ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები

 ლევან ბერძენიშვილი - უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები

ველოდები, რომ შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს, ვინც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

დეპუტატისთვის მიუღებელია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ბერძენიშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული პუნქტი არ შეიცვლება, იგი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

"სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა და ისეთი ცვლილებებია, რომელიც არ ცვლის ძირითად არსს იმ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც მე მაქვს წინააღმდეგობა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ეს პუნქტი თუ არ შეიცვალა, პირადად მე, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. კომიტეტში კანონპროექტი უკვე განხილულია და ისეთი ცვლილება არ შესულა, მე რომ მომეწონოს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტში, ჯერჯერობით, არ შესულა ცვლილება, რომელიც რექტორის დანიშვნას გამორიცხავს. ბერძენიშვილის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვინ იქნება მითითებული კანონპროექტში. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის რექტორს სამეცნიერო ხარსისხი უდავოდ უნდა ჰქონდეს.

"სულ ერთია, ვინ ეწერებოდა კანონპროექტში. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე. თუ არ მოხდება რექტორის ან თუნდაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, ასეთ შემთხვევაში ავტონომია მცირდება და მე ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები. პირიქით, ავტონომია უნდა გავზარდოთ. ველოდები, რომ შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს, ვინც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს მხარს არ უჭერს ამ მუხლის გამო", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, დღეს, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია მეორე მოსმენა, შესვენების დროს კომიტეტი ცვლილებებს კიდევ ერთხელ განიხილავს, საღამოს კი მესამე მოსმენა იგეგმება.

"თუ რაიმე არ შეიცვალა, ამ საღამოს კანონის ბედი გადაწყვეტილი იქნება", - დასძინა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია