სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება

სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება

5 ივნისს კახი კავსაძის 78 და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის "უკვდავთა თაღში" დიდი არტისტების ანაბეჭდები გაიხსნა...

ამ ადამიანების ცხოვრება ერთმანეთისას ბევრი რამით ჰგავს, დალხენილი ბავშვობა არც ერთს არ ჰქონია, ორივემ ერთი პროფესია აირჩია... ცხოვრება ია-ვარდით არ ჰქონიათ მოფენილი, მაგრამ ამ გზაზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიან. ხალხმა ორივე შეიყვარა. საქართველოში ალბათ ვერ ნახავთ ადამიანს, კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის სახელების ხსენებისას გულში სითბო არ იგრძნოს, სახეზე ღიმილი არ გაუჩნდეს. ისინი დიდი არტისტები არიან, ამიტომაც არის, რომ ყველა თაობის წარმომადგენლებს ერთნაირად და გამორჩეულად უყვართ...

ერთხელ, ავადმყოფობისას, გივი ბერიკაშვილს ახლობელი ექიმისთვის უთქვამს, სიკვდილის მეშინიაო: - აქ არა ვარ? რისი გეშინია? - ექიმს ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაუგია და გაუმხნევებია. - იმ ქვეყნად ისეთი ადამიანები არიან წასული, თეატრის დასში თუ მიმიღებენო...

ვერაზე დაიბადა და გაიზარდა. 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მოგვიანებით, დედითაც დაობლდა. მამის ხსენებაზე ყოველთვის ერთი ამბავი ახსენდება: "მამა კარგად არ მახსოვს, ნაადრევად, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა. დედა სახლიდან რომ გადიოდა, მამას ბამბუკის გრძელ ჯოხს უტოვებდა. ოთახში, სადაც მამა იწვა, შევიხედავდი თუ არა, იმ ჯოხს მომიღერებდა. რაღა დაგიმალოთ და ამის გამო მამა მძულდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბუნებრივია, ვერ ვაცნობიერებდი, ახლოს რატომ არ მიკარებდა".

უმამოდ გაიზარდა კახი კავსაძეც.

"ოჯახს მატერიალურად უჭირდა... მსახიობი რომ გავხდი, არც მაშინ მქონდა დალხენილი ცხოვრება. არასდროს არავისი არაფერი შემშურებია. არც ახლა მშურს და ასე დავამთავრებ ცხოვრებას... ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ".

მათი ტანდემი არაერთ ფილმში შედგა გივი ბერიკაშვილი იხსენებს: "ღვინის ქურდების" გადაღებისას, პავილიონში ელიბოს მარანი მოამზადეს. სცენარის მიხედვით, ქვევრი უნდა გაგვეხსნა და ღვინო გაგვესინჯა. პავილიონში ნამდვილ ქვევრს ხომ ვერ ჩაფლავდნენ? ჰოდა, ქვევრის ყელი გააკეთეს და დაბლა 100-ლიტრიანი ქვაბი ჩადგეს. კუკური ლაფერაძემ მითხრა, - იმ ქვაბში, საიდანაც ხვალ "ღვინო" უნდა დავლიოთ, საპირფარეშოდან გამოტანილი წყალი ჩაასხესო. იმ საღამოს მეგობარს, შალიკო ნადაშვილს შევხვდი, მასთან სხვა საქმე მქონდა და ეს ამბავიც მოვუყევი. შემომთავაზა, - ღვინო მე მაქვს, წავიდეთ და გამოვცვალოთო. პავილიონის დარაჯს თავისი წილი "ჩაინიკში" ჩავუსხით, მერე იმ ქვაბიდან წყალი გადავაქციეთ და მის ნაცვლად საფერავი ჩავასხით. მეორე დილით გადაღება დაიწყო, ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა: "ქვევრიდან" ღვინო ამოვიღე და ჯერ ლაფერაძემ დალია, მერე კარლოს (საკანდელიძე) მივაწოდე. კარლომ თასი წამში გამოცალა და გადმომაწოდა. შენიშვნა მისცეს, - ეგრე სწრაფად ნუ სვამ, ჯერ დაიჭყანეო. ხელახლა მომაწოდეთ და ახლა ეგრე დავლევო, - გაუხარდა კარლოს. მოკლედ, იმ დილით 3 დუბლი გადავიღეთ ანუ თითომ 3-3 ლიტრი ღვინო დავლიეთ და 9 საათზე უკვე მთვრალები ვიყავით. ოპერატორს ეს არ გამოჰპარვია: - ამათი "სიფათები" არ მომწონს, ერთი ნახეთ, რას სვამენო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღეს რაღას ვიმუშავებდით?! რეზო ჩხეიძესთან ერთად ჩავუჯექით, ფილმი დავლოცეთ. კახი სულ იმას ამბობს, - ის ღვინო რომ არ გვქონოდა, "ღვინის ქურდები" ასეთი კარგი არ გამოგვივიდოდაო.

ბატონი კახი იმასაც ამბობს; დონ კიხოტის როლი შევასრულე და ხალხი მაინც ელიბოს მეძახისო... წლებია, ერთად თამაშობენ, ერთად იბრძვიან, ერთად ხუმრობენ, ერთად მოდიან...

ერთხელ ბატონმა გივიმ მითხრა: "თითქმის ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, თუ ნახვას ვერ შევძლებთ, ტელეფონით მაინც ვეხმიანებით. ხან მე ვაბრაზებ, ხან ის მაბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ვეუბნები, შენზე ლამაზი და მაღალი ვარ-მეთქი და არ იჯერებს".

პ.ს. დამეთანხმებით, უკვდავების სიცოცხლეშივე მოპოვება რჩეულთა ხვედრია... ამ დიდ სიხარულს არტისტების პატარა სინანულიც ახლავს, დრამატულ სცენაზე მათი ტანდემი ჯერ არ შემდგარა. ყველაფერი წინაა...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "უკვდავთა თაღში" კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალი გაიხსნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია