ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია

ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია

10 უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთვაროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს. "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტირება.

"ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად მიიწერს, რაც დაუშვებელია. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე მიულოცა. ასევე დეკანოზი დავით გოცირიძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. პატრიარქმა დღესვე ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. უწმინდესმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხვალ მიემგზავრება ზემო აჭარაში, სადაც 1 200 ადამიანი უნდა მოინათლოს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია