"თუ სახელმწიფო გლოვის დღეს აცხადებს, ეს ბევრ რამეს უნდა ეტყობოდეს"

"თუ სახელმწიფო გლოვის დღეს აცხადებს, ეს ბევრ რამეს უნდა ეტყობოდეს"

ავღანეთში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების გამო დამწუხრებული ქართველები გულისტკივილს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეს - 7 ივნისს ბევრი რეიტინგული ტელეგადაცემა ეთერში არ გასულა; საინფორმაციო პროგრამებში "ქუდები" უხმოდ "ტრიალებდა". მით უფრო თვალში საცემი იყო ზოგიერთი სარეკლამო რგოლის "მხიარულ-ექსცენტრიკული" ხმა თუ გამოსახულება, რომელიც სახელმწიფოში ოფიციალურად გამოცხადებულ გლოვის დღეს სრულიად შეუსაბამოდ გამოიყურებოდა.

იმ დღეს, როცა ქვეყანა დაღუპულ მეომრებს დასტირის, მოსახლეობის დიდ ნაწილს არც რესტორნებსა თუ კაფეებში გამართული ღრიანცელი მიაჩნია გამართლებულად, თუმცა ამას ვერავის აუკრძალავ, რადგან პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩაგეთვლება. უმჯობესია, თითოეულმა მოქალაქემ თავად ჩაიხედოს საკუთარ სულში და გაიაზროს საკითხის მორალური მხარე...

რას ნიშნავს ჩვენში ცნება "გლოვის დღე" და როგორ აღიქვამენ მოქალაქეები საკუთარ როლს შექმნილ ვითარებაში? ამ კითხვით საზოგადოების რამდენიმე წევრს მივმართეთ.

ავთანდილ კაპანაძე, ეკონომისტი:

- მწუხარებას გარეგნულად არ გამოვხატავ. არც ტელევიზორისა და არც რადიოსთვის თვალყური არ მიდევნებია. სოციალურ ქსელში, პირად "პროფილზე" ფოტო შავი არშიის გამოსახულებით სხვების მიბაძვით დავაყენე, თავად არ მომიფიქრებია...

გიორგი ლობჟანიძე, პოეტი, მთარგმნელი, პროფესორი:

- გული მეფლითება, ისე მებრალებიან დაღუპულები. ადამიანები ემოციებს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ვერავის განვსჯი. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ დღეს, ერთ-ერთი გარდაცვლილის დედასთან - ფიქრია ცალუღელაშვილთან ინტერვიუ ვნახე და მივხვდი, რა ძლიერი და კარგი ხალხი ვართ. ამ ქალბატონს ღირსეულად ეჭირა თავი! აი, ეს იყო ყველაფერი. უდიდესი მწუხარების ჟამს, ეს ქალბატონი იქცეოდა, როგორც დიდი ადამიანი!..

დავით აბრამიშვილი, ავტომექანიკოსი:

- ცხადია, ტრაგედიის დღეს ტაშ-ფანდური არავინ უნდა გამართოს. ტელევიზიებსა და რადიოებში მხიარული მუსიკის "დატრიალებაზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ჩემი თანამშრომლებიდან ერთი ყოფილი ჯარისკაცია, მეორე კი, მართალია, სამხედრო სამსახურში არასოდეს ყოფილა, მაგრამ სულით პატრიოტი ადამიანია. მომხდარი ტრაგედია სამივემ დიდი გულისტკივილით აღვიქვით... ამას წინათ, ინტერნეტში ასეთ ლექსს წავაწყდი: "აღარ გვეღირსა ქართველებს გამონათება მარადის, საჯიშეს ავღანეთში ვსპობთ, სახლში გვაქვს "გეი-პარადი". ჩემი აზრით, ვინც ეს დაწერა, საკუთარი გულისტკივილი გამოხატა, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები - მართალი სიტყვებია!

ლუიზა ყიფშიძე, დიასახლისი:

- საშინელი ტრაგედია მოხდა. სამოქალაქო პანაშვიდს ტელევიზორით ვუყურებდი, როცა ქუჩიდან საყვირების ხმა, ახალგაზრდების ჟრიამული, მხიარული შეძახილები მომესმა. ფანჯრიდან გადავიხედე: ჩემს ეზოში კორტეჟი შემოგრიალდა - ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას ბანკეტით აღნიშნავდნენ. გამიკვირდა, რადგან ახალი თაობა გარეგნობითაც და "შინაარსითაც" ძალიან მომწონს. როცა ქვეყანაში ასეთი ტრაგედიაა, დროშები დაშვებულია, როგორ მხიარულობდნენ?! ასეთ მოკლე დროში ჯან-ღონით სავსე 10 ვაჟკაცი დავკარგეთ!.. მესმის, რომ ბანკეტი დაგეგმილი იყო, მაგრამ სკოლის დამთავრების აღნიშვნა ცოტა მოკრძალებულადაც შეიძლებოდა...

ნინო თორაძე, ბანკის თანამშრომელი:

- სახელმწიფო როცა გლოვის დღეს აცხადებს, მწუხარებას ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს. როგორც სიყვარულის, სიხარულის დაგეგმილი გამოხატვა არ შეიძლება, მწუხარებაც ასეა. ვინმეს განკითხვა უღირს საქციელად მიმაჩნია. როგორ შეიძლება, ვინმეს დასანახად დამწუხრდე, ილოცო ან გიყვარდეს?! საინფორმაციო გამოშვება ვალდებულია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, ადამიანურად მიუსამძიმროს, ხოლო ამ ტკივილს ვინ როგორ გააცნობიერებს და განიცდის, ეს მისი პირადი საქმეა. თუ სახელმწიფო გლოვის დღეს აცხადებს, ეს ბევრ რამეს უნდა ეტყობოდეს, მაგრამ როცა რეკლამა დაკვეთილია (ამაში ფულია გადახდილი), მხოლოდ ტელეკომპანიისთვის ამის გაუქმება ძალიან რთულია. ყოფილი ტელეჟურნალისტი ვარ და ეს კარგად მესმის. ასეთი ტრაგედიის დროს, საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გადაცემები ცოტა სხვანაირად უნდა "გადააწყოს", კერძო ტელეკომპანიებში კი ამას მესაკუთრე წყვეტს...

ნინო გოგოლაძე, დიასახლისი:

- გლოვის დღეს ტელეეთერში "კომედი შოუ" და სერიალი - "შუა ქალაქში" რომ არ გაუშვეს, ვითომ - რა? ხალხი მხოლოდ ამ გადაცემებზე ხარხარებს? მექსიკური სერიალები და რეკლამები ნაკლებად სამხიარულო იყო? მართალია, სარეკლამო ტიხრებს მუსიკა არ "ედო", მაგრამ რეკლამებშიც ხომ მხიარულება იყო!.. გასაგებია, რომ თუკი არ გაუშვებდნენ, ტელევიზიები თანხას დაკარგავდნენ, მაგრამ დამკვეთებს უნდა ეფიქრათ, საჭირო ტაქტი გამოეჩინათ და გლოვის დღეებში, რეკლამები მოეხსნათ. ბოლოს და ბოლოს, ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს! იმ ბიჭების ოჯახის წევრების ადგილზე წარმოიდგინეთ თავი. ხომ შეიძლება, ასეთი რამ ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს? სხვისი დარდი უნდა გავითავისოთ. ავღანეთში ჩემი სიძე 6 თვით იყო წასული. ახლა ერთი წლით გამგზავრებას აპირებდა. კიდევ კარგი, ვერ წავიდა, თორემ ალბათ, დაღუპულ ჯარისკაცებს შორის იქნებოდა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია