აგებს ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ის ვალდებულია, "ასეთ ვითარებას სათანადოდ გაუმკლავდეს".

"თქვენ იცით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით არსებობს მნიშვნელოვანი ორგანო - უშიშროების საბჭო. სამწუხაროდ, ეს ორგანო შვიდი თვის განმავლობაში იყო უფუნქციო, ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საჭირო იყო ამ ორგანოს ამოქმედება, რათა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დგას ყოველგვარ პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა, სათანადოდ მოგვარებულიყო და დასრულებულიყო ის ეპოქა, როცა არ ვიცოდით, რაზე საუბრობდა პრეზიდენტი, როცა ის უცხოეთში საქართველოს სტრატეგიულ თემებზე საუბრობდა და არ იცოდა მან, რა პოლიტიკას ატარებდა ახალი ხელისუფლება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სხდომის მოწვევის პერიპეტიები გამართული ვერ იყო და მთლად სწორი არ იყო, რომ მას არ ესწრებოდნენ ორი მნიშვნელოვანი უწყების - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები, მაინც გადავწყვიტეთ მოსვლა", – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო რამდენიმე საკითხს, უპირველესად კი გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას. "გვქონდა მსჯელობა რამდენიმე საკითხზე. მოვისმინეთ პრეზიდენტის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით, ვისთან, რა საუბრები აწარმოა ბოლო ხანებში, რა აქვს დაგეგმილი ხვალ და ზეგ. შევთანხმდით, რომ ამ ვიზიტების და შეხვედრების დროს აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ჩვენი ელჩები, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში წინასწარ მოხდება ცალკეული საკითხების მომზადება. ვინაიდან პასუხს ვაგებთ ქვეყნის მომავალზე, ვალდებული ვართ ვიცოდეთ, როგორ მიდის პრეზიდენტი და მისი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე და ისინიც ვალდებული არიან გაითვალისწონონ, რომ ახალი მთავრობაა, ახალი პოლიტიკაა და ამ პოლიტიკის ჩარჩოებში იმოქმედონ. რაც შეეხება დეტალებს, უშიშროების საბჭო სახელმწიფო საიდუმლო საკითხებს იხილავს და მასზე ვერ მოგახსენებთ. ისიც გამიკვირდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგი გასაჯაროვდა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საუბარი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მიმდინარე მოვლენების გარდა სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ უშიშროების საბჭო კვლავაც შეიკრიბება, თუკი ამის საჭიროება იარსებებს.

"

ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა