რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება

რა პათოლოგიებს იწვევს 6-7 კილოგრამიანი სასკოლო ჩანთის ტარება

საქართველოში საჯარო სკოლის უმცროსკლასელის ჩანთა (შესაბამისი ექსპერიმენტი ჩავატარეთ) საშუალოდ, 6-7 კილოგრამს იწონის, ანუ საკმაოდ მძიმეა. ჩვენში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ამ საკითხს მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოსთვის "გრიფის მინიჭების წესში" მისი წონის შესახებ არაფერია ნათქვამი. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ლატვიაში, ესტონეთში - სასკოლო ჩანთის წონას ოფიციალური რეკომენდაცია-მითითება არეგუ­ლირებს. ამ აქტუალურ პრობლემაზე თვალსაზრისს ექსპერტი განათლების საკითხებში გიორგი გახელაძე და ქირურგი კოტე ჭანტურია გვიზიარებენ.

კოტე ჭანტურია ქირურგი: სამედიცინო თვალსაზრისით, მოზარდის სასკოლო ჩანთა სამ კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. მძიმე ჩანთის ტარება არაერთ პათოლოგიას იწვევს. სასკოლო ასაკის ბავშვების, მოზარდების ზედმეტი დატვირთვა საზიანოა, რადგან მათი ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოუყალიბებელი, ჯერ კიდევ ხრტილოვანია, გაძვალებული არ არის. ზედმეტმა წონამ კი შესაძლოა, ხერხემლის, გულმკერდის ღრუს, ბეჭებისა და ტერფების დეფორმაცია, ასევე ბავშვის ზრდაში ჩამორჩენა გამოიწვიოს. ჩანთის დიდი წონა შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზი, რასაც მოჰყვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ხერხემლის სვეტის დეფორმაცია, ე.წ. სქოლიოზი, ჩამოშვებული ბეჭები, ბრტყელტერფიანობა, სისხლის მიმოქცევის მოშლა და მრავალი სხვა. მოგეხსენებათ, ბავშვები ზურგზე მოკიდებული ჩა­ნთებით მოძრაობენ, დარბიან, თამაშობენ, რაც ხერხემალზე სიმძიმის არათანაბარ გადანაწილებას იწვევს. ამ ყველაფერს ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მოჰყვება კუნთების, მყესების დაჭიმვა, მოდუნება, რისი შედეგიც სქოლიოზია. ზურგჩანთას ხელჩანთასთან შედარებით უპირატესობა აქვს, დატვირთვა ორივე მხარეს თანაბრადაა გადანაწილებული და მოზარდს მოძრაობაში ხელს ნაკლებად უშლის, მაგრამ ზურგჩანთა მაქსიმალურად ხარისხიანი უნდა იყოს, სასურველია ჰქონდეს რბილი სუპინატორი-ორთოპედიული საფენი.

გიორგი გახელაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში: ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და სათანადო ყურადღებას ითხოვს, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩანთისა და შესაბამისად, სახელმძღვანელოს წონა სახელმწიფომ საკანონმდებლო აქტით უნდა არეგულიროს. შესაძლოა, სკოლამ განსაზღვროს ჩანთის წონა, მაგრამ მაშინ ისიც უნდა აკონტროლოს, რა უდევს ბავშვს ჩანთაში წიგნების გარდა. სასკოლო ჩანთის წონის სამართლებრივი რეგულირება განვითარებული ქვეყნების დიდი უმრავლესობისთვის იშვიათია, ასე­თი რეგულაცია არ არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში. ავსტრიაში, ისევე როგორც ესტონეთსა და ლატვიაში, მას რეკომენდაციის და არა რეგულაცია-მითითების სახე აქვს. ამგვარი სამართლებრივი სტანდარტი არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდ შტატში - კალიფორნიაში, თუმცა მისი განხორციელება უჭირთ. ამ რეკომენდაციით, პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლის თითოეული წიგნის წონა არ უნდა აღემატებოდეს 3 ფუნტს, ანუ კილო-ნახევარს, მეხუთედან მერვეს ჩათვლით - 4 ფუნტს, ანუ დაახლოებით 2 კილოგრამს და ა.შ.

ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარების, მოზარდის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბევრი სხვა საშუალება არსებობს - სასკოლო ბიბლიოთეკების ქსელი მეტი სახელმძღვანელოთი უნდა მოვამარაგოთ. თუმცა, შესაძლოა, სასკოლო ბიბლიოთეკები გავავსოთ სახელმძღვანელოებით (რაც თითქოსდა ჩაფიქრებულიც აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფასო სახელმძღვანელოების ამჟამინდელი პროექტით), მაგრამ სასწავლო პროცესი იმგვარად იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს მაინც მოუწიოს წიგნების ტარებამ სახლში, იმის გამო, რომ გაკვეთილებს, ძირითადად, სახლში სწავლობს. და თუ სასწავლო პროცესი იმგვარად იქნება გადანაწილებული, რომ გაკვეთილების სწავლა სკოლაში მოუწევთ, ეს პრობლემაც მოიხსნება. ხშირად მოჰყავთ ფინეთის მაგალითი, რომელიც განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, არადა, მის საჯარო სკოლებში სწორედ ამგვარი სისტემაა დანერგილი. სასკოლო ჩანთის წონის დაბალანსების, შემსუბუქების კიდევ ერთი გზაა ელექტრონულ საშუალებებზე, წიგნებზე გადასვლაც. ეს გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩანთის ან სახელმძღვანელოს წონის რეგულირება. ამასთან, ჩვენი მოსწავლეები უმეტესად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ, ან ფეხით, დასავლეთის ქვეყნებში კი მათ სპეციალური ტრანსპორტით ამგზავრებენ, შესაბამისად, ჩანთის ტარებაც მცირე დროით უწევთ. აღარაფერს ვამბობ ჩანთების საერთაშორისო სტანდარტზე, ისინი გაცილებით მოხერხებული, კომფორტულია, ამ მიზნით შემოიღეს მგორავი ზურგჩანთები და დიზაინი ამ მიმართულებით სულ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ხდება.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია