პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა

პატიმრის დედა - სუბარს ვთხოვე, მომაკვდავი შვილის ნახვის უფლება მოეცათ და საშინლად მეჩხუბა

პატიმარ ირაკლი კაშიას დედა მისი შვილის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაბრუნებას ითხოვს. როგორც ნონა კაშიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი შვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ბოლო დღეების განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა, დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მოვითხოვ, ნორმალური მკურნალობა ჩაუტარდეს ჩემს შვილს, რომელსაც ტუბერკულოზი აქვს და მუცლის არეში უამრავი მძიმე დაზიანება აღენიშნება. მას სამი დღის წინ ჩაუტარდა ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში, რის შემდეგაც გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ირაკლის სიცოცხლის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ოპერაციის შემდეგ ის მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, ე.წ. "რესბალნიცაზე" გადაიყვანეს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა მძიმეა, მაინტერესებს რატომ მოხდა მისი გადაყვანა?! თან მითხრეს, რომ ბავშვმა, რომელიც აპარატზეა შეერთებული, გადაყვანამდე ტანსაცმელი თავადვე ჩაიცვა, რაც დაუჯერებელია!", - აღნიშნა ნონა კაშიამ.

მისივე თქმით, ოპერაციის დროს მან სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს დაურეკა და სთხოვა, მისთვის შვილის ნახვის უფლება მიეცათ. "როგორც მითხრეს, არ არის შანსი, რომ ირაკლი ცოცხალი დარჩეს და სუბარს დავურეკე, ვთხოვე, იქნებ ნახვის უფლება მოეცათ, რომ მისი სუნთქვა მომესმინა. ამის მაგივრად, საშინლად მეჩხუბა. შემდეგ დავურეკე მოროშკინას, რომელიც ასევე მეჩხუბა, პარასკევს როგორ მირეკავთო. პარასკევი არის სამუშაოს დასრულების დღე და როგორ მიკავშირდებითო", - აღნიშნა ნონა კაშიამ.

მისივე თქმით, ირაკლი კაშია 24 წლისაა და ის ადამიანის დაჭრის ბრალდებით არის დაკავებული. "ჩემი შვილი დღემდე არ აღიარებს დანაშაულს და ის იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ ახალაიებთან თანამშრომლობას არ დათანხმდა", - აღნიშნა კაშიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, პატიმრის ციხის საავადმყოფოში დაბრუნების გადაწყვეტილება სამედიცინო ნაწილმა მიიღო. "რადგან მისი გადაყვანა მოხდა, ე.ი. სამედიცინო სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ის ღუდუშაურის შემდეგ გადაიყვანოს ე.წ. "რესბალნიცაზე". ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია მან მიიღო და ახლა მკურნალობა უნდა გააგრძელოს ე.წ. "რესბალნიცაზე", – აღნიშნა კორძაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ