"შეიძლება ეს ლაფანყურის ამბების სამაგიეროა, შეიძლება პრეზიდენტის განცხადებების სამაგიერო"

"შეიძლება ეს ლაფანყურის ამბების სამაგიეროა, შეიძლება პრეზიდენტის განცხადებების სამაგიერო"

ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაჭრილია 9 ჯარისკაცი - ამის შესახებ განცხადება გუშინ საღამოს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. სამინისტროსვე ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა.

ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებზე თავდაპირველად ცნობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სამძიმრის წერილით გახდა ცნობილი. შემდეგ კი დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა თავდაცვის უწყებამ სპეციალური ბრიფინგის საშუალებით გაავრცელა.

ამ ბოლო ინციდენტის შედეგად აისაფის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობამ 29-ს მიაღწია. დაჭრილთა რაოდენობა კი ჯამში 100-ზე მეტია. 9 წლის განმავლობაში, რაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იმყოფებიან, ყველაზე დიდი მსხვერპლი წელს დაფიქსირდა - ბოლო 6 თვის განმავლობაში 11 ჯარისკაცია დაღუპული.

გუშინდელმა ტრაგედიამ საქართველოში კიდევ უფრო გააძლიერა ის ძალები, რომლებიც ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანას მოითხოვენ. გუშინ ამ მოთხოვნით სოციალური ქსელების მეშვეობით აქციაც დაიგეგმა, შაბათს, რუსთაველზე.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით გერმანული მისიის ფარგლებში მსახურობდა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ხელქვეითი, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი განათავსა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ. კიდევ ერთი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში საქართველომ 2012 წლის შემოდგომაზე გაგზავნა.ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ამის წაყრუება არ შეიძლება და ჯარისკაცების დაღუპვას გარკვეულწილად გუშინ დილით "იუთუბიზე" თალიბების სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეორგოლს - "ჯიჰადი ავღანეთში ქართველი ჯვაროსნების წინააღმდეგ" უკავშირებენ.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ამ ვიდეოსა და ჯარისკაცების დაღუპვას შორის პირდაპირი კავშირია და ვისი გავრცელებულიც უნდა იყოს მუქარის შემცველი ვიდეორგოლი, საქართველო ისლამისტური ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

მამუკა არეშიძე: "არ ვიცი, დროის მიხედვით ვიდეომუქარა როდის გავრცელდა და თავდასხმა როდის მოხდა, მაგრამ ეს ორივე ფაქტი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა. შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ მოვლენასთან პირდაპირ კავშირში გამოდის ის ეპიზოდი, როდესაც ავღანეთში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი ჯარისკაცებს ჩაჟინებით ეკითხებოდა, რამდენი კაცი მოკალიო. გამორიცხული არ არის, პრეზიდენტის ამ კითხვა-პასუხმა გამოიწვია ეს რეაქცია, რაც დღეს მოხდა... გავარკვიეთ, რომ დღეს გავრცელებული ვიდეორგოლი საქართველოს ტერიტორიიდანაა ატვირთული... ცეცხლს ვეთამაშებით... მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ისლამისტური ორგანიზაციები არსებობს, ზოგიერთს შესაძლოა, ჩვენი უშიშროება აკონტროლებს, ზოგიერთს - ვერ. ისინი არ არიან აგრესიულები, რომ საქართველოში იარაღი გამოიყენონ, მაგრამ ჩვენს მეზობელ ჩრდილოკავკასიაში ყველაფერი ასე იწყებოდა..". შეიძლება ეს ლაფანყურის ამბების სამაგიეროა, შეიძლება პრეზიდენტის განცხადებების სამაგიერო, ან იმ ჯვრის მიმართ აგრესიაა, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზეა გამოსახული. საბოლოო ჯამში, რის გამოა ეს კონკრეტული შემთხვევა, სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა გახდეს. ბოლო თვეების განმავლობაში იმდენი ჯარისკაცი დაგვეღუპა, რამდენიც 9 წლის განმავლობაში იყო. რაშია საქმე, რთული სათქმელია. იძულებული ვარ, მოვლენების განვითარებაში გარკვეული ლოგიკა ვნახო და ეს ლოგიკა პრეზიდენტის გამონათქვამამდე მიდის. ამის დამტკიცება რთულია და არც მინდა დავიჯერო, რომ პრეზიდენტს შეუძლია, საქმე აქამდე მიიყვანოს, მაგრამ... არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის სურვილია, საქართველოს ხელისუფლება იმ მდგომარეობაში ჩააყენოს, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ჯარისკაცების ავღანეთიდან გამოყვანა მოითხოვოს, ამან კი ოპოზიციაში მყოფ ძალებს დასავლეთის თვალში ათქმევინოს, აი, ხელისუფლება რუსეთზეა ორიენტირებული და ჯარის გამოყვანა სურთო. ხელისუფლება საფრთხის წინაშეა და თუ არაფერი გაკეთდა, ხვალ ქვეყანაც სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება".

მისი თქმით, საფრთხე თვალსა და ხელს შუა იზრდება. ვიდრე ჩვენ გონს მოვეგებით და რაიმე ღონისძიების გატარებას დავიწყებთ, ისინი უკვე ძალიან წინ წავლენ. ამის ნიშნები საკმარისზე მეტია".საქართველოს მკვიდრი მუსულმანები ბუნებით ექსტრემისტები არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ექსტრემისტები ვერ შემოვლენ. საქართველო სავსეა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ადამიანებით, 120 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა და არჩიე, ვინ ვინ არის".თანაც, პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმი მყარად არის ფეხმოკიდებული, ასევე ამ იდეოლოგიის გავრცელების მცდელობაა ქვემო ქართლში. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისლამისტური ორგანიზაციები გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად მოქმედებენ. ადვილი შესაძლებელია, რომ მათ მიერ დაწყებული ჰუმანიტარული საქმიანობა ცოტა ხანში სხვა ტიპის ქმედებაში გადაიზარდოს, რელიგიური იდეოლოგია გვერდზე გადადონ და ექსპანსიონისტური იდეოლოგია წამოიწყონ".საქართველოს ხელისუფლებამ მათ საფინანსო წყაროები უნდა გადაუჭრას, შეცვალოს პოლიტიკა ისლამთან დაკავშირებით, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები, შექმნას ისლამის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ანალიტიკურ პროდუქციას შექმნის, გახსნას საქართველოში ისლამის უმაღლესი სასწავლებელი და ყველა პედაგოგს, ვინც მედრესეში მუშაობს, ატესტაცია ჩაუტაროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებს და ვინ რას ასწავლის", - ამბობს არეშიძე.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, არა მარტო ავღანეთში, კონფლიქტებს საქართველოშიც უნდა ველოდოთ".ამ ყველაფრის მიზეზი არის ლაფანყურში ვაჰაბიტი მებრძოლების ფიზიკური ლიკვიდაცია, ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის გადაჭარბებული ვოიაჟები ავღანეთში, რომელიც მედიაში აქტიურად პიარდება და ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ მუჯაჰედების გაღიზიანებას იწვევს".რომ არა ლაფანყურის ამბავი, ცოტა უფრო მეტ ხანს გაიწელებოდა თავშეკავება, თუმცა რაღაც დოზით თავდასხმები მაინც იქნებოდა. ახლა პირდაპირი მიზანმიმართული შეტევები იქნება ქართულ შენაერთებზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი საზეიმო ღონისძიება ავღანეთში ჩაატარა".

მისი თქმით, შარშან გაზაფხულზე რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა რადიკალმა შეიხის ინიციატივით საქართველო შავ სიაში შეიყვანა. და მაშინ მისმა ორგანიზაციამ ქართულ და უცხოურ მედიას აცნობა, რომ სექტემბერში სალაფიტების (ვაჰაბიტები) მიზეზით საქართველოში ლოკალური მასშტაბის კონფლიქტები მოხდებოდა და სწორედ აგვისტოს მიწურულს მოხდა ლაფანყურის ინციდენტიც.

ზაალ კასრელიშვილი: "აგვისტოს ბოლოს ლაფანყურის ინციდენტიც მოხდა. ამ ამბების შემდეგ ისევ ვამბობდით, რომ უფრო გამძაფრდებოდა რადიკალური ისლამის აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსა და ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მიმართ. მანამდე აგრესიისაგან თავს იკავებდნენ, რადგანაც კულუარებში იყო საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება ისლამისტებს ეხმარებოდა. ლაფანყურის ამბების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ეს ალიბი მოეხსნა..".წლების მანძილზე ვამბობდი და ახლაც ვიმერებ, რომ საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ვინმეს ჰგონია. საუბედუროდ, საქართველოში სანამ პრობლემა უშუალოდ არ შეგვეხება, პრობლემის სერიოზულობას ვერ ვიგებთ. მხოლოდ პოსტფაქტუმ ვმსჯელობთ, პრევენციებზე არ ვმუშაობთ და დღემდე ასე ინერციით მოვდივართ. ვითარება კი უფრო იძაბება. საფრთხე უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ამ საფრთხეს კიდევ უფრო გაამძაფრებს არეულობა თურქეთსა და დაღესტანში", - ამბობს კასრელიშვილი და დასძენს, რომ "პანკისის ხეობის საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებას უცხოური სპეცსამსახურები 22 წელია ცდილობენ და არ გამოსდით, მაგრამ ვაჰაბიტები საქართველოში ყველგან არიან - ზოგან ღიად, ზოგად - შეფარულად.

საფრთხე უფრო შემოსული ადამიანებისგანაა, ვინც სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენებად ან ტურისტებად შემოდის და შეიძლება გარეგნულად სულაც არ ჰგავდნენ ვაჰაბიტებს, არც წვერი ჰქონდეთ და არც გამომწვევად იქცეოდნენ".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა