10 ივნისს სოფელ დიღომში მკვლელობა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებულმა გ. ფ-მ მეუღლე თ. ბ. და 5 წლის ქალიშვილი სიცოცხლეს გამოასალმა. ფ-მ ცოლშვილს სასიკვდილო ჭრილობები პურის საჭრელი დანით მიაყენა, შემდეგ კი თავადაც სცადა თვითმკვლელობა - ვენები გადაიჭრა და ყელის გამოჭრასაც აპირებდა. ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, გვითხრა, რომ იმ დილით ყური მოჰკრა, როგორ ეხვეწებოდა ცოლი ქმარს - არ მოკლაო. ხმაური მალევე ჩაწყნარებულა და ამიტომაც არ შესულა მათთან. მეზობლების ცნობით, ფ. წარმოშობით სამეგრელოდან არის, თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი სოფელ დიღომში დასახლდა ოჯახთან და მშობლებთან ერთად. ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ფ-ს ორი ძმა ჰყავს. გ. ფ. ე.წ. გულუას სპეცრაზმში რამდენიმე წელი მსახურობდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ის ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და თვითმკვლელობა სცადა. ამბობენ, რომ რამდენიმე დღე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა. გ. ფ ეკლესიაშიც მსახურობდა, სტიქაროსანი იყო. ამბობენ, რომ, მას ხშირად ჰქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან, მოძღვარი ურჩევდა, სპეცრაზმიდან წამოსულიყო. ფ. მართლაც ასე მოიქცა, 2012 წლის ზამთარში სამსახურიდან წამოვიდა და ჯერ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთი კაზინოს დაცვის სამსახურში. როდესაც ამ საზარელი ტრაგედიის შემდეგ მასთან სასულიერო პირი, მეზობლად მცხოვრები მამა კონსტანტინე შესულა, ფ-ს უთქვამს: ჭინკები მოვკალი, მამაო, და თ-ს გადარჩენა ვეღარ მოვახერხეო... ოჯახის წევრები ზუგდიდიდან თბილისში გუშინ დაბრუნდნენ, ფ-ს შვილები (მას კიდევ ორი შვილი ჰყავს) ახლა მამა კონსტანტინეს სახლში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები კომენტარზე უარს აცხადებენ, ამბობენ, რომ მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ. "ყველა სიახლე" იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველს გაესაუბრა.
- სასწრაფო რომ მოვიდა, მაშინ გავიგეთ ამ უბედურების შესახებ. შიგნით ოჯახში რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხშირად შემოდიოდნენ მაღაზიაში, ბოლოს ორი დღის წინ ვნახე, პური იყიდეს. 4 წელია აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, გ-ს მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ. სპეცრაზმიდან რომ წამოვიდა, ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. თვითმკვლელობის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, პირველად, სპეცრაზმში ყოფნის პერიოდში, მეორედ კი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გადაიჭრა ვენები. მისი მეუღლე ექიმი იყო და მგონი, ისიც ახალი წამოსული იყო სამსახურიდან. ხომ გამოაქვთ ხოლმე ბავშვებს ოჯახის ამბები გარეთ, მაგრამ მის შვილებს არასოდეს არაფერი უთქვამთ.
ლალი ბიბილაშვილი (მეზობელი): ძალიან კარგი ოჯახი იყო, ჩემს მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდნენ. მათი შვილები ხშირად ჩვენს ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ. თვითონ იშვიათად ჰქონდათ ჩვენთან კონტაქტი, იმ საღამოს დამირეკა გ-ს დედამ და მითხრა: ჩემებს ვერ ვუკავშირდები და გამიგე, ხომ კარგად არიანო? საღამოს 9 საათისთვის გადავედი, კარი გავაღე თუ არა, საშინელი სურათი დავინახე, გ. იატაკზე ეგდო, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ვკითხე, რა მოგივიდა, თ. სად არის-მეთქი და მითხრა, აქედან გადიო. გამოვედი თუ არა, მამა კონსტანტინესთან შევედი, ვუთხარი ვენებგადაჭრილი რომ ვნახე გ. მისი ცოლის, თამუნას ნომერი ვთხოვე, დავურეკეთ კიდეც და ტელეფონზე რომ აღარ გვიპასუხა, ამის მერე შევიდა მამაო სახლში...
- გ-ს დედა სად იყო წასული?
- ახლობელი დაეღუპათ და ზუგდიდში წავიდნენ სამძიმარზე. ერთი კვირა იყვნენ იქ ბავშვებთან ერთად. 5 წლის ნია დატოვეს მშობლებთან, უფროსი და უმცროსი შვილიშვილი წაყვანილი ჰყავდათ. გ-ს უფროსი ვაჟი პირველ კლასში სწავლობს, სულ პატარა ორი წლის არის. ძალიან საყვარელი და კარგი ბავშვი იყო ნია...
- მანამდე ხმაური არ გაგიგონიათ?
- არაფერი გამიგონია, ისეთი სახლია, ხმაური არ გამოდის. ამიტომაც ვერ გავიგეთ ვერაფერი. ცოტა ადრე რომ დაერეკა გ-ს დედას, იქნებ გადამერჩინა კიდეც ოჯახი.
ზაირა გილაური (მეზობელი): შორიდან ვიცნობდი ამ ოჯახს. სულ ხელჩაკიდებული დადიოდა ცოლ-ქმარი. თ. გულიკო ჩაფიძის კლინიკაში მუშაობდა, სამედიცინო ჰქონდა დამთავრებული. გ. წესიერი ბიჭი იყო, ჩემს შვილთან ხშირად მოდიოდა, მაგრამ რაც ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, იშვითად ვხედავდი. მხოლოდ მნიშვნელოვან დღეებში მოდიოდა ჩვენთან და პატივს მიაგებდა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის ხსოვნას. ჭიქას ასწევდა, ორი სიტყვით დაგვლოცავდა და მიდიოდა. არ ვიცი, ეს რატომ დაემართა საწყალს...
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)