"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"

"ვის აძლევს ხელს ქაოსი ჩვენს ქვეყანაში?!"

უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამძიმრის წერილში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა უსურვა. მართლაც, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სიმტკიცე და მშვიდობა სჭირდება. საქართველოს უკვე პირდაპირ დაემუქრა საერთაშორისო ტერორიზმი. დღეს თვითმკვლელი ტერორისტები გააფთრებით უტევენ ავღანეთში ქართულ ბაზებს, ხვალ კი, შესაძლოა, საფრთხე თითოეულ ჩვენს ქუჩასა და სახლს დაემუქროს. ჩვენი თანამოქალაქეების დაშინება არ შეიძლება, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, თუ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ, ყურს მოვიყრუებთ და თვალს დავიბრმავებთ.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მსგავსი შეცდომა დაუშვა, - "ალ-ქაიდასა" თუ "თალიბანის" მათი სახელმწიფოებით დაინტერესება გაზვიადებულ საფრთხედ აღიქვა, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ასობით მოქალაქის ოჯახი გამწარდა. ხელისუფლების მთავარი მოვალეობა საფრთხეების გაანალიზება, მისი თავიდან აცილებაა და არა პოსტფაქტუმ რეაგირება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი, ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც მიიჩნევს, რომ საფრთხე ძალიან სერიოზულია და ზომების მიღებამ არ უნდა დააყოვნოს.

- დიდი ტრაგედიაა ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა. ისიც გვახსოვს, რომ მაისში ქართულ ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა ასევე მსხვერპლით დასრულდა. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კვირის წინანდელი თავდასხმის შემდეგ ქართული კონტინგენტი ერთგვარად მოდუნებული იყო. არადა,პრინციპი, რომ ნაღმი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ დაიდება, ტერორიზმს არ შეესაბამება.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე წლის წინანდელი პირველი ტერაქტის შემდეგ იქაური სპეცსამსახურები მოდუნდნენ, თუმცა ტერაქტი კვლავ განმეორდა და პირველზე ნაკლებად მასშტაბური არ ყოფილა. იგივე მოხდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტებს აქვთ თავიანთი ანალიტიკური სამსახური, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, დაგეგმვის ჯგუფი. მით უმეტეს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა "ალ-ქაიდა" და "თალიბანი".

სხვათა შორის, თავის დროზე, "თალიბანის" შექმნაში მონაწილეობდა პაკისტანის უმძლავრესი სპეცსამსახური - უწყებათაშორისი დაზვერვა. მაშინ "თალიბანის" შექმნის მთავარი მიზანი იყო ავღანეთის ტერიტორიაზე დაძაბული ვითარების განმუხტვა. ამ ქვეყანაში რამდენიმე მძLლავრი დაჯგუფება მოქმედებდა. მათგან გამოსაყოფია ჩრდილოეთის დაჯგუფება, რომელსაც აჰმად შაჰ-მასუდი ხელმძღვანელობდა. ის ჟურნალისტებად გადაცმულმა თალიბებმა მოკლეს. ავღანეთში იყვნენ პუშტუნების საკმაოდ მსხვილი ძალები, უზბეკების დაჯგუფება გენერალ დუსთუმის ხელმძღვანელობით, არცთუ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ ბელუჯების დაჯგუფებები და ა. შ. მოკლედ, ავღანეთში საყოველთაო ქაოსი იყო და აშშ-სა და პაკისტანს ამ დაჯგუფებების განეიტრალება უნდოდათ. ამისთვის უპირველესად გამოიყენეს ოსამა ბინ ლადენი და თალიბები. ამ პროცესში ფინანსურად მონაწილეობდნენ ტრანსნაციონალური კომპანია "იუნიქალი" და მალაიზიური კომპანია "პეტრონასი". ავღანეთში ვითარების დაწყნარების მთავარი მიზანი ის იყო, შუა აზიის ენერგომატარებლებს უპრობლემოდ ემოძრავათ პაკისტან-ავღანეთის გავლით.

ერთხანს მართლაც ასე იყო, მაგრამ შემდეგ "თალიბანი" უკონტროლო გახდა. დღეს "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" მთავარი სამიზნე ანტიტერორისტული კოალიციაა, რომლის წევრი საქართველოც არის. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ესპანეთში 2006 წლის მარტში მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც 160-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა. ამ ტერაქტით დადასტურდა, რომ "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" სამიზნეები მხოლოდ ის ქვეყნები კი არ არიან, რომლებიც ანტიტერორისტული კოალიციის სათავეში დგანან, არამედ ესპანეთის მსგავსი სახელმწიფოებიც, რომლებიც კოალიციაში ფართოდ არ არიან წარმოდგენილი.

- გასულ წლებში ავღანეთში მდებარე ქართულ ბაზებს ასე ინტენსიურად და მასშტაბურად არ ესხმოდნენ თავს. ტერორისტების შეტევების გახშირება რით არის გამოწვეული - ქართული კონტინგენტის გაზრდით, ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის აქტიურად გაპიარებით თუ რაიმე სხვა ფაქტორით?

- არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ბაზებზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი კონტინგენტის გაზრდა, ჩვენი რიტორიკა და ავღანეთის მისიაში ჩვენს წვლილზე ხაზგასმაა. ჩვენ თავი მოგვაქვს, რომ დიდ როლს ვასრულებთ ავღანეთში ანტიტერორისტულ მისიაში, რაც "თალიბანს" აღიზიანებს. გამაღიზიანებელია, მაგალითად, ქვეყნის ლიდერების ვიზიტი ამა თუ ამ ბაზაში, მათი დაუფიქრებელი განცხადებები და ა.შ.

- ამ დღეებში არაერთხელ გამახვილდა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტი ასეთი ინტენსივობით ჩადის ქართულ ბაზებში და ამის ამსახველი ტელემასალა ჯარისკაცების უსაფრთხოების ნორმათა დაუცველად გადის ეთერში.

- არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ვიზიტებმაც შეასრულა გამღიზიანებლის როლი. თუმცა იყო თუ არა ეს ბაზაზე თავდასხმის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმამდე YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოფირი სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსაიტზე არა ავღანეთიდან ან პაკისტანიდან, არამედ საქართველოდან არის ატვირთული. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ვიდეოფირს "თალიბანური" ხელწერა არა აქვს...

- ასეთი ტიპის მიმართვა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისადმი, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ, "თალიბანს" არაერთხელ გაუვრცელებია. თუმცა

ვიდეომასალას "ჯიჰადი საქართველოს წინააღმდეგ" აშკარად "ევროპული ელფერი" აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ ის არ ჰგავს სხვა "ჯიჰადურ" ვიდეომასალებს.

მაგალითად, არ არის მოყვანილი ყურანის ფრაზები, არ ახლავს არაბული მუსიკა, ტრადიციული რელიგიური მოწოდებები, შაჰიდების ფოტოსურათები. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიდეოფირის ავტორი არ არის ავღანელი, არაბი ან მოჯაჰედი. ამ ყველაფერზე სპეცსამსახურების ანალიტიკოსებმა უნდა იმუშაონ.

- დავუშვათ, ეს ვიდეოფირი საქართველოში აიტვირთა. ალბათ, ორ ვერსიაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიღაცამ გარკვეული მიზნებისთვის ხალხის პანიკაში ჩაგდება გადაწყვიტა, ან "თალიბანს" საქართველოში ჰყავს დასაყრდენი. თუმცა, ალბათ, ხაზი უნდა გავუსვათ - ვიდეოფირის ატვირთვიდან რამდენიმე საათში ქართულ ბაზას თავს დაესხნენ. არა მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.

- საზოგადოდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს ტერაქტის დაანონსება არ სჩვევიათ. როგორც წესი, მხოლოდ შემდგომ ავრცელებენ ვიდეომასალას.

სწორედ ვიდეომასალის გავრცელებისა და ტერაქტის დამთხვევა აძლიერებს ეჭვს, - მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოფირი ჯიჰადის კლასიკური ნიმუში არ არის, მის გავრცელებასა და ტერაქტს შორის კავშირია. შესაძლოა, ვიღაცას უმტყუნა ნერვებმა და ვიდეოფირი ადრე ატვირთა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა