გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი

გვირაბს შეწირული უნიკალური ტრავერტინი

ტრავერტინი ფორიანი, მცირე სიმკვრივის, ნახევრად კრისტალური, მყარი, წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად, არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ყაზბეგში, გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე გულგრილად ვერაფრით აუვლიდა ულამაზეს ტრავერტინის ფერდობს. ბუნების ამ უნიკალურ ძეგლთან ყოველთვის ხალხმრავლობა იყო: ზოგი ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, ზოგი - პოზირებდა ტრავერტინის ფონზე. არცთუ დიდი ხნის წინ, ტრავერტინთან ახლოს წლების წინ გაკეთებული გვირაბის რეაბილიტაცია განიზრახეს და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მშენებლებმაც გზა ზედ ტრავერტინზე გაიყვანეს. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", შემდეგ კი მასმედიაც დაინტერესდა. სამუშაოები დროებით შეჩერდა, მაგრამ როგორც ითქვა, განადგურებულ ტრავერტინს ვერავინ აღადგენს.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ "გარემოს ზემოქმედების ანალიზი თუ არ იქნა, ჩვენ ვამბობთ, რომ არც ერთ პროექტს არ დავიწყებთ, მაგრამ იქ არ იყო ამის აუცილებლობა. ეს არ იყო არც ძეგლი და არც რაიმე ნებართვა სჭირდებოდა, იმ კონტრაქტორს გვირაბის გზაზე გაევლო. 20-25 წლის განმავლობაში გვირაბი მიტოვებული რომ იყო, ამიტომაც მოხდა ეს. ადამიანის სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე სილამაზე".

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით კი, "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გუდაური-კობის გზაზე მდებარე ტრავერტინს დაცული ტერიტორიების სტატუსი (ბუნების ძეგლი) არ აქვს მინიჭებული. აღნიშნული ტერიტორია არც საქართველოს სსრ წითელი წიგნით იყო დაცული".

არის თუ არა ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი ბუნების ძეგლი და რით არის უნიკალური, ამაზე თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი გვესაუბრება:

- დედამიწის ზედაპირზე ტრავერტინების წარმოქმნას საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება და ის ბუნების განსაკუთრებული ძეგლია. საქართველოში რამდენიმე ადგილას გვხვდება ტრავერტინი. ერთ-ერთი თრუსოს ხეობაშია, თერგის მარჯვენა სანაპიროზე და ისიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, რადგან გვერდით ჩამომავალი გზა ყოველდღიურად აზიანებს. მცირე ტრავერტინი არის გუდამაყრის არაგვის ხეობაში და ასევე - თუშეთშიც, სოფელ დართლოსთან, მაგრამ ყველა ერთად აღებული, ვერ შეედრება ჯვრის უღელტეხილისას. ეს უკანასკნელი, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის, ბიდარას ხეობაშია. ის ემიჯნება ზვავამრიდ გვირაბს, რომელსაც სამშენებლო კომპანია "მამისონი" აღადგენდა-არემონტებდა. ალბათ ეს კომპანია წინასწარი პროექტის მიხედვით მუშაობდა გვირაბის რეაბილიტაციისთვის და ტრავერტინის გავლით გზის გაკეთებაც ამ პროექტის ნაწილი იყო, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს გადაწყვეტილება თავად მუშების ინიციატივაც ყოფილიყო.

სამწუხაროდ, მუშებს ტრავერტინის საკმაოდ მძლავრი, დაახლოებით 2 მეტრის სისქის ფენა მთლიანად აუღიათ და ამ უნიკალურ წარმონაქმნთან მისასვლელი გზა მთლიანად "აუთვისებიათ". რასაკვირველია, გზებიც აუცილებელია და გვირაბებიც, მით უფრო, რომ სამხედრო გზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ არტერიას წარმოადგენს, მაგრამ რეაბილიტაცია ბუნების ამ გასაოცარი წარმონაქმნის განადგურების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. გარდა სილამაზისა, გეოგრაფ-გეოლოგებისა და ეკოლოგებისთვის ტრავერტინი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან აქ ხშირად გვიწევს სტუდენტებისთვის საველე ლექციების ჩატარება; არაერთმა სტუდენტმა სწორედ ტრავერტინზე შექმნა სადიპლომო ნამუშევარი, იწერება ძალზე საინტერესო სამაგისტრო და სადოქტორო შრომები. სამოგზაურო ტურის ბოლოს, გამოკითხვისას უმრავლესობა ბუნების ძეგლებს შორის გამორჩეულად სწორედ გზასთან ახლოს წარმოქმნილ ტრავერტინზე ლაპარაკობს აღფრთოვანებით.

- რა დონეზე დააზიანეს ტრავერტინი და რამის გამოსწორება თუ შეიძლება?

- უნიკალური, ყველაზე ლამაზი ფრაგმენტი მოჭრილია და ის ხელოვნურად ვერ აღდგება. რაც განადგურებულია, აღარაფერი ეშველება, ხოლო რაც დარჩა, ფერდობზეა და მდებარეობიდან გამომდინარე, გულითაც რომ მოინდომონ, ვეღარაფერს უზამენ. მასთან მისასვლელი გზა კი, ფაქტობრივად, აღარ დატოვეს. ახალი ტრავერტინის ზრდას ალბათ ასეულობით წელი დასჭირდება, რადგან მიწიდან ამოსული წყალი აქამდე საკმაოდ დიდ სივრცეზე ნაწილდებოდა და იზრდებოდა კარგად. ახლა წყალს ასეთი გასაქანი აღარ ექნება... დაჯერებაც არ მინდა, რომ ტრავერტინი გამიზნულად გაანადგურეს. ეს ამბავი ალბათ არც პოლიტიკური კუთხით უნდა განვიხილოთ, ამ ქმედებას უფრო დიდ შეცდომას ვუწოდებდი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია