სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს

სასჯელაღსრულების სისტემის ზოგიერთ თანამშრომელს წერა-კითხვა უჭირს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულია 11 789 ადამიანი, ხოლო შეწყალების შედეგად - 1 791 პატიმარი.

დღევანდელ პრეზენტაციაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. კერძოდ, მისი თქმით, 5 თვის განმავლობაში საპატიმროებში 11 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით შემცირებულია.

პრეზენტაციაზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მიხეილ ღურწკაიამ აღნიშნა, ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. მაყურებლების პრობლემა.

როგორც მიხეილ ღურწკაიამ განაცხადა, 15-დან 12 დაწესებულებაში პრობლემა არსებობს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის პრობლემა.

მიხეილ ღურწკაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე სიახლეების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, უახლოესი წლების განმავლობაში რუსთავის #16-ე დაწესებულებაში მოეწყობა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც მსჯავრდებულებს ექვსი პროფესიულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ექნებათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები #16-ე დაწესებულებაში საწარმოს გახსნის შესახებ, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და მიეცემათ ხელფასები.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ორი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაა, სადაც ფსიქიურად დაავადებულ და ნარკოდამოკიდებულ პატიმართა რეაბილიტაცია მოხდება.

ღურწკაიას ინფორმაციით, ასევე იგეგმება ქალთა დაწესებულების რუსთავიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადმოტანა. ასევე, უვადო თავისუფლება აღკვეთილთათვის სპეციალური დაწესებულების მოწყობა, რომელიც 150 უვადო პატიმრობამისჯილზე იქნება გათვლილი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასევე მოხდება ციხის თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება. მისი თქმით, სისტემაში რჩებიან ისეთი ადამიანები, ვისაც წერა-კითხვა უჭირთ. მათთვის ჩატარდება ტესტირება და ამის შემდეგ გამოცხადდება ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი, რის შედეგადაც, ციხის ყოფილი თანამშრომლები ჩანაცვლდებიან ახალი თანამშრომლებით.

ცვლილებები იგეგმება შინა განაწესშიც. როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებები ერთი შინა განაწესით მოქმედებენ, რაც მისი თქმით, სწორი არ არის და უახლოეს პერიდოში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, თითოეულ დაწესებულებას ინდივიდუალური შინა განაწესი ექნება.

მისივე თქმით, ნახევრად ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შესაძლოა ულიმიტო ტელეფონით სარგებლობის უფლება მიეცეთ. ხოლო დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს დღეში ერთხელ, რიგ შემთხვევებში კი ორჯერ, ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 6 თვის განმავლობაში სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, დღეის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ