ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"

ხატია სიჭინავა - "7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ"

ხატია სიჭინავა თავის მოვლას ბევრ დროს უთმობს. მისთვის შოპინგი და მუდმივი ნამზეური ძალიან მნიშვნელოვანია; არც დიეტას ღალატობს და ამბობს, რომ საკვების შეზღუდვა უკვე ჩვევად ექცა. ალბათ, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი თავის მოვლის სიყვარულმა უბიძგა სილამაზის სალონის გახსნისკენ, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.

- იმიჯს ხშირად იცვლი?

- საკმაოდ ხშირად. ერთადერთი, რასაც არ ვიცვლი, ეს თმის სიგრძე და ფერია. მოკლე ვარცხნილობას მირჩევნია, გრძელი თმა ვატარო და სხვადასხვანაირად გავიკეთო. ჩემი და ჩემი შვილების თმას ისე ვუფრთხილდები, როგორც - ოქროს.

- 2 შვილი გააჩინე, მაგრამ ეს გარეგნულად არ გეტყობა - ძველებურად კარგ ფორმაში ხარ. დიეტას იცავ?

- ყოველთვის ვცდილობ, ამა თუ იმ საკვებზე უარი ვთქვა, სხვადასხვა სახის დიეტას ვიცავ ხოლმე. ახლა მხოლოდ ლიმონიან წყალს ვსვამ, რომელიც თერმოსით ყველგან თან დამაქვს. ამჟამად 50 კილოგრამს ვიწონი და მსურს, 47 კილო ვიყო. მირჩევნია, წონა მუდამ ვაკონტროლო, ვიდრე ძალიან გავსუქდე და კილოგრამებთან ბრძოლაზე ფიქრი მერე დავიწყო. ჩემი პლუსი ის არის, რომ ტკბილი არ მიყვარს; არასდროს ვჭამ: შოკოლადს, ნამცხვარს, კანფეტს. სამაგიეროდ, ხორცზე და კაცურ საჭმელებზე უარს ვერ ვამბობ, მიყვარს ცომეული. ყველას ვურჩევ: თუ წონის პრობლემა გაქვთ, პირველ რიგში, ცომი ამოიღეთ რაციონიდან. სწორი კვებითა და დიეტით გენეტიკურად გადმოცემული ჭარბი წონაც დაიძლევა!

- ფორმაში რომ იყო, ამისთვის ვარჯიშიც აუცილებელია, არა?

- მეორე შვილი რომ გავაჩინე, 20 კილო მქონდა მომატებული და სარკეში აღარ ვიყურებოდი. ვარჯიშით თავს ვიკლავდი, მაგრამ მხოლოდ 2 კილო დავიკელი. მოკლედ, სასურველი შედეგი რომ ვერ მივიღე, სპორტისადმი ინტერესი დავკარგე. ერთხელ რამაზმა მთელი დღის განმავლობაში მავარჯიშა და კუნთი დამეჭიმა, რის გამოც, ერთი კვირა ვიწექი, ვეღარ დავდიოდი. შემდეგ ბევრს ვეხვეწე, ჩემთვის ის აბები მოეტანა, რომლითაც სპორტსმენები გარკვეულ კილოგრამებს იკლებენ. მომიტანა, მაგრამ არ უთქვამს, რომ თუ დავლევდი, უნდა მევარჯიშა, ენერგია დამეხარჯა. მე აბებს ძილის წინ ვსვამდი. ჰოდა, ერთ დღესაც ცუდად გავხდი. წნევა გამისინჯეს - 100:90-ზე მქონდა და ლამის მოვკვდი...

- სოლარიუმის ხშირი სტუმარი ხარ...

- (მაწყვეტინებს) ჰო, ნამზეურზე ვგიჟდები. როცა გარუჯული ვარ, მაკიაჟიც არ მჭირდება, მე კი ამ საქმეში ძალიან ზარმაცი გახლავარ და ალბათ ამიტომაც, არასდროს ვიყენებ მკვებავს, ტონალურ კრემს. ხშირად მსმენია, სოლარიუმი სხვადასხვა სახის დაავადებას აჩენსო. ეს რომ სიმართლე იყოს, მე ყველანაირი დაავადება ერთდროულად მექნებოდა აკიდებული, რადგანაც დღე და ღამე სოლარიუმში ვარ. მინდა გითხრათ, რომ ულტრაიისფერი სხივები კი არ აჩენს ამა თუ იმ დაავადებას, არამედ მის გამოვლენას უწყობს ხელს.

- სამკაულები გიყვარს?

- უამრავი სამკაული მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვიყენებ. შენ წარმოიდგინე, ჩანთაც კი არ მიყვარს. ვატარებ მხოლოდ საქორწინო ბეჭედსა და კულონს, რომელიც მეჯვარემ ჯვრისწერის დღეს მაჩუქა.

- ცნობილია, რომ შოპინგი გიყვარს. მეუღლის ჩაცმულობაზეც შენ ზრუნავ?

- ჩემი მუზეუმი, ეს ჩემი გარდერობია! ყველგან, სადაც მივდივარ, აუცილებლად ვიწყობ შოპინგს და ხან სპორტულ სტილში ვარ გამოწყობილი, ხანაც - კლასიკურში. რამაზს არაფერზე აქვს პრეტენზია, მხოლოდ "დაბლებსა" და გრძელ კაბაში გამოწყობილი არ მოვწონვარ. მეუღლისთვის რაღაცებს ხშირად ვყიდულობ და ისიც, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს.

- შვილების ჩაცმულობაზეც ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავ, არა?

- მათ ჩემზე დიდი გარდერობი აქვთ. უფროს ქალიშვილს უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს და თავისით ირჩევს, სად რა უნდა ჩაიცვას. შვილების ჩაცმულობაზე რამაზიც აქტიურად ზრუნავს. როცა საზღვარგარეთ მიდის, ძვირად ღირებული ბრენდები ჩამოაქვს და გოგონებს ამით ანებივრებს.

- ტელევიზიაში მუშაობისას, დიდი ხნის განმავლობაში ეთერში სათვალეს არ იხსნიდი. ეს აქსესუარი გიყვარს თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი ინტრიგა იყო?

- ამ ინტრიგამ ძალიან გაამართლა - მთელ თბილისს ეგონა, რომ ელამი ვიყავი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სათვალე ჩემი საყვარელი აქსესუარია.

- ჩაცმასთან დაკავშირებით, დედამთილი რჩევებს გაძლევს?

- ჩემს ჩაცმულობაში არასდროს ერევა, მაგრამ კომპლიმენტს ხშირად მეუბნება. ყველას ვუსურვებ, მისნაირი დედამთილი ჰყავდეთ. არ არსებობს საკითხი, რაშიც გვერდში არ დამიდგება. სულ ცდილობს, კომფორტი შემიქმნას.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობ?

- 7 წლის წინ ტუჩები დავიბერე და ამას დღემდე ვნანობ. საერთოდ არ მჭირდებოდა, უბრალოდ, მოდას ავყევი. მითხრეს, რომ ერთი წლის მერე ჩემს ტუჩებს ძველებური ფორმა დაუბრუნდებოდა, მაგრამ მოტყუებული დავრჩი. ცოტა ხნის წინ ექიმთან მივედი და მითხრა: ოპერაციას გაგიკეთებთ და სილიკონს ისე ამოგიღებთო. ჯერ ვერ გადავწყვიტე, რა ვქნა, რადგან ამ ოპერაციის მეშინია.

- სალონი გახსენი. ეს იდეა როდის გაგიჩნდა?

- ამ სალონის ხშირი სტუმარი ვიყავი და როცა გავიგე, რომ ყიდდნენ, მეუღლეს ვუთხარი: მოდი, ჩვენ შევიძინოთ-მეთქი. უპრობლემოდ დამთანხმდა. ამ საქმის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მალე ალღო ყველაფერს ავუღე.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია