24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს, რომელიც საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე მუშაობს და მონაცემთა ბაზის ანალიზს ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ანალიზის საფუძველზე 24 000 პირი გამოვლინდა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც შეიძინეს. ამის შესახებ კი საქართველოს სახელმწიფოსათვის არ უცნობებიათ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეს ფაქტი მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

სერვისების განვითარების სააგენტო სპეციალური განცხადებით მიმართავს ყველა ასეთ პირს, განურჩევლად თანამდებობისა თუ სტატუსისა, რომ ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით. ამის შემდეგ მოხდება მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა.

პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე www.house.gov.ge ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 405 405.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია