"ის, რაც პრესაში გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების შესახებ, მხოლოდ ზღვაში წვეთია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან დაახლოებული კოჰაბიტაციური ძალების ერთობლივი მცდელობა, გაათეთრონ ის სერიოზული კანონდარღვევები, რაც ლევან ბეჟაშვილმა და ნათია მოგელაძემ ქვეყნის ბიუჯეტის სახსრების არაკანონიერი განკარგვით ჩაიდინეს", - განაცხადა ჩვენთან საუბარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური შემოწმების საპარლამენტო სარევიზიო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, აუდიტორმა ზურაბ მელაძემ.
- მე როგორც აუდიტორული სერტიფიკატის მფლობელი, ვმუშაობდი 10 წევრისგან შემდგარი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შექმნილ 7-კაციან მუშა-ჯგუფში, რომელსაც უნდა დაეწერა დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემოწმების პროგრამის მიხედვით. შემოწმება 4 თვეს - 2013 წლის 11 იანვრიდან 21 მაისამდე გრძელდებოდა და მხოლოდ 2012 წელს შეეხებოდა. ვითხოვდი, შეგვემოწმებინა წინა წლებიც, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და კომისიამ შეისწავლა მხოლოდ 2012 წელი, ლევან ბეჟაშვილის ხელმძღვანელობის 7-თვიანი პერიოდი (ბეჟაშვილი 2012 წლის ივლისში გადადგა) და ასევე, ლაშა თორდიას ხელმძღვანელობის დანარჩენი 5 - თვიანი პერიოდი. პირადად შევამოწმე ყველა სერიოზული საკითხი: პრემირება, მივლინებები, შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა და მათი პრემირების საკითხი. გეტყვით იმას, რომ უკანონოდ ჩამოყალიბდა სსპი - აუდიტორული ინსტიტუტი და უკანონოდ დაინიშნენ მისი დირექტორი და ხელმძღვანელი პირები. მოკლედ, ყველა საკვანძო საკითხი შევამოწმე და დავდე ამის შესახებ დასკვნა. კომისიაში ვიყავით 7 წევრი, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ ორმა ადამიანმა, მე და ვალერი აბრალავამ ვიმუშავეთ.
- დანარჩენი 5 წევრი რას აკეთებდა?
- მათ პრაქტიკულად არც უმუშავიათ, რადგან ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ და ლევან ბეჟაშვილის და ნათია მოგელაძის საწინააღმდეგოდ ხომ არ იმუშავებდნენ? შემოწმების შედეგად გამოვლინდა სერიოზული დარღვევები. ბიუჯეტის თანხების უკანონო და არამიზნობრივი ხარჯვა თანამშრომელთა პრემირებაში, ქუთაისში კონტროლის პალატის შენობების სარემონტო სამუშაოებზე. 142-გვერდიანი შუალედური დასკვნა დავდე, საპარლამენტო კომისიამ კი 160-გვერდიანი, სადაც ჩემი დასკვნიდანაც რაღაც ნაწილი დაიდო. ჩემი აქტიდან მიჭრეს-მოჭრეს, მიკერ-მოკერეს და ამ აქტის გაშვებაც და გასაჯაროებაც კოჰაბიტაციურად უნდათ.
- ვინ დაჭრა და "შეკერა" შემოწმების აქტი?
- აქტის მჭრელიც და მკერავიც რესპუბლიკური პარტიის წევრი ნოდარ ებანოიძეა, რომელიც პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის მოადგილეა პარლამენტში. კონტროლის პალატაში სერიოზული დარღვევები აღმოვაჩინე და მისი მიჩქმალვა და მიფუჩეჩება საქმის ღალატია. მე ხომ იმისთვის მიმიწვიეს ამ ჯგუფში სამუშაოდ, რომ კანონდარღვევები გამომევლინა, თუკი დარღვევები უნდა მიგვეჩქმალა, მაშინ რა აზრი ჰქონდა დროებითი საპარლამენტო კომისის შექმნას? მარტო ნოდარ ებანოიძე არ ცდილობს კონტროლის პალატაში აღმოჩენილი სერიოზული დარღვევების წარმოჩენას კოჰაბიტაციურად და მის გათეთრებას, ამაში მას კომისიის 4 ნაციონალი წევრიც ეხმარება. სწორედ კომისიის ნაციონალ წევრთა პოზიციაა, დაიმალოს და არ გახმაურდეს ის კანონდარღვევები, რაც აუდიტორული შემოწმებისას გამოვავლინე. ცდილობენ ლევან ბეჟაშვილისა და ნათია მოგელაძის მიერ ჩადენილი კანონდარღვევები მიჩქმალონ. საქმე ის არის, რომ აუდიტის სამსახურის 2012 წლის ფინანსური დარღვევებისთვის შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ებანოიძე და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ერთად იმყოფებოდნენ შვედეთში, ვიდრე შემოწმების შესახებ დასკვნა დაიწერებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ იქ მოხდა თორდია-ებანოიძის კოჰაბიტაცია. ამას ისიც დაემატა, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი შალვა მექვაბიშვილი, რომელიც ადრე კონტროლის პალატაში მუშაობდა, დავით ონოფრიშვილის რეკომენდაციით მოხვდა კომისიაში და არ მომწონს მისი საეჭვო "კოჰაბიტაციური მოძრაობა". ვგულისხმობ იმას, რომ როცა მოგელაძის შესახებ კანონდარღვევები აღმოვაჩინე, შალვა მექვაბიშვილს არ დაუმალავს და კომისიის ერთ-ერთ შეკრებაზე თქვა, მოგელაძის ქმარი და ჩემი შვილი მეგობრები არიანო. ამის შემდეგ ის და ებანოიძე ნათია მოგელაძესთან შევიდნენ და უთხრეს, ეს დასკვნა ზურაბ მელაძის დაწერილია და ამაზე რას იტყვითო. მისგან გამოსულებმა კი მითხრეს, ნათია მოგელაძემ ისეთი დოკუმენტები დააძრო შენი აღმოჩენილი დარღვევების საპასუხოდო... მსგავსი ქმედებები კომისიის წევრებს მხრიდან სწორი არ არის და დარღვევები, რომელიც ნათია მოგელაძის მიერ არის ჩადენილი ნამდვილად არ იმსახურებს კომისიის წევრების ლოიალურ დამოკიდებულებას.
- მოგელაძეს კონკრეტულად რა კანონდარღვევა აღმოუჩინეთ?
- ნათია მოგელაძემ 34 ფიზიკური პირიდან 4 დააჯარიმა ძალიან დიდი თანხებით 150-160 ათასი ლარით, დანარჩენი 30 პირი - ასევე სოლიდური თანხებით. მის მიერ დაჯარიმებულ ყველა პირს სასამართლო აკისრებდა სწორედ იმ ოდენობის თანხის გადახდას, რასაც ნათია მოგელაძე მიუთითებდა. ასევე, აღმოვაჩინე სერიოზული კანონდარღვევები აუდიტის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის წინააღმდეგ. თამამად ვიტყვი, რომ ლევან ბეჟაშვილი არის თაღლითი, რომელმაც კონტროლის პალატაში შექმნა სამართლებრივად გაუვალი ტყე, მე ლევან ბეჟაშვილის დაგებული სამართლებრივი ხლართები გავხსენი და მივედი დანიშნულების წერტილამდე. მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევები იმდენად მასშტაბურია, რომ მე პირადად 25 შეკითხვა მაქვს მასთან. კომისიის წევრები მსაყვედურობდნენ, რა საჭიროა ასე დეტალურად დაწერაო, რადგან ჭრა-კერვაში ეშლებოდათ ხელი და თან ლევან ბეჟაშვილსა და ნათია მოგელაძის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალები არ სჭირდებოდათ. ერთი კონკრეტული დარღვევის შესახებ გეტყვით: აუდიტორის ხელფასი კონტროლის პალატაში დაახლოებით 1500 ლარია. ლევან ბეჟაშვილმა რამდენიმე ადამიანი შტატგარეშედ აიყვანა და დაუნიშნა ხელფასი 4 ათასი ლარი. კერძოდ, ვინმე ნანა ღვალაძეს დაუნიშნა 4 ათასი ლარი და ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მისცა პრემია ისე, რომ ამ პიროვნებას არ შეუსრულებია სამუშაო - აუდიტორული შემოწმება. ეს იყო უკანონო ქმედება. უშტატო აუდიტორს რომ ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე შტატიანს, ეს იწვევს ეჭვს. თანაც, არც ერთი დოკუმენტი, თუ რა სამუშაოს შესრულებისთვის გამოეწერა ამ ადამიანებს ხელფასი, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, აუდიტის სამსახურს არ წარმოუდგენია. ეს მოხდა 2012 წლის ივლისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. პრემიების გაცემის შემდეგ კი ლევან ბეჟაშვილი გადადგა და არჩევნებში ჩაერთო. მსგავსი ფაქტი განმეორდა წლის ბოლოს, არჩევნების დამთავრების შემდეგ. ანალოგიური პრემიები გასცა ამავე ადამიანებზე ლაშა თორდიამ. ეს არის აშკარა კანონდარღვევა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. ყველაზე დიდი დარღვევა ქუთაისში კონტროლის პალატის შენობის რემონტისთვის გაწეული ხარჯებია. მოკლედ, ქუთაისში კონტროლის პალატის შენობის 1კვმ-ს გასარემონტებლად ბეჟაშვილმა დაახლოებით 2700 ლარამდე დახარჯა. ლევან ბეჟაშვილი და ნათია მოგელაძე ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ ვინმემ მათი დანაშაული დაფაროს.
- ნათია მოგელაძემ სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა.
- რას ამბობთ? რა თანამდებობა დატოვა, ადგილი რომ გამოუცვალეს, ეს არის თანამდებობის დატოვება? ერთი აუდიტიდან მეორეში გადაიყვანა ლაშა თორდიამ. ნათია მოგელაძე დაინიშნა სსპი აუდიტის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ. ეს ინსტიტუტი ლევან ბეჟაშვილმა შექმნა, კონტროლის პალატის ბალანსზე და ის კონტროლის პალატის მიერ გამოყოფილი სუბსიდიებით სარგებლობდა. ამ სსპი-ს შექმნა კანონდარღვევით მოხდა. ერთი აუდიტის სამსახური არსებობდა და მეორის შექმნა რა საჭირო იყო, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებდა?!
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)