ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა

ეგვიპტელებს სჯერათ, რომ საქართველო პირველ ივლისს ევროკავშირში შევა

"ეგვიპტელთა იმიგრაცია საქართველოში: აღქმული მიწა თუ სულელების სამოთხე?" – ამ სათაურით აქვეყნებს ეგვიპტური ვებგამოცემა იასმინ ვალის სტატიას საქართველოში ეგვიპტელთა იმიგრაციაზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქაიროში, საქართველოს საელჩოსთან შეკრებილები ქრისტიანი ეგვიპტელები საქართველოში - აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა ქვეყანაში თავიანთი მომავალი ცხოვრების ოცნებაზე საუბრობონ.

"ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (MENA) ინფორმაციით, აპრილში, 90 ათასმა ეგვიპტელმა ქრისტიანმა-კოპტმა მიაშურა საქართველოს, მიუხედავად იქ არსებული რელიგიური არეულობების, სამოქალაქო დაპირისპირებებისა და პოსტრევოლუციური ეკონომიკური ბრძოლისა", - წერს იასმინ ვალი.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, MENA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია "ყალბია".

"2011 წლიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში 5 950-მა ეგვიპტელმა იმოგზაურა, რომელთაგან 4 606 უკან, სამშობლოში დაბრუნდა. მხოლოდ 643-ს ჰქონდა მინიჭებული საქართველოში დროებითი რეზიდენტობა, 12-ს კი მუდმივი რეზიდენტობა", - ციტირებს სტატიის ავტორი სამინისტროს პრესსპიკერის აბერ ჰაბიბის განცხადებას, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში წასვლის სურვილს ძირითადად ქრისტიანი ეგიპტელები გამოთქვამენ, რადგან იქ მათ თავისუფლად შეუძლიათ აღასრულონ თავიანთი რელიგიური რიტუალები.

"კოპტებს ძალიან ეშინიათ ეგვიპტეში ცხოვრების. ეს შიში განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფვრდა, რაც აპრილში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ექვსი ადამიანი დაიღუპა", - აღნიშნავს სტატიის ავტორთან საუბრისას აბერ ჰაბიბი.

სტატიის ავტორს ასევე მოჰყავს ადგილობრივების კომენტარები, რომლებიც მასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის დაწყება უნდათ და იქ ამის შესაძლებლობა აქვთ.

"წელიწადნახევრის განმავლობაში დანიშნული ვიყავი და საცოლე მყავდა, მაგრამ ცოლად მაინც ვერ მოვიყვანე, რადგან ბინის საყიდელი ფული არ მქონდა. მე ოცნება მინდა, ეგვიპტეში კი ვერ ვოცნებობ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ეგვიპტელის სიტყვებს.

იასმინ ვალისთან საუბარში ერთ-ერთი ეგვიპტელი ქალბატონი აღნიშნავს, რომ 6 თვის წინ ქაიროში, საქართველოს საელჩომ ეგვიპტურ ეკლესიებს განუცხადა, რომ ეგვიპტელი კოპტების საქართველოში სამოგზაუროდ წაყვანა სურდათ. ამავე ქალბატონის თქმით, საქართველოში კოპტურ ტურიზმსა და ფინანსურ ინვესტიციებს ხელს უწყობენ, საკუთარი დასუსტებული ეკონომიკის გამძლიერებისთვის.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ბევრი ეგვიპტელისთვის საქართველო მდიდარი დასავლეთისკენ მიმავალი პოტენციური კარიბჭეა.

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ეგვიპტელებს მუდმივ საცხოვრებელს სთავაზობს, განსხვავებით ამერიკისგან. ეგვიპტელთა გარკვეულ ნაწილს შეუძლია აშშ-სა და კანადაში იმიგრაცია, თუმცა ჩემისთანებს მხოლოდ საქართველოში წასვლა შეუძლია", - ციტირებს სტატიის ავტორი 40 წლის აჰმედ მოჰამედის სიტყვებს, რომელიც ასევე ამბობს, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლა იმიტომ უნდა, რადგან სჯერა, რომ "1 ივლისისთვის ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება".

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტურისტული კომპანიები ეგვიპტელებს საქართველოში გადასვლის შემთხვევაში კარგ სამსახურსა და ადგილობრივი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დახმარებებს ჰპირდება. თუმცა, როგორც სტატიის ავტორთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, საქართველო ეგვიპტელებს ტურისტულ ვიზებს, ბიზნესმენებს კი მუდმივ რეზიდენტობას ჰპირდება.

"2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო კვლავ განვითარებადი ქვეყანაა. ასე რომ, ეგვიპტის დატოვება და იქ გადასვლა "სულელების ოქროა", - ციტირებს სტატიის ავტორი ერთ-ერთი კოპტი აქტივისტის კომენტარს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში სამოგზაუროდ.

იასმინ ვალისი აცხადებს, რომ მიუხედავად ასეთი მოსაზრებებისა, ბევრი ეგვიპტელი მაინც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ნათელი მომავალი ელით.

"საქართველოში ოცნებების ასრულება შემიძლია – ვიყიდო ბინა და გავზარდო ბავშვები. საქართველოში ბიზნესს წამოვიწყებ და მე და ჩემი ცოლი იმაზე უკეთ ვიცხოვრებთ, ვიდრე აქ ვცხოვრობთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ეგვიპტელის სიტყვებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა