"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"თავი დაანებონ ტლიკინს და კომპეტენტურ ხალხს ხელს ნუ შეუშლიან, მათი ჩასვრილი გამოასწორონ"

"სახელოვნებო სფეროში ვითარება რომ დალაგდეს, ხელმძღვანელობაში პროფესიონალები უნდა იყვნენ და არა სასაცილო დილეტანტები. მინდა ჩემს ქვეყანაში კულტურა და ხელოვნება იყოს, რადგან მადლიერების გრძნობა მაქვს იმ ქვეყნისა და ხალხისადმი, რომელმაც გამზარდა. სანამ შემიძლია, გამომიყენე", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

- ხელოვანმა ორ რამეზე უნდა ილაპარაკოს: საკუთარ საქმეზე და საზოგადოებრივი პოზიცია გამოხატოს. ხელოვანი, რომლის სულიც მუდამ ოპოზიციისკენ უნდა ილტვოდეს, არ შეიძლება ტაშს უკრავდეს ხელისუფლებას. ხელოვანის ადგილი ოპოზიციაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს უმადურობასა და ხელისუფლების უაზრო ლანძღვას.

- დღეს საზოგადოება წუხს, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებსო.

- სიმართლე გითხრათ, ახლა ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ დაისჯება. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და წართმეული ქონება უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზეა, ამიხსნა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ძირითადი შემოსავალი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გამოგზავნილი ფულიაო. თურმე სამშობლოდან გახიზნული ხალხის გამოგზავნილი ფული ბრუნავს ქვეყანაში! უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში აღარ ვიყოთ. ტრაგედიაა ის, რომ კულტურის სფეროში იმაზე უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო.

- რა მხრივ?

- ზოგი არაკომპეტენტური პირი დარჩა თანამდებობაზე და ზოგიც, ბევრად არაკომპეტენტური, სასაცილო მოღვაწეობას შეუდგა.

საქართველოში კულტურის პოლიტიკა ჩაშვებულია, არ არსებობს. პროფესიონალიზმი ნიველირებულია. უცნაურად მეჩვენება, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგდებული ხელოვანები თეატრებში ზოგან დააბრუნეს, ზოგან - არა.

ოპერის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რომელიც 2008 წელს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს (და მეც მიმაყოლეს) დღემდე არ დაუბრუნებიათ. ზაზა ნიკა რურუას ბრძანებით მოხსნეს, მაგრამ მიზეზი ვერ დაასახელეს. ამაში მონაწილეობდა ოპერის დირექტორი, "ნაციონალების" ჟანდარმი დათო საყვარელიძეც, ეს საცოდავი კაცი. აზმაიფარაშვილი ალბათ, იმიტომ დაავიწყდათ, რომ არ წივის და არ აქტიურობს.

- ჩვენ 9 წელი ისეთ რეალობაში ვიცხოვრეთ, როდესაც ხელისუფლებას კულტურაზე მეტად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შექმნა აინტერესებდა, რათა შემდეგ დაეშანტაჟებინა და ემართა.

- რომელი ჭკუათამყოფელი ადამიანი იტყვის, რომ ეს კარგია. როგორ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების გადაღება მოგივიდეს აზრად? მაგრამ მაგათ ყველაფერი მოსდიოდათ თავში. მხოლოდ ქაჯი მიიჩნევს, რომ მისგან იწყება მსოფლიო ისტორიის ათვლა. ორი წიგნი წაიკითხა, ერთი სემესტრი კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლა და ჰგონია, ამერიკას იცნობს. სანამ ხელისუფლებაში იქნება, უნდა მოასწროს და გადაატრიალოს ეროვნული ცნობიერება, წაშალოს ისტორიული მეხსიერება და ტრადიციები. მთელი 9 წელიწადი უნამუსო რიტორიკასა და დემაგოგიას ვისმენდით. "ნაციონალები" იმასაც არ ფიქრობდნენ, დამაჯერებელი ტყუილი მაინც ეთქვათ. ქართველი ხალხი ნახირი ეგონათ, საკუთარი თავი კი ერის მხსნელები.

ერთმა ბრწყინვალე იურისტმა მითხრა, შარიათზე სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, თუ მოიპარე, ხელს მოგაჭრიანო. მორალურად ვერც შეედავები ამას, მაგრამ სამართლიანობა და დემოკრატიული სამართალი ერთი და იგივე არ არის. ნორვეგიელმა ბრეივიკმა რაც გააკეთა, ამის სამართლიანი პასუხი ის იქნებოდა, რომ უამრავი ადამიანის მკვლელი ნაკუწ-ნაკუწ აეჩეხათ, მაგრამ ამის თქმაც კი არ შეიძლება, თუკი გვინდა, ადამიანები ვიყოთ. ბრეივიკის მიერ დახოცილი ახალგაზრდების მშობლები ჩუმად უნდა იყვნენ და ითმინონ, როცა ბრეივიკი ინტერნეტის გაუმართაობაზე ჩივის. ამას ემოციურად თუ მიუდგები, წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ თუ გვინდა, შეგნებული საზოგადოება გვქონდეს, ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ და არ გადავუხვიოთ სამართლებრივ ნორმებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია