დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ

დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი კონგრესის განცხადების სულისკვეთებას არ იზიარებენ

საქართველოს საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ ამერიკის კონგრესის მიერ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიღებული კანონის საბოლოო ვერსია საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განუცხადა, ჩანაწერი, რომელიც წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტის ვერსიაში გაჩნდა, სამწუხაროა, თუმცა ვითარება საგანგაშო არ არის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგრესმენმა ტერნერმა, რომელმაც აღნიშნული ჩანაწერის ინიცირება გააკეთა, პოზიცია ერთ კვირაში შეიცვალა და ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით საქართველოდან მიღებული ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

"ერთი კვირის წინ ის მტკიცედ უჭერდა მხარს და ხმაც კი მისცა კანონპროექტის განხილვის დროს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, შემდგომ მან დებულება ჩაანაცვლა უაღრესად მიკერძოებული ანალიზით, რაც შედეგია იმისა, რომ ის სავარაუდოდ დაექვემდებარა საქართველოდან მიღებულ ცალმხრივ ინფორმაციას. ეს ზემოქმედება კი განხორციელდა იმ ძალების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ კერძო ინტერესებით და უგულვებელყოფდნენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

მისივე თქმით, ვიდრე კანონპროექტი ძალას შეიძენს, წინ გრძელი პროცესია. წარმომადგენლობის პალატის პარალელურად, მიმდინარეობს სენატის ვერსიის შემუშავება, სამხედრო კომიტეტის სხდომაზე უკვე იყო მისი განხილვა და იქ არანაირი მსგავსი ჩანაწერი არ ფიგურირებს. გარდა ამისა, უშუალოდ წარმომადგენლობის პალატის ვერსიასაც არ ქონდა ერთგვაროვანი მიდგომა და ათზე მეტმა დეპუტატმა მას მხარი არ დაუჭირა.

"ვფიქრობ, კონფერენციაზე, სადაც უნდა შეჯერდეს სენატისა და წარმომადგენლობის პალატის ვერსიები, საქართველოსთვის სასურველი ფორმულირება შემუშავდება საბოლოო ვერსიისთვის", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, დავით ზალკალიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი აღნიშნული ჩანაწერის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რაც დამატებითი ფაქტორია, რომ საბოლოო დოკუმენტი საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა