რატომ მოითხოვს დავით საყვარელიძე ჟვანიას საქმის ბოლომდე მიყვანას

რატომ მოითხოვს დავით საყვარელიძე ჟვანიას საქმის ბოლომდე მიყვანას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი დავით საყვარელიძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას კრიტიკულად აფასებს:

- ბატონო დავით, ბოლო ხანებში მომხდარ მოვლენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაა, თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამას სავსებით ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნევს.

- როგორ შეიძლება, მერაბიშვილის დაჭერა ვინმემ ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნიოს, როცა 13 ათასი დამნაშავე გამოუშვეს საპატიმროებიდან? ამ დროს კი ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოტივით აკავებენ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს - ციხეში ზის ორი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასამართლებენ თავდადებულ რიგით პოლიციელებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები, ჰყავთ შვილები. ეს ხალხი წლების განმავლობაში ებრძოდა დამნაშავეთა სამყაროს და დანაშაულს, რის გამოც საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საპირისპიროდაა.

- თუმცა, მერაბიშვილზე ლაპარაკისას მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე სანდრო გირგვლიანის სახელიც…

- გირგვლიანის საქმე მართლაც სამწუხაროა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, რადგან პირადად ვიცნობდი და ურთიერთობა მქონდა ამ ბიჭთან. როგორ უნდა გადაიტანო ადვილად ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, მაგრამ დამიჯერეთ, არ შეიძლება ასეთი საკითხებით მანიპულირება და სპეკულირება. უკვე ცხრა წელია იმეორებენ, რომ ლამის ვანო მერაბიშვილმა მოკლა გირგვლიანი, ლამის პირადად გაუსწორდა. ამას წინათ "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გამოვიდა და, ზურაბ ჟვანია თქვენ მოკალითო, დაგვაბრალა, პროკურატურისაგან ამ საქმის გამოძიება მოითხოვა. სხვათა შორის, მეც მოვითხოვ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. იაფფასიანი პოპულიზმი და საზოგადოების მანიპულირება შვებას არავის მოუტანს. ხალხი ელოდება პასუხს ჟვანიას გარდაცვალებაზე, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია გავეცით პასუხი. ასევე ველოდებით რაფალიანცის საქმის გამოძიებასაც. კაციჭამიებად რომ გამოგვიყვანეს არჩევნების წინ, გამოიძიონ! 8 თვე გავიდა, რაც ხელისუფლებაში არიან და რატომ არ იძიებენ? ბატონი კბილაშვილი ყოველ მეორე ტოქშოუში რომ ზის და ლამის ეჭორავება წამყვანებს იმ საქმეებზე, რომელთა გამოძიება ჯერ დაწყებულიც კი არ არის, რატომ არაფერს ამბობენ რაფალიანცის მკვლელობაზე, ან რატომ მიჩუმათდა ამ ხნის განმავლობაში რობაქიძის მკვლელობის საქმე? ეს არის მაგათი სამართლიანობის აღდგენა? ეჭვი მეპარება, რომ ამ რიტორიკამ ჩვენს ოპონენტებს კარგი შედეგი მოუტანოს. სხვათა შორის, ძალიან გამაკვირვა მანანა კობახიძემაც, რომელიც ვიცე-სპიკერია და როგორც ჩანს, სერიოზული ამბიციები აქვს პოლიტიკაში. მან თქვა - "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთ დარბაზში ყოფნა მიჭირსო. ახლა ჩვენ გვკითხოს, რამდენად გვიჭირს იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პოლიტიკური პატიმრის საფარქვეშ უშვებენ ყაჩაღებს, მძარცველებს, ჯაშუშებს და ადამიანის გაუპატიურების გამო დაჭერილებს. ძნელია იმის მოსმენაც, რაც ბატონმა გოგი ქავთარაძემ თქვა - ხალხი მეუბნება, ნაციონალებს საერთოდ ხმა არ ამოაღებინოთ პარლამენტშიო! ასაკოვანი, გამოცდილი კაცია, 1990-იანი წლები გამოვლილი აქვს და მგონი, უნდა იცოდეს, რომ სწორედ ასე იწყება დაპირისპირება ადამიანებს შორის. ხელისუფლება პირდაპირ აანონსებს, რომ მას არ სურს ჰყავდეს ძლიერი ოპონენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. თუ გსმენიათ, რომელიმე განვითარებული ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს ეთქვას - მე მალე წავალ და ისე დავალაგებ ყველაფერს, როგორც მსურსო? ივანიშვილი კი ამბობს. ბატონი პრემიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ნინო ბურჯანაძე უნდა იყოს პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი უნდა იყოს, "ნაციონალური მოძრაობა" კი - არა! აი, ასეთი ლიდერების პირობებში უწევს საქართველოს ცხოვრება.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, თქვენს მთავრობას სამართლიანად ხომ არ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ციხეები პატიმრებით იყო გადატვირთული?

- კი მაგრამ, ხომ უნდა გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში 2003 წლამდე? მაშინ მართლა სამართლიანობის აღდგენა იყო კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების გასამართლება. განა ხალხის დაკვეთა არ იყო მაშინ კრიმინალებთან ბრძოლა? რატომ ავიწყდება ეს ყველას? რატომ ავიწყდებათ, რომ დების, ცოლებისა და მეუღლეების გარეთ გაშვება ეშინოდათ? - ან საყურეს ჩამოგლეჯდა ვინმე, ან სადარბაზოში გააუპატიურებდა, რაც დღეს უკვე ყოველ ნაბიჯზე ხდება! ამ ფონზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აირჩია და ამით სწორედ საზოგადოების დაკვეთა შეასრულა. რა თქმა უნდა, მანიაკები არ ვართ, რომ ხალხის ციხეში ჩაყრა სიამოვნებას გვანიჭებდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოწვევები სახელმწიფოს წინაშე, სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების ხელში ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა: ციხეში პატიმარი ჩაქოლეს, სოზარ სუბარმა კი შევარდნაძის დროინდელი ვერსია შემოგვთავაზა - ეს პატიმარი კიბიდან დაგორდა, ხრეშზე დაეცა და გარდაიცვალაო. ეს არის ნორმალური სახელმწიფო? ეს ჯობია ჩვენ მიერ აშენებულ ქვეყანას?

- პროგნოზირებენ, რომ კიდევ დააპატიმრებენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს...

- ამას პროგნოზი აღარც სჭირდება, ეს ბატონი ბიძინას მიერ პირდაპირ გაცხადებული რიტორიკაა და დაპატიმრებები გაგრძელდება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოტივით. არადა, რომელ სამართლიანობაზეა ლაპარაკი, როცა ყველამ იცის ჟანგიანი მაკაროვის საქმე, რომელიც პოლიციის პოლკოვნიკ თენგიზ გუნავას ჩაუდეს. ყველას გვიმუშავია ძალოვან ორგანოებში და ვიცით, რომ ბევრად უკეთესი იარაღის ტარების უფლება გვაქვს და ჟანგიანი მაკაროვი არაფერში გვჭირდება. ბატონი ღარიბაშივილი აცხადებს, რომ მკაცრი ხელი გაატარა ამ საქმეში, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ გამოიძიეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი პიროვნება, გვარად თოფურია, რომელმაც თენგიზ გუნავას დაკავების ოქმი შეადგინა, დღეს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გვევლინება. მეორე "უნიკალური" შემთხვევაა ხვედელიძე - არ მახსენდება, კომუნისტურ ეპოქაშიც კი პირადი ცხოვრების ამსახველი ასეთი ბინძური კადრები ვინმეს გამოექვეყნებინოს. ამ ადამიანს ზარ-ზეიმით აკავებენ და 5 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად უშვებენ, გმირ პოლიციელებს კი ციხეში სვამენ. რატომ? - იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრს ასე სურს! ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები კი მოიგო, მაგრამ მისთვის სამოქალაქო პატრიარქის წოდება არავის მიუნიჭებია. მას სურს გახდეს ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო პატრიარქი, მაგრამ ამას ძალიან დიდი დამსახურება უნდა. ვითომ რუსეთთან ვაგვარებთ ურთიერთობას და იმის ნაცვლად, რომ ამ პოლიტიკას რაღაც შედეგი მოეტანა, ყველაფერს ლანგარზე მირთმეულს ვთავაზობთ - ოკუპაციის კანონის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაუქმებითა და ანულირებით დაწყებული, ონიშენკოს ექსპერტების ლოლიავით დამთავრებული, ბოლოს კი უარეს შედეგებს ვიღებთ. თუ გინახავთ რაიმე ხელშესახები შედეგი ამ პოლიტიკისა, თუ არ ჩავთვლით ე.წ. კანონიერების აღდგენის საბურველში გახვეულ დაპატიმრებებს?

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ