საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია

საქართველოს "ნომერ პირველი ტერორისტი" თავისუფალია

"მევლუდ ჭიჭიაშვილი იმდენად საშიშია, რომ მისი ექსტრადიცია, ბადრაგირება და შემდგომ საპყრობილეში ყოფნა განსაკუთრებულ კონტროლს მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მისი გაქცევის ან ლიკვიდაციის ფაქტი. საჭიროა მისი გაძლიერებული დაცვა".

კობა ნარჩემაშვილი,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2003 წ.

"ჭიჭიაშვილი საქართველოს ნომერი პირველი ტერორისტია".

ვალერი ხაბურძანია, საქართველოს უშიშროების მინისტრი, 2003 წ.

2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე, ციხე კიდევ რამდენიმე ათეულმა კაცმა დატოვა. მათ შორის იყო კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული ჭიჭიაშვილი 2003-2004 წლებში რუსეთ-საქართველოს შორის საჯილდაო ქვადაც იქცა. მოსკოვში დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში ექსტრადიციის სანაცვლოდ რუსეთი ქართულ მხარეს სთხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის გადაცემას, რომელიც იმ პერიოდში, მათივე ინფორმაციით, პანკისის ხეობას აფარებდა თავს.

ჭიჭიაშვილის ციხიდან გამოსვლამ შეაშფოთა ყოფილი სამართალდამცავები (ისინი ფიქრობენ, რომ მისი გათავისუფლება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო), ხოლო საზოგადოებას ერთხელ გაახსენა 21-ე საუკუნის დასაწყისის პანკისის კრიმინალური ანკლავი და მასთან დაკავშირებული ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები.

1994 წლის ნოემბერში, იჩქერიაში რუსეთის სამხედრო ნაწილების შესვლის შემდეგ მოძმე ჩეჩნების დასახმარებლად გროზნოში პანკისიდან უამრავი ახალგაზრდა წავიდა, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ კი ხეობაში უამრავი იარაღი გამოჩნდა. ადგილობრივი პოლიცია უკვე ვეღარ ართმევდა თავს მომძლავრებულ კრიმინალს, ვინაიდან შევარდნაძის ხელისუფლება პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს გულგრილად ადევნებდა თვალს. ორიოდ წელიწადში იქაურობა საერთოდ იზოლირებული აღმოჩნდა დანარჩენი საქართველოსგან, რაც მოგვიანებით კარგად გამოიყენეს ძალოვანმა კრიმინალებმა.

90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში გახშირდა ადამიანების გატაცებები, განსაკუთრებით სამეგრელოსა და კახეთში, თუმცა იმ დროისთვის კახეთში ჯერ კიდევ არ მოქმედებდნენ ქართულ-ქისტური დანაშაულებრივი დაჯგუფებები და ამ "ბიზნესს" უმთავრესად ადგილობრივი კრიმინალები ეტანებოდნენ. 1999 წლის 19 იანვარს საგარეჯოში ჩასული დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი საქმოსნის გატაცებას გეგმავდა, პოლიციელებს გადაეყარა. შეტაკების დროს მსხვერპლი ორივე მხარეს იყო, თუმცა ჯგუფის ლიდერი ჭიჭიაშვილი, თანამზრახველთან ერთად, სამართალდამცავებს ხელიდან მაინც დაუსხლტდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, პოლიციელებს საქმე სწორედ შოთა ჭიჭიაშვილთან ჰქონიათ.

როგორ იქცა ერთ დროს გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერად, არავინ იცის, ასევე უცნობია, თუ რატომ გაჟღერდა ჭიჭიაშვილის გვარი 2001 წლის მუხროვანის სამხედრო ამბოხში.

1999 წელს პანკისში ჩეჩენი ლტოლვილების, ხოლო მოგვიანებით სამხედრო დაჯგუფებების გამოჩენამ ხეობაში კრიმინოგენული სიტუაცია უფრო დაძაბა. მძიმე სოციალური პირობების გამო ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ნარკოვაჭრობა და ადამიანის გატაცება გახდა. პანკისის ხეობაში რამდენიმე ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, მათ შორის შოთა ჭიჭიაშვილისა (ის ერთადერთი ქართველი იყო, რომელსაც პანკისში "საქმიანობის" ნებას აძლევდნენ, ჭიჭიაშვილი დედით ქისტია, სოფელ დუისიდან). ამ დროისთვის გატაცებების "ბიზნესში" ქართულ-ჩეჩნურ-ქისტური 100-კაციანი ბანდა ლიდერობდა. ამ ბანდის ერთი ჯგუფი - დედაქალაქში მყოფი კრიმინალები (როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხანდახან თავად შსს-ს თანამშრომლებიც) აგროვებდნენ ინფორმაციას გასატაცებელი კანდიდატურების შესახებ და შესაბამის სქემასაც ამუშავებდნენ, მეორე ჯგუფი კი, უმეტესად ქისტები (ხშირად ასევე პოლიციის დახმარებით), იტაცებდნენ მძევალს და გადაჰყავდათ პანკისის ხეობაში, სადაც სამართალდამცავები ცხვირსაც ვერ ჰყოფდნენ; მესამე ჯგუფი ჩეჩნებისა იყო და მათ ევალებოდათ მძევლის მოვლა-პატრონობა - ისინი აჭმევდნენ, ასმევდნენ და დარაჯობდნენ მათ გამოსასყიდის მიღებამდე. როგორც ყოფილი სამართალდამცავები პირად საუბრებში აცხადებენ, ამ ბანდის უკან უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობა იდგა.

2000 წლის 20 აგვისტოს სოფელ დუისიდან უცნობმა პირებმა წითელი ჯვრის კომიტეტის ორი თანამშრომელი ქალი გაიტაცეს და ცოტა ხანში 2 მლნ ლარი მოითხოვეს...

როდესაც სამართალდამცავებისთვის ცნობილი გახდა, რომ გატაცებაში პანკისელი ქისტები მონაწილეობდნენ, კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი ხეობაში ჩავიდა და სოფელ ომალოში შეხვდა ადგილობრივ ავტორიტეტს, ვეფხია მარგოშვილს, რომელიც იმ დროს შოთა ჭიჭიაშვილის თანამოაზრედ ითვლებოდა.

თამაზაშვილმა მარგოშვილს მძევლების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. მალე პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილი (სწორედ ის ითვლებოდა გატაცების ორგანიზატორად) გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლებდა მძევლებს, ოღონდ ერთი პირობით: მისთვის და ვეფხია მარგოშვილისთვის ძებნა უნდა მოეხსნათ (ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან იძებნებოდა). ვეფხია მარგოშვილს სამართალდამცავები დაჰპირდნენ, ჭიჭიაშვილის მოთხოვნას შევასრულებთო. მძევლები მართლაც გაათავისუფლეს - მარგოშვილს და ჭიჭიაშვილს კი პრეზიდენტ შევარდნაძის ხელმოწერილი შეწყალების დოკუმენტი გადასცეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დოკუმენტი ყალბი იყო. მოტყუებულმა ჭიჭიაშვილმა ვეფხია მარგოშვილს მუქარა შეუთვალა და გამოსასყიდის გადახდა მას მოსთხოვა.

არავინ იცის, კონფლიქტი როგორ დამთავრდებოდა, ერთ დღესაც მარგოშვილი ქართველ სპეცსამსახურებს საკუთარ ეზოში, საპირფარეშოში რომ არ აეფეთქებინათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ