"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

"ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

ციხის სკანდალური კადრების საქმეზე ბრალდებული 16 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. დაზარალებულთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით, სხდომები დახურული იყო. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა. ბრალდებულების: მამუკა ჩხიტუნიძის, მანუჩარ ლომთაძის, კობა ჩიკვატიას, გურამ ცომაიას, ლევან ფხალაძის, ბორის ფარულავას, ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილის მიმართ სხვადასხვა პირობით, საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, ხოლო გაგა მკურნალიძის, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილის, ოლეგ ფაცაციას, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, მათე ელბაქიძის, თემურ ჭაჭიას მიმართ საქმე არსებითი განხილვით დასრულდა...

გასამართლებულთა შორის არ აღმოჩნდა გლდანის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი გოგა ბუთლიაშვილი, არადა, მას არაერთი პატიმარი ამხელს განსაკუთრებულ სისასტიკეში. ე.წ. ციხის სკანდალურ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, სხვათა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, თუმცა, მათ შორის იქნება თუ არა ბუთლიაშვილი, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

გოგა ბუთლიაშვილის მიმართ პატიმრებს მაშინაც ჰქონდათ პრეტენზიები, როცა ის ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო. უშუალოდ მას ამხელდნენ ცემა-წამებაში. კონკრეტული ფაქტები მაშინ უცხოელმა დამკვირვებლებმაც შეისწავლეს და დასკვნაც გამოაქვეყნეს. ამის გამო სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იძულებული გახდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ბუთლიაშვილი. თუმცა მოგვიანებით გლდანის მე-8 საპყრობილეში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს(?!). შემდეგ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ციხის სკანდალურ კადრებში ბუთლიაშვილი ამოიცნეს და მისი დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა ლაგოდეხში. საბოლოოდ, ის თანამდებობიდან გადადგა. ციხის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მტკიცებით, ის ამჟამად თბილისის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელია(?!). სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დავაზუსტეთ, კერძოდ რომელ სასწავლებელში მუშაობს გოგა ბუთლიაშვილი. მას წლების წინ, პატიმრობისას ცოტნე გამსახურდიაც ამხელდა და სასამართლო პროცესებზე დაწვრილებით ჰყვებოდა მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

ცოტნე გამსახურდია: - როდესაც ციხის საავადმყოფოში მიმიყვანეს, გოგა ბუთლიაშვილი იქ დირექტორი იყო. მახსოვს, ახალი ნაოპერაციევი პატიმარი წერეთელი წამალს ითხოვდა, რისთვისაც ცხვედიანმა და ბუთლიაშვილმა სასტიკად სცემეს...

ვაცხადებ, პირადად ბუთლიაშვილი ღამით სასტიკად გაუსწორდა სულით ავადმყოფ ტარიელ საყვარელიძეს წამლის მოთხოვნის გამო. გოგა ბუთლიაშვილი პირადად მონაწილეობდა პატიმრების მორგში ჩაყვანაში, ჩაკეტვასა და წამებაში...

მაშინ სწორედ ამ ფაქტების გამო დავიწყე შიმშილობა. ბუთლიაშვილი თანამდებობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე თვეში გლდანში სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნეს. სამკურნალო დაწესებულების უფროსად კი არანაკლები ჯალათი ვაჟა ცხვედიანი მოიყვანეს. ცხვედიანი დღეს დაკავებულია, ბუთლიაშვილი - თავისუფალი. მერწმუნეთ, ცხვედიანზე უარესს სჩადიოდა ბუთლიაშვილი. ის იყო ყველაზე სასტიკი ჯალათი. გაუგებარია, რატომ არის დღეს დაუსჯელი. ის იყო პირწავარდნილი გარეწარი, კბილაშვილი კი ამბობს, - პატიმრის მონათხრობი არ დაიჯერება, მეტი მტკიცებულება გვჭირდებაო... რა მტკიცებულება სჭირდება, როცა ამდენი პატიმარი ჰყვება, რა საშინელებასაც აკეთებდა? პატიმარს წამებისას როგორ უნდა გადაეღო კადრები?

ყოფილი პატიმარი არმაზ ხარძიანი: - 2011 წლის აპრილი იყო. გამომიყვანეს საკნიდან და შემიყვანეს ბუთლიაშვილის კაბინეტში. მომესალმა და მკითხა, - ეტაპით ზონაში გადასვლა ხომ არ გინდაო. ეს ყველა პატიმრის ოცნება იყო, რადგან იქ რეჟიმი უკეთესია და ჰაერზე გასვლა შეგიძლია. მინდა-მეთქი. მაშინ ხელი უნდა დაადო რომელიმე ოფიცერს და თქვა, რომ ზონაში გადაყვანის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდიო. ეს როგორ ვქნა, როცა მსგავსი რამ არ მომხდარა-მეთქი. შენ ხელი დაადე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. სხვამ რომ მითხრას, თქვენ დაგადოთ ხელი, რას იტყვით-მეთქი, ჩემ გარდა ნებისმიერს დაადე ხელი, თუ არადა, დაილეწებიო. ტყუილად ხელს ვერ დავადებ-მეთქი. ოფიცერს დაუძახა, - კარანტინში წაიყვანეო. პირველ დაშლაზე არ ამიყვანეს,

საკანში 200 კაცამდე იყო დაშლის დროს, აქედან მინიუმ 150-ის ცემას პირადად ვუყურე. დავთვალე ისეთებიც, რომლებიც არ უცემიათ - მათ ახლობელს ჰქონდა დარეკილი და იმიტომ. ერთმა თქვა, ჩემ გამო დავით დარჩიაშვილმა დარეკაო. ერთი პატიმარი, 18 წლის ბიჭი, ისეთ დღეში ჩავარდა, შიშით ჩაისველა.

150-ლარიანი ნივთის ქურდობას ედავებოდნენ და 5.000 ლარს სთხოვდნენ საპროცესოში. იქვე იდგა მუხაძე. მეორე პატიმარმა უთხრა, - პატიმარმა ჩაიფსაო.

მუხაძე მოგვიბრუნდა და - ვინც ჩაიფსამთ, იმათ არ გცემთო. ის ბიჭი არ უცემიათ, ისე გაიყვანეს. ამის შემხედვარე ერთ-ერთმა 50-ოდე წლის პატიმარმა მათ შეაგინა და არაადამიანები უწოდა. ის კაცი სასტიკად სცემეს. მოტრიალდა ბუთლიაშვილი და ამ ნაწამებ კაცს ფეხები გადაალაჯა და ზემოდან დააფსა. მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ