რა აქტივებს ფლობს საქართველოში ლიტველი ბიზნესმენი?

რა აქტივებს ფლობს საქართველოში ლიტველი ბიზნესმენი?

ლიტველი ბიზნესმენის, საულიუს ვაიტკიავიჩუსის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 მაისს ჩატარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბიზნესმენი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა სამართალდამცავებმა 29 მაისს, გამთენიისას, გამშვებ პუნქტთან დააკავეს. იგი კიევში მიფრინავდა. დაკავებულს სხვისი ნივთის მითვისებაში დასდეს ბრალი, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბიზნესმენის დაკავების ფაქტზე ინფორმაცია პირველად ლიტვური მედიით გავრცელდა. მისი მეუღლე ვაივა ვაიტკიავიჩენე ამბობდა, რომ მისთვის უცნობი იყო, რას ედავებოდნენ მის მეუღლეს. თუმცა ამტკიცებდა, - ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ გამოძიება დაინტერესდა საულიუს ვაიტკიავიჩუსის კავშირებით ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან, დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც ასევე იყო ტელეკომპანია "პიკის" მფლობელი. მისი თქმით, პროკურატურას აინტერესებს, როგორ და რა გზებით იყო დაკავშირებული ის წინა ხელისუფლებასთან.

საულიუს ვაიტკიავიჩუსი და მისი მეუღლე, ვაივა ვაიტკიავიჩენე ქართულ ბიზნესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ისინი სუპერმარკეტების ქსელს ფლობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლი "პოპულის" დირექტორი იყო, ქმარი - "იოლის", მაგრამ ცოლ-ქმარმა წილი რამდენიმე თვის წინ გაყიდა. ამის მიუხედავად, ლიტველი ბიზნესმენი საქართველოში კიდევ არაერთ კომპანიაში ფლობს წილს. მთავარი პროკურატურა მას სწორედ ერთ-ერთი კომპანიიდან სოლიდური თანხის - 2 მილიონი ლარის მითვისებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, საულიუს ვაიტკიავიჩუსი კომპანია "კავკასუს ელექტრომარკეტის" გენერალური დირექტორი იყო. ამ კომპანიამ 2010 წელს ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "აფთაუნ თბილისთან", რათა სავაჭრო ცენტრში დაემონტაჟებინა სავენტილაციო სისტემა. "კავკასუს ელექტრომარკეტმა" კი საულიუს ვაიტკიავიჩუსის ინიციატივით, ხელშეკრულება სავენტილაციო სისტემების ყიდვის მიზნით ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია "ვიტასანთან" გააფორმა და წინასწარ, ავანსის სახით მას 2 მილიონი ლარი გადაურიცხა. როგორც პროკურატურა ირწმუნება, ეს იყო ფიქციური ხელშეკრულება, "ვიტასანს" "კავკასუს ელექტრომარკეტისთვის" სავენტილაციო სისტემები არ მიუწოდებია და ეს თანხა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საულიუს ვაიტკიავიჩუსმა 2010 წლის ნოემბერში მიითვისა.

სასამართლო პროცესზე პროკურორი ამტკიცებდა, რომ წაყენებული ბრალდება გამყარებული იყო მოწმეთა ჩვენებებით. "აუცილებელია დაკავება, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს გამოძიებას. არის საშიშროება, რომ ის გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ის არის ამ ფირმის თანადამფუძნებელი და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე. არის საშიშროება, რომ მიემალება გამოძიებას, მით უფრო, რომ ის აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას და გამშვებ პუნქტზე დააკავეს," - განაცხადა პროკურორმა და მტკიცებულებად ელექტრონული ბილეთი წარადგინა. ისიც დასძინა: - ის უკან დაბრუნებას არ აპირებდა, მხოლოდ ქვეყნიდან გასამგზავრებელი ბილეთი ჰქონდა შეძენილიო. "საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო "პოპულისა" და "იოლის" მეპატრონე, ბოლო დროს გაასხვისა ყველა ბიზნესი. ესეც ადასტურებს, რომ ქვეყნიდან მიდიოდა. ასევე აკეთებდა მინდობილობას საქართველოს მოქალაქე ირაკლი ყანდაშვილის სახელზე, რომ შემდეგ საზღვარგარეთიდან შეძლოს ბიზნესის მართვა. ის არის ლიტვის მოქალაქე, საქართველოში არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გარეთ დარჩენის შემთხვევაში მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელი იქნება. მხოლოდ დაპატიმრება არის ერთადერთი გარანტი და იმის შემაკავებელი, რომ მან სხვა დანაშაულზე აიღოს ხელი", - დასძინა ბრალმდებელმა. თუმცა მის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ ბრალდებულის ადვოკატები. ისინი ითხოვდნენ, არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდებინათ მისთვის, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.

გაირკვა, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2 მაისს დაიწყო და ბოლო საგამოძიებო მოქმედება 16 მაისს ჩაატარა. ბიზნესმენს ყოფილი პარტნიორები უჩივიან. ადვოკატების თქმით, ბიზნესმენმა არც კი იცოდა, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული რომ იყო და არც დაკითხვაზე დაუბარებია ვინმეს. პროკურორებმაც დაადასტურეს ეს ფაქტი, განაცხადეს, რომ დაბარება ვერ მოასწრეს. ეჭვობენ, შესაძლოა, საქმის აღძვრის შესახებ მას გაეგო იმ მოწმეებისგან, რომლებიც იცნობენ ბიზნესმენს და რომლებიც ამ საკითხზე დაჰკითხა პროკურატურამ. საულიუს ვაიტკიავიჩუსის ადვოკატებმა აბსურდული უწოდეს პროკურორების არგუმენტებს და განაცხადეს, რომ ბიზნესმენი საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიდიოდა. ადვოკატებმა ბრალდებულის მისამართით გამოთქმული პროკურატურის ყველა მოსაზრების გაბათილება სცადეს და პროცესზე აშკარად გამოიკვეთა მათი უპირატესობა. უფრო არგუმენტირებული და დასაბუთებული ჩანდა მათი პოზიცია. ადვოკატების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება პროკურატურის მტკიცება, რომ ლიტველმა ბიზნესმენმა საქართველოში ყველა ქონება გაყიდა. ეს თავად ბრალდებულმაც დაადასტურა პროცესზე.

საულიუს ვაიტკიავიჩუსის ჩვენებიდან:

-1978 წლის 6 მაისს დავიბადე. ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ვილნიუსში. ნასამართლევი არ ვარ. ტაბახმელაში, ნაქირავებ ბინაში, ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ. არ ვაპირებდი ქვეყნიდან გაქცევას. მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის მივდიოდი. იმ კომპიუტერში, რომელიც ჩემგან ამოიღეს, არის ელექტრონული წერილები, სადაც ჩემი გამგზავრების მარშრუტია მოცემული. არის მიმოწერა ჩემი ჯგუფის წევრებთან. აფროსნობაში შეჯიბრების მონაწილე ვიყავი. საქართველოში 20 ივნისამდე უნდა დავბრუნებულიყავი. ვინაიდან ზღვაში გავდიოდით და ბუნების მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ამიტომ არ ვიცოდი, როდის დასრულდებოდა შეჯიბრება და როდის დავბრუნდებოდი. მხოლოდ ამიტომ არ მიყიდია ბილეთი. თან ჩემი ოჯახი აქ დავტოვე და 17 ივნისამდე აქ აპირებდნენ დარჩენას. ბინა ნაქირავები მაქვს სექტემბრამდე. გარდა ამისა, მე საქართველოში არაერთ კომპანიაში ვფლობ წილს. "კავკასუს ელექტრომარკეტში", "ჯი ეს კონსალტინგში", "კოპა გრუპში" და "ფუდ სერვის სოლუშენში". ამ კომპანიების მართვაშიც ვარ . კომპანია "ჯი ეს კონსალტინგის" ხელმძღვანელი უნდა ვიყო მინიმუმ ორი წელი. წელს ამირჩიეს. ასევე ვარ საქართველოში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა და შემოსვლა. რაც მთავარია, არ ვიყავი ინფორმირებული, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. ის, რასაც ახლა მედავებიან, ადრე ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ განიხილა, იქ დაკითხვაზე 4-5-ჯერ ვიყავი და ყველა კითხვას გავეცი პასუხი. მაშინ საქმე არ აღუძრავთ. ამ საკითხზე სამოქალაქო დავაც მოგებული მაქვს. როცა დამაკავეს და მითხრეს რას მედავებოდნენ, პოლიციელებს ვუთხარი, რომ ამ საკითხზე ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში საქმე შეწყვეტილი იყო.

მოსამართლე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მთავარ პროკურატურას ინფორმაცია ამის შესახებ. პროკურორმა უპასუხა, - არ ვიცოდით, ვაკე-საბურთალოს პროკურატურა ამ საქმეს ადრე თუ იძიებდაო. ბრალდებულის ადვოკატების თქმით, სახეზე იყო არა სისხლის სამართლებრივი, არამედ - სამოქალაქო დავა.

"ბიზნესმენს მეწილეებმა უჩივლეს. როგორც საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში, ასევე აპელაციაში მოიგო მან ეს პროცესი. როგორ ფიქრობთ, აქ რომ გამოკვეთილიყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოსამართლეები ამაზე თვალს დახუჭავდნენ? უფრო მეტიც - ვაკე-საბურთალოს პროკურატურამაც განიხილა და მიიჩნია, რომ აქ გასარკვევი იყო სამოქალაქო ურთიერთობა. ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც ბიზნესმენის დაკავების დროს იქნა დაშვებული.

"ბიზნესმენი გამთენიისას, 5 საათსა და 25 წუთზე დააკავეს და 8-ის ნახევარზე დასრულდა საგამოძიებო მოქმედება. განყოფილებაში 11-ის 5 წუთზე შეიყვანეს და ჩვენთვის უცნობია, 3 საათის განმავლობაში სად ჰყავდათ იგი. ყველგან ვეძებდით მას და ბოლოს მოდულის შენობაში ვიპოვეთ... ბოლო საგამოძიებო მოქმედება 16 მაისს ჩატარდა მთავარ პროკურატურაში. სად იყო ამდენ ხანს პროკურატურა და 29 მაისამდე რატომ არ დაიბარა ბიზნესმენი, კითხვები თუ ჰქონდა? მას საიდან უნდა სცოდნოდა ამ ფაქტის შესახებ? მაშინ პროკურატურამ დაადასტუროს, რომ ის ინფორმირებული იყო. ურთიერთგამომრიცხავია მათი პოზიციები - ამბობენ, რომ საქართველოში ის არ ფლობს ქონებას და გაქცევას აპირებდა, მაგრამ იქვე ამბობენ, - ის წილების მეპატრონეა და თანამშრომლებზე ზეწოლა შეუძლიაო. სად არის აქ ლოგიკა? მაშინ წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ ზეწოლას ახდენდა ვინმეზე. ბრალდებები სრული აბსურდია და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ დარბაზიდან გათავისუფლებას", - თქვა ადვოკატმა.

საქმის სასამართლო განხილვა 2 საათს გაგრძელდა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი სასამართლო დარბაზიდან არ გასულა, ისე გამოიტანა გადაწყვეტილება. 15 წუთის განმავლობაში, კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო მასალებს და საბოლოოდ, საულიუს ვაიტკიავიჩუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. მოსამართლეს მისთვის ქვეყნიდან გასვლაც არ აუკრძალავს. სურვილის შემთხვევაში ლიტველ ბიზნესმენს ქვეყნის დატოვებაც შეუძლია. მას დარბაზში მეუღლე და მეგობრები ელოდნენ. ცოლს ხელი გადახვია და ისე გავიდა სხდომის დარბაზიდან.

უფრო მეტი დეტალის გარკვევა ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილთან ვცადეთ.

- შარშან დაიწყო სამოქალაქო დავა. ფირმის სხვა დამფუძნებლები ედავებიან, - 2 მილიონი ფირმის საზიანოდ გამოიყენაო. ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და მან მოიგო ეს პროცესი. სავარაუდოდ, ეს გასაჩივრდება უზენაესში - "კარფურის" ობიექტებში ვენტილაციის მოწყობაზეა საუბარი. მის კომპანიას უნდა გაეკეთებინა იქ სავენტილაციო სამუშაოები და შესრულდა კიდეც.

- "ვიტასანი", სადაც მან ეს თანხა გადარიცხა, ვის მფლობელობაში იყო და იქ რატომ გადარიცხა?

- ამაზე მას ჯერ გამოძიებაში ჩვენება არ აქვს მიცემული, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. დამატებით ინფორმაციას მასთან შეუთანხმებლად ვერ მოგაწვდით.

- დაკავებულის მეუღლის მტკიცებით, მას სთხოვდნენ დაესახელებინა, ძველი ხელისუფლების რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა ურთიერთობა. რა ინფორმაცია გაქვთ, კონკრეტულად რას ითხოვდნენ?

- ამ თემაზე კომენტარს ის საჭიროდ არ მიიჩნევს. ამიტომ კომენტარის გარეშე დავტოვებ მეც.

- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, მისი კუთვნილი წილები ვის მფლობელობაში გადავიდა?

- საუბარია "გუდვილისა" და "იოლის" წილებზე. ამ ფირმების დამფუძნებელი იყო და აღარ არის. მას დიდი ხანია, დათმობილი ჰქონდა "გუდვილის" წილები. რამდენიმე პარტნიორთან ერთად დააფუძნა "გუდვილი". როდის გაასხვისა, ზუსტად ვერ გეტყვით.

- ელოდით ამ შედეგს?

- ბრალდება დაუსაბუთებელი იყო, საპროცესო ნორმები - დარღვეული და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, სხვა გადაწყვეტილება მიეღო. სასამართლო და პროკურატურა ძველებურად შეხმატკბილებულები აღარ არიან და ამან გამოიწვია ეს შედეგი. მოსამართლე გოგინაშვილი, რომელიც დღეს გულჩვილი და ლმობიერი მოსამართლის სახით წარდგა, ის მოსამართლეა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს პასუხისგებაში აძლევდა. მათ რიცხვში მეც ვიყავი, უშუალოდ მან გასცა ჩემი პატიმრობის დადგენილება და დღეს პოლიტპატიმრის სტატუსი მაქვს. პროკურატურა სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იყოს და სამოქალაქო დავა დანაშაულის ჭრილში არ უნდა განიხილოს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ