რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს

მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დიცთან, რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს და საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს, რუსეთ-საქართველოს თითქოს შედარებით დამთბარი ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინის მეშვეობით მიმდინარეობს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს პრაღაში გამგზავრებამდე შევეხმიანეთ, სადაც მასსა და კარასინს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო.

- ჩვენი ფორმატი შეიქმნა იმისათვის, რომ უფრო სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სა­ტრანსპორტო საკითხები განვიხილოთ, ხოლო ის თემები, რაც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ პრობლემებთან, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება (რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება-ნ.კ.). ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი რთული სიტუაცია ჟენევის ფორმატის განსახილველია და ქართული მხარის ინტერესშია, რომ ეს ბალანსი, შერჩევითობა - თუ სად რა განიხილება - არ დაირღვეს, მაგრამ დღევანდელი ვითარების სიმწვავის, არასტანდარტულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, წმინდა ჰუმანიტარული პოზიციებიდან, ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლი.

- როგორ აფასებთ გრიგორ კარასინის იმ განცხადებას, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენები - მავთულხლართების გაბმა - რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ხდება?

- რუსულ მხარეს თავისი ხედვა აქვს, მათი თვალთახედვით, რუსეთი დახმარებას უწევს "დამოუკიდებელ სახელმწიფო სამხრეთ ოსეთს," ეხმარება სასაზღვრო ზონის შექმნაში. პოზიციას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, მსოფლიოში არავინ ეთანხმება, რუსეთი ამას ხედავს, თუმცა, მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ აქვს უფლება, დაეხმაროს "მეზობელ დამოუკიდებელ ქვეყანას."

- სამომავლოდ დიალოგისას გაგრძელდება საუბარი ქართული მინერალური წყლების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გა­რდა, სხვა სახის პროდუქციის რუსეთში შეტანაზე?

- დიახ, ექსპორტის გაფართოებაზე საუბარი აუცილებლად იქნება. მას შემდეგ, რაც შარშან დეკემბერში ჩვენი დიალოგი დაიწყო, მოგვარდა სატრანსპორტო პრო­­ბლ­ე­მები, შესაძლოა, რუსულმა მხარემ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც ისაუბროს.

- დიცში განვითარებული მოვლენების შემდეგ განახლდა მწვავე კამათი სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა არმონაწილეობის საკითხზე, ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა - ღირს კი ამ ყველაფრის შემდეგ ოლიმპიადაში მონაწილეობა?

- საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით ჩვენი პოზიცია ასეთია. სოჭის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ დიდი დროა... საორგანიზაციო თუ სხვა საკითხებს ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსეთის შესაბამის კომიტეტთან ერთად, ასე რომ, კარასინთან შეხვედრებზე ამ თემას დეტალურად არ განვიხილავთ, მერე, თუკი ამის საჭიროება გაჩნდა, პროცესში ჩავერთვებით; ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის.

- რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფრიკული ღორის ჭირის გავრცელება საქართველოს მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური დივერსია იყო?

- ამაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი: საქართველოს ტერიტორიაზე, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, შექმნილია დაავადებათა კონტროლის უმაღლესი დონის ე. წ. "ლუგარის ლაბორატორია" და თუ რუს ექსპერტებს, მეცნიერებს აქვთ გარკვეული ეჭვები, ჩამოვიდნენ და ამ ლაბორატორიაში შეამოწმონ ინფორმაცია ნებისმიერი ბიოლოგიური საფრთხის, მათ შორის, ღორის ჭირის თაობაზე. ამ ლაბორატორიის კარი ყველასთვის ღიაა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა