რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება

რა მოხდა დიცთან და რატომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება

"ეს იყო ძალიან მოულოდნელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ქმედება", - ასე აფასებს რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში, გოგი ხუციშვილი. როგორც ცნობილია, რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული.

- ბატონო გოგი, პოლიტოლოგები რუსეთს ხშირად პოლიტიკურ ხულიგნადაც მოიხსენიებთ. რატომ უნდა ყოფილიყო მისგან მოულოდნელი საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და რატომ შეხვდა ამ ამბავს ხელისუფლება ასე დაბნეული?

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს ნაბიჯი მაინც მოულოდნელი იყო. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კრემლი მიესალმა ქართული მხარის ინიციატივას, ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით, შეიქმნა ახალი ფორმატი ზურაბ აბაშიძისა და კარასინის მონაწილეობით, დაიწყო საუბარი რუსეთში ქართული პროდუქტის შეტანის თაობაზე. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ქართულ-რუსული დიალოგის დაწყებას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. სოფელ დიცთან მომხდარმა ამბავმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს არანაირ კონტექსტში არ ჯდება... სწორედ ამიტომ დაიბნა საქართველოს ხელისუფლება. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, თავისებური შეფასება მიეცათ მომხდარი ფაქტისათვის. რუსეთის მოულოდნელმა ნაბიჯმა გამოააშკარავა, რომ ჩვენ არ გვაქვს თანამიმდევრული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ინციდენტსა და სიტუაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხელისუფლებას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

- მაინც რა მიგვანიშნა რუსეთმა ამ ნაბიჯით?

- რუსეთმა შეშფოთების საფუძველი მოგვცა. თუმცა, არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ ფორმით რუსეთს სურს გვაჩვენოს, რომ ჩვენთან დიალოგის პერსპექტივა არ არსებობს. კრემლს რომ დიალოგი არ აინტერესებდეს, არც კარასინი-აბაშიძის ფორმატის შექმნას დაუშვებდა და არც ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხს განიხილავდა. სხვათა შორის, მოსკოვისთვის არც ჟენევის მოლაპარაკების დახურვა წარმოადგენს პრობლემას...

- მაშინ რაშია საქმე?

- შესაძლოა, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, შემდეგ კი რუსეთმა უკან აღარ დაიხია. როგორც ჩანს, ცხინვალში არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ კრემლი მათ ინტერესებს ისევ იცავს.

- საქართველოში არსებული კონფლიქტების ანალოგად რომელი ქვეყნის კონფლიქტი შეიძლება მივიჩნიოთ?

- პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში გარკვეული მსგავსი მომენტები არის, მაგრამ ყველაზე მეტი პარალელის გავლება იუგოსლავიასთან შეიძლება. თუ დავაკვირდებით, როგორ დაიშალა იუგოსლავიის რესპუბლიკა, როგორ გაარკვიეს ამ ქვეყნებმა ურთიერთობები და როგორ ისწრაფოდნენ ევროკავშირისკენ, ბევრ საგულისხმო დეტალს დავინახავთ. კოსოვო-სერბეთისა და ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებს შორის ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი. სხვათა შორის, საქართველოში ამბობდნენ, კოსოვოს დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაზე გავლენას არ მოახდენსო, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, - ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, სწორედ კოსოვოს პრეცედენტით იყო ლეგიტიმირებული.

- ფიქრობთ, რომ ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური კონფლიქტებიც ისევე დამთავრდება, როგორც კოსოვო-სერბეთის კონფლიქტი?

- არავითარ შემთხვევაში! კოსოვოს დამოუკიდებლობაზე მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით არის - მთელი მსოფლიო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. იმედი მაქვს, რომ დიცის პრეცედენტი სერიოზულ პრობლემებში არ გადაიზრდება.

- როგორ ფიქრობთ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას?

- ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააგვიანა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საპროტესტო ნოტის გადაცემა. ეს უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა. ახლა ისღა დაგვრჩენია, უფრო მეტად გააქტიურდეს ქართული დიპლომატია, საელჩოს წარმომადგენლები...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?