"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"

"კადიევი შსს-ს ერთ-ერთი დაჯგუფების დავალებას ასრულებდა!"

გასულ კვირას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. ავის მომასწავებელი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ (რომლის თანახმადაც, თითქოს საქართველოს ჯიჰადს უცხადებდნენ), ექსპერტთა უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების საფრთხეს არ გამორიცხავდა. მართალია, ჯერჯერობით არავინ ამბობს, ვიდეორგოლის გამავრცელებლებსა და ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ პირებს შორის არსებობს თუ არა კავშირი, მაგრამ გაჩნდა უამრავი კითხვა. რასთან გვაქვს საქმე?

"კვირის პალიტრა" შეეცადა ქრონოლოგიურად დაელაგებინა ამ საქმესთან დაკავშირებული როგორც უკვე გავრცელებული, ასევე, სხვა ახალი ინფორმაცია, რათა თვალსაჩინო გახდეს ზღვარი სიმართლესა და პროვოკაციას შორის. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შსს-ს ოპერატიული დანაყოფებისა და პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს. თბილისში მათი დროებითი საცხოვრებლიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს, მიკაილ კადიევს (მას მიკაილ კადოევადაც მოიხსენიებენ), სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება დაღესტნელ მაგომედ მაგომედოვთან ერთად დაკარგულად მიიჩნევდა. პრესა (არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვა, რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებებიც) საქართველოს ხელისუფლების მიერ მოჯაჰედების რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემის ვერსიას ავითარებდა. მაგრამ იყვნენ კი კადიევი და მაგომედოვი დაკარგული?

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო "კავკაზცენტრმა" ახლახან ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: "შეგახსენებთ, რომ კადიევი (26 წლის) ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს გაიტაცეს. ამის შესახებ "კავკაზცენტრი" ჯერ კიდევ 2013 წლის 19 მაისს აცხადებდა წერილში სათაურით: ,,საქართველოში კვლავ იკარგებიან დევნილები ჩრდილოეთ კავკასიიდან". კადიევი და მასთან ერთად მაგომედ მაგომედოვი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრისა და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მაშინ დაღესტნელებისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. ისინი სხვადასხვა მანქანაში ჩასხეს და თბილისიდან გაიყვანეს. გზად მანქანები გაჩერდნენ და მაგომედოვისა და კადიევის გაქცევის იმიტაცია მოაწყვეს. მას შემდეგ კადიევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. მოგვიანებით ის კვლავ დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსენალით".

ამ საკითხზე კომენტარი "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ვთხოვეთ: "როგორც ვიცი, შსს-ში მიმდინარე გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ და ამიტომ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ", - განაცხადა კასრელიშვილმა.

რა აკავშირებდა პრეზიდენტის მფრინავს კადიევთან?

პრეზიდენტის მფრინავის გვარის მოხსენიებამ ტერაქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ კადიევთან კავშირში საკმაოდ უხერხულ კონტექსტში გაიჟღერა. ეს ყოველივე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ კომპანია "თუშეთი", რომლის დირექტორიც ზაურ ქორთოშიძეა, დამოუკიდებელი კომპანიაა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაქირავებული, რომელიც უკვე პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ამ კომპანიის მომსახურებით პრემიერ-მინისტრს არც ერთხელ არ უსარგებლია, ხოლო სააკაშვილს ძმებ ქორთოშიძეებთან (კომპანია "თუშეთის" მეწილეები) 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.

ზაურ ქორთოშიძე: - მიკა კადიევს პირველად 2011 წელს შევხვდი. მამაჩემი წარმოშობით დაღესტნიდან არის, თუმცა 6 წლის ასაკიდან საქართველოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ნათესაური კავშირები დაღესტანში. ერთხელაც მამაჩემის დისშვილმა (ქალმა) დაღესტნიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენი მესამე ძმა, რომელიც აფხაზეთის ომში დაკარგულად მიგვაჩნდა, ცოცხალი იყო და სოხუმში შავ მუშად მუშაობდა. გვითხრეს, მეხსიერება აქვს დაკარგულიო. მოკლედ, ჩემი მამიდაშვილის ნაცნობი დაგვპირდა, რომ არძინბას ყოფილი მძღოლის მეშვეობით მოვძებნიდით და დავაბრუნებდით საქართველოში ჩემს ძმას. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ეს ინფორმაცია არასერიოზულად მეჩვენა, თუმცა მშობლის გული ხომ იცით, როგორია? ჩვენს დედ-მამას შვილის გადარჩენისა და ნახვის იმედი არ დაუკარგავს.

ამიტომ მათი ხათრით ჩავრთეთ დაღესტნელები ჩემი ძმის პოვნის საქმეში. ისინი მართლაც ჩავიდნენ აფხაზეთში, მოიარეს სოხუმი, გუდაუთა, ბაბუშერა, ოცი კაცი მაინც ნახეს, რომლებიც შავ მუშებად მუშაობდნენ აფხაზებთან, მაგრამ მათ შორის ჩემი ძმა არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ დაღესტნელებთან კავშირი გავწყვიტე, მაგრამ ერთხელ ისევ მამაჩემის ახლობელმა დამირეკა დაღესტნიდან და მთხოვა, ჩემს მეგობრებს შვილი ჰყავთ თბილისში, მოჭიდავეა. ვაკეში, ფალავანთა კლუბში ვარჯიშობს, ფინანსური პრობლემა შეექმნა და იქნებ ჩვენს ჩამოსვლამდე 100-150 დოლარი მიაწოდოო. მართლაც დამირეკა იმ კაცმა და მიკად (მიკაილ კადიევი) გამეცნო. მას ვაკეში, მე-9 საავადმყოფოსთან შევხვდი და ფული გადავეცი. ამ ამბიდან 2-3 კვირაში ჩემი მამიდაშვილი (ქალი) მამაჩემის ახლობელ მამაკაცსა და ჩვენთვის უცნობ ერთ პირთან, ვინმე აჰმედთან ერთად ჩამოვიდა. ისინი ერთი დღით თელავში, ჩემს მშობლებთან დარჩნენ, შემდეგ სხვა ადგილებიც მოიარეს და მალევე გაფრინდნენ ბაქოში. ეს ყველაფერი 2011 წელს მოხდა. გავიდა ცოტა ხანი და მამაჩემმა დამირეკა, დაღესტნიდან ახლობელი მთხოვს, იმ ახალგაზრდას, ვისაც ფულით დაეხმარე, ბინის დაქირავება სურს და იქნებ შეურჩიოო. მაშინ ჩემი ვაჟი (ისიც მფრინავია) მივლინებით საზღვარგარეთ იყო, ჩიტაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდა დაკეტილი და დროებით მიკა იქ შევუშვით. ორ-სამ კვირაში ჩემი ვაჟი დაბრუნდა და მაშინ ჩემმა მძღოლმა დაუქირავა კადიევს ბინა დოლაბაურისა და ქეთევან წამებულის ქუჩების გადაკვეთაზე, სწორედ იქ, სადაც ახლა ასაფეთქებელი ნივთიერებები და შეიარაღება აღმოაჩინეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა