ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!

ირინა ენუქიძე და მერაბიშვილის ნათესავი ბიზნესმენი ხელოვნური სიმსივნით გარდაიცვალნენ?!

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შარდენზე შეკრებილი ნაციონალების (ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი) წაფითილებით, სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს და წამებით მოკლეს, სანდროს დედამ, ქალბატონმა ირინამ სიმართლის საპოვნელად, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა...

შვილი რომ მოუკლეს, ირინა ენუქიძე საღსალამათი ქალბატონი იყო. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არ ეტყობოდა, რომ რამეს უჩიოდა... 2007 წლის ზაფხულში, ანუ შვილის სადისტური მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ქალბატონი ირინა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირინა ენუქიძის გარდაცვალების მიზეზი პანკრიასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ სანდრო გირგვლიანის დედა მოწამლეს.

სხვათა შორის, ქალბატონი ირინას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მოძღვარმა დეკანოზმა გრიგოლმა (გოგიჩაძე) ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

"ირინა სულ მეუბნებოდა, მამაო, მომკლავენ, არ მაცოცხლებენო. როცა საპროტესტო აქციებს აწყობდა, ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ მპასუხობდა, რა მაქვს დასაწყნარებელი, ვიცი, მომკლავენ და რაც მალე წავალ ჩემს შვილთან, მით უფრო ბედნიერი ვიქნებიო... მან მითხრა, რომ მოწამლეს, თუმცა მისი ოფიციალური დიაგნოზი პანკრეასის სიმსივნე იყო. საავადმყოფოში რაღაც პერიოდი გათიშული იყო, მერე, გამოკეთდა. რამდენჯერმე ვიყავი მის სანახავად და როცა უკანასკნელად ვნახე, მითხრა, მამაო, ამ ურჯულოებმა მეც მომკლეს, ჩემი და სანდროს სულებისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ესაა ჩემი უკანასკნელი სურვილიო... აი, ეს დამიტოვა ანდერძად".

ირინა ენუქიძის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის მიწურულს, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული კახელი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი გარდაიცვალა. საქუაშვილიც, ირინა ენუქიძის მსგავსად, როგორც ამბობენ, ჯანმრთელი იყო, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა, სამკურნალოდ, თურმე, საზღვარგარეთაც წავიდა, მაგრამ არაფერი ეშველა. უცნაურია, მაგრამ საქუაშვილის გარდაცვალების მიზეზიც, როგორც ამბობენ, პანკრეასის, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: პანკრეასის კიბოთი, როგორც ამბობენ, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ქისტის მამაც იტანჯება. არადა, ისიც, ირინა ენუქიძისა და ნოდარ საქუაშვილის მსგავსად, მანამდე, ვიდრე გააქტიურდებოდა, ჯანმრთელი ყოფილა...

მაშ ასე, სკანდალური ვერსიისთვის საკმარისზე მეტი ეჭვი არსებობს - ირინა ენუქიძეს, ნოდარ საქუაშვილსა და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი ქისტის მამას პანკრეასის კიბო "აერთიანებს". აქვე, აღსანიშნავია, რომ სამივე ადამიანი ნაციონალური ხელისუფლებისთვის ზომაზე მეტად იყო საინტერესო, ანუ ირინა ენუქიძემ სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალური ბუნება, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს გააგებინა. სტალინი ამბობდა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მართალია, გირგვლიანის საქმემ სტრასბურგამდე მიაღწია, მაგრამ ქალბატონი ირინას მოცილებით, სანდროს მკვლელობას, შესაძლოა, აქტუალობა დაეკარგა - ირინა ენუქიძე, მკვლელების დასჯის მოთხოვნით, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავდა. სანდროს მკვლელობას აქტუალობა არც ქალბატონი ირინას გარდაცვალების შემდეგ დაუკარგავს, მაგრამ ის მუხტი, რომელიც დედამისის სიცოცხლეში არსებობდა, ერთგვარად მინავლდა... შესაბამისად, სტალინურმა ლოგიკამ - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა - გაამართლა. აქედან გამომდინარე, ვერსიას, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს, არსებობის უფლება, ცხადია აქვს...

რაც შეეხება ნოდარ საქუაშვილს, რომლის ახლობლებიც, ასევე, ეჭვობდნენ, რომ ბიზნესენი მოწამლეს.

ვინ იყო ნოდარ საქუაშვილი? - ლეგენდით, საქუაშვილი თავის დროზე, სატვირთო მანქანის მძღოლი გახლდათ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ესე იგი, მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ბეზპრედელი" მძვინვარებდა, საქუაშვილი ჩეჩნებმა დაიქირავეს და ტვირთი წააღებინეს. ეს ტვირთი, თურმე, ტომრებში ჩალაგებული ფული იყო, მაგრამ მძღოლს აზრადაც არ მოსვლია ტომრების გახსნა. ჰოდა, მადლიერ ჩეჩნებს საქუაშვილისთვის რამდენიმე ტომარა უჩუქებიათ. ასე უშოვია საქუაშვილს მილიონები, თუმცა აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის გამდიდრების შესახებ მეორე ვერსიაც არსებობს, რომელიც უფრო სარწმუნოა - საქუაშვილის მეორე ცოლი, როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას ნათესავია.

ცნობილია, რომ ნაცმოძრაობის დატუსაღებულ გენმდივანს თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, რომელიც მიწის მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე მუშაობდა. მოარული ინფორმაციით, მერაბიშვილის არასამთავრობო სოლიდურ გრანტებს იღებდა. ამასთან, მოსახლეობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარატინა ქაღალდებს ურიგებდა, რომელსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას ეძახდა. საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ ამ მაქინაციით სერიოზული ფული კეთდებოდა... ასევე, მოარული ხმით, მერაბიშვილის არასამთავრობომ იმდენი მოახერხა, რომ რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაიფორმა. ერთ-ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს მიწა საქუაშვილის მშობლიურ სოფელ სანიორეშიც ჰქონია, რომელიც ასევე, მერაბიშვილის არასამთავრობოს საკუთრება გახდა... მოკლედ, როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, ნაციონალები საქუაშვილს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ, მაგრამ კახელი ბიზნესმენი ისე გათავხედდა, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. სანიორელ საქმოსანს ფრთები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუშლია, რაც სააკაშვილმა მასთან სტუმრად იულია ტიმოშენკო ჩაიყვანა. ამით "გაგულავებულ" საქუაშვილს ვიღაც "განაბი" დაუმეგობრებია, რომლის საშუალებითაც მთელი კახეთის გაკონტროლება დაუწყია და ეს მაშინ, როცა მერაბიშვილი და, საერთოდ, ნაციონალური მთავრობა თავს იწონებდა, ქურდული სამყარო დავამარცხეო...

ერთი სიტყვით, კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ნოდარ საქუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გზები გაიყო. სწორედ ამ დროს საქუაშვილს შეუტყვია, რომ უკურნებელი სენი სჭირდა... საქუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ყოფილმა მეუღლემ, ლია ელიზბარაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "... ჩემი მეუღლე 2007 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. უცხოეთში ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს... სიმსივნის ხელოვნურად გამოწვევის ტექნოლოგიებიც არსებობს, თურმე".

ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმე ასეთია: ირინა ენუქიძე, როგორც მისი მოძღვარი განმარტავს, სიცოცხლეშივე ამბობდა, რომ მოწამლეს. კახელი ბიზნესმენის ყოფილი მეუღლეც ამბობს, რომ ნოდარ საქუაშვილს უცხოეთში ხელოვნური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, სიმსივნე აქვს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ერთ-ერთი ქისტის მამასაც, ანუ გამოდის, ნაცმოძრაობის ზეობის დროს, ვიღაც არასასურველ ადამიანებს თავიდან იცილებდა.

ისე, გამორიცხული არაა, სამართლიანობის აღდგენის პირობებში, ირინა ენუქიძისა და ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალების გამოძიებაც დაიწყოს, მით უმეტეს, ქალბატონ ირინას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიკვდილის წინ მოძღვრისთვის უთქვამს, ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება რომ მოვა, ჩემი სიკვდილიც გამოიძიოსო...

რამდენიმე კვირის წინ საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავები გაძარცვეს. სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედები მალევე დააკავეს. "შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდნენ. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

საფლავები თბილისში სხვა დროსაც გაუძარცვავთ, მაგრამ უცნაურია, რომ ბოროტმოქმედებმა იერიში მაინცდამაინც ნაციონალებისგან ნაწამები დედა-შვილის  ძვალშესალაგზე მიიტანეს, მით უმეტეს, რომ გირგვლიან-ენუქიძის საფლავზე მილიონჯრ "მდიდრული" სამარხებიც არსებობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვიზენტალის ქართული ფონდის ხელმძღვანელი მირიან ყარაულაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სანდროსა და ირინა ენუქიძის საფლავის რადიაციული ექსპერტიზა ჩატარდეს.

ნიკა ჯანხოთელი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა