ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორს, გამომძიებელს და გლდანის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორსა და გამომძიებელს, გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლასა და არასაპროცესო ხერხებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათაშვილმა განუცხადა, გლდანის ციხეში მყოფი შპს "მექანიზატორის" წარმომადგენლები საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს შორის სოსო ბარათაშვილის დაცვის ქვეშ იმყოფებიან ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ვაჟა ნახუცრიშვილი და მამუკა ივანიაძე. ვაჟა ნახუცრიშვილი "მექანიზატორის" დირექტორია, ხოლო მამუკა ივანიაძე მისი მოადგილე. ხუთივე დაკავებულს ბრალად ედება შპს "მექანიზატორის" ქონების გაფლანგვა.

"გუშინ საღამოს დამიკავშირდა გამომძიებელი შარდენ კოპალიანი, დაახლოებით 17:00 საათზე და მითხრა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ მოითხოვა დაკითხვა და მკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, კვირა დღეს მომხდარიყო დაკითხვა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ორშაბათს მომხდარიყო და შევთანხმდით, რომ დღეს, 13:00 საათზე შევხვდებოდით ერთმანეთს გლდანის საპყრობილეში. დღეს დილით საპყრობილეში შევედი დაახლოებით 10:00 საათზე, სხვა პატიმრების მოსანახულებლად და შემდეგ უკვე მინდოდა მამუკა ივანიაძის მონახულება. ერთ-ერთმა ადვოკატმა შემატყობინა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებელი შარდენ კოპალიანი და პროკურორი შოთა რიჟამაძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში. შევედი აღნიშნულ კაბინეტში და ვკითხე, რისთვის იმყოფებოდნენ იქ. მათ მითხრეს, რომ მამუკა ივანიაძემ მე, როგორც ადვოკატს გამომიცხადა უნდობლობა, მომცა აცილება და სურს სახაზინო ადვოკატის აყვანა. მოვითხოვე, ეჩვენებინათ დოკუმენტი, რომლითაც ივანიაძემ ეს ყველაფერი განაცხადა. მაჩვენეს მისი ხელნაწერი, რომელიც მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის სახელზეა დაწერილი. დათარიღებულია გუშინდელი დღით - კვირა დღით, 16 ივნისით. ვკითხე მათ, როგორი წესით მოხდა ამ წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურორთან, შემდეგ ანტიკორუფციულ სამსახურში და როგორ მოხდა, რომ 11 საათისათვის ყველა ინსტანცია მოიარა ამ წერილმა? მათ ამის თაობაზე პასუხი ვერ გამცეს", - ამბობს ადვოკატი.

სოსო ბარათაშვილის თქმით, გამომძიებელთან და პროკურორთან ციხის დირექტორის მოადგილის კაბინეტში საუბრისას აღნიშნა, რომ ივანიაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეს.

"ვთქვი, რომ მაშინაც იმავე წესით ხდებოდა ადვოკატების შეცვლა. მათ მითხრეს, რომ შეგვედგინა ოქმი, იმის თაობაზე, რომ მე ვიყავი აცილებული, მაგრამ არ დავთანხმდი ამაზე და დავტოვე შენობა. მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ მამუკა ივანიაძესთან ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში არასაპროცესო ხერხით მუშაობა გამომძიებლებისა და პროკურორების მხრიდან, რაზეც ვაცხადებ პროტესტს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, რომ კვირა დღეს მომხდარიყო ეს ყველაფერი", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება "მექანიზატორთან" დაკავშირებით დაკავებული ომარ თედორაძის მიმართ. კერძოდ, როგორც ადვოკატი ამბობს, თედორაძე 2 დღის წინ, "ჯურღმულში" გადაიყვანეს.

"მასზე ხორციელდება საშინელი ზეწოლა, ის გულით ძალიან სერიოზულად დაავადებული ადამიანია და ამ მხრივ ცდილობენ, ზემოქმედება განახორციელონ ამ ადამიანზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პატიმრებზე, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში გაცილებით უარეს პირობებში გადაიყვანეს. ვიდრე აქამდე იყვნენ ისინი", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატი "მექანიზატორის" საქმეზე დაკავებულების მდგომარეობის შესწავლას სთხოვს როგორც მთავარ პროკურორს, ასევე სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

"ამ ადამიანების მდგომარეობა უკვე საგანგაშოა. პროკურატურამ გაიაზრა, რომ მათ მიმართ ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ გააჩნიათ და გადავიდნენ მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, არასაპროცესო მოქმედებებით. ამასთან, მინდა ამ საკითხზე სოზარ სუბარის ყურადღებაც მივაპყრო, რომ არა ციხის ადმინისტრაცია, ამ ადამიანების უარეს პირობებში გადაყვანა არ მოხდებოდა", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ