"სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"

 "სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!"

საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მოსაწყენი რომ გახდება, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ქვეყანა დამშვიდდაო. ჯერჯერობით კი ამას პირი არ უჩანს და ეს გასულ კვირასაც დადასტურდა - ერთმანეთს ცვლიდა მძაფრსიუჟეტიანი მოვლენები, დაწყებული იუსტიციის საბჭოს წევრების სკანდალური არჩევნებით და დამთავრებული ტერაქტის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებით. კვირა დაგვირგვინდა ამერიკის კონგრესის განცხადებით, რომელმაც ახალი ხელისუფლება სერიოზულად უნდა დააფიქროს იმაზე, მარცხდება თუ არა უცხოურ ფრონტზე საინფორმაციო ომში.

კონგრესის განცხადებაში შავით თეთრზე წერია: "საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას." ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი განცხადებების კომენტირებისას აცხადებენ, - მალე დარწმუნდებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები, რომ დაკავებებს არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვსო. ეს "მალე" აღარ დადგა, სამაგიეროდ, თუ მთავრობამ მსგავს სტილში განაგრძო დასავლეთზე "მუშაობა" და საგარეო პიარი, უკვე გვიან იქნება და საქმე იქამდე მივა, რომ ალბათ, დასავლეთი "მასტერას", მეგის ქარდავას ან ოლეგ ფაცაციას გამოაცხადებს პოლიტპატიმრებად. კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ვესაუბრებით ექსპერტ კახა კახიშვილს.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ ამპლუას. მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ "პალიტრა ტვ"-სა და რადიო "პალიტრის" გადაცემის "აქ და ახლა" წამყვანი გახდით. ძალიან საინტერესო იყო 14 ივნისის "აქ და ახლა", როდესაც სამინისტროების ცხელ ხაზზე რეკავდით, თავს რიგით მოქალაქედ აცნობდით და სასწრაფო საქმის მომიზეზებით, მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვდით. პასუხებმა მართლაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა

- აღმოჩნდა, რომ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს ოფიციალური მიღების საათებიც კი არ აქვთ. პასუხი ყველა უწყებაში ერთი იყო - მომწერე და გიპასუხებენო. ჩემი აზრით, პირად საუბარსა და წერილებს შორის დიდი განსხვავებაა. კომუნისტებსაც კი ჰქონდათ მიღების საათები და ცუდი არ იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე დაფიქრდება. ეს არ იქნება ასეთი ფორმატის ბოლო გადაცემა. მოულოდნელად ისევ დავრეკავთ უწყებებში და ვნახავთ, სისტემურად შეიცვალა რამე თუ არა.

- გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ის კონგრესის განცხადება იყო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის გაკვირვება გამოიწვია. ალბათ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახალ ხელისუფლებას დასავლურ საინფორმაციო ფრონტზე სერიოზული პრობლემები აქვს.

- კონგრესმენები უნდა ჩამოიყვანო საქართველოში და აჩვენო ის ბინძური უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ამზადებდა. მაგრამ რად გინდა - ამ ფარული ჩანაწერების განადგურებას აპირებენ მანამდე, სანამ არ დადგება მათი ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი. შესაძლოა, სადღაც ერთ წელიწადში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადოს, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და არანაირი უკანონო არქივი არ არსებობდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ უკანონო მასალების დადგენა და ამოღება, რომელიც შსს-ს არქივიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესში გაიტანეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, ვინც გაიტანა ეს მასალა, არ ურეკავენ მთავრობის წევრებს და ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით, არ აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სურთ.… დავუბრუნდეთ კონგრესის განცხადებას - მაინტერესებს, სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ, როდესაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები?! მეორეც - საკვირველია, რატომ საუბრობენ კონგრესმენები პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, როდესაც ჯერ კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი?! საზოგადოებაში ასეთი განცხადებები გაკვირვებას იწვევს და დიდ დარტყმას აყენებს დასავლელი პოლიტიკოსებისადმი ნდობას. კონგრესმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

კონგრესის განცხადება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლობისტების მუშაობის შედეგი მგონია. შემთხვევითი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადის აშშ-ში, ახლახან იქ იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც.

ახალი ხელისუფლება კი ამ მიმართულებით ვერ მუშაობს. ალბათ, დროულად უნდა გამოიტანონ დასკვნა, თორემ ასეთი განცხადებები გაგრძელდება. ასევე, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულები უნდა გახსნას, რომ დასავლეთში დარწმუნდნენ - ლამის პრეზიდენტით დაწყებული და კუდ-ის სამმართველოს უფროსით დამთავრებული, - ჩაბმული იყო უკანონო ქმედებებში.

26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ უნდა დადგეს, არამედ იმ პროკურორის, მოსამართლისა თუ მაღალჩინოსნის, რომელთაც შსს-ს ხალხის დარბევა "გაუპრავეს".

- გასულ კვირას შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავა. ცოტა უცნაური სურათი შეიქმნა. თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი დაკავებით ტერაქტი აღიკვეთა. თუმცა ბრალი კადიევსა და ომაროვს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის წაუყენეს.

- იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება ობიექტური იქნება და დაადგენს სინამდვილეს. თუ დადასტურდა ვერსია ტერაქტებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - სად იგეგმებოდა ტერაქტი, ვისი დავალებით, ვისი დაკვეთით. მათი დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ 2011 წლიდან ინტერპოლი ეძებდა, კადიევი და ომაროვი კი თავს საქართველოს აფარებდნენ. 2011 წელს "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი იყო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებდა უამრავი ადამიანის გადაადგილებას და მიმოწერას. ჩნდება კითხვა - თუ ინტერპოლის მიერ ძებნილები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვინ მფარველობდა მათ? რეალურად, უმაღლესი თანამდებობის პირების მფარველობის გარეშე შეუძლებელი იყო ძებნილების საქართველოში ისე ყოფნა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს არ დაეკავებინათ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში ცხოვრობდა. თუმცა ქორთოშიძე ამას უარყოფს და აცხადებს, რომ კადიევი მისი მხოლოდ შორეული ნაცნობი იყო.

- ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს ძალზე დელიკატური საკითხია და იმაზე საუბარი, ვის ვისთან ჰქონდა კავშირი, ჯერ ძნელია.

- 15 ივნისის მდგომარეობით, როდესაც ჩვენი ინტერვიუ იწერება, ჯერ კიდევ არ არის დაკავებული (დაადგინეს თუ არა ვინაობა, არ ვიცით) "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების ავტორი. საზოგადოებას ათასგვარი ეჭვი და ვერსია აქვს გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

- ეს ვიდეორგოლი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს - 26 მაისს სააკაშვილის ჩასვლა ავღანეთში, უცნაური საუბარი ჯარისკაცებთან, ვიდეოს გავრცელება და ა.შ. ბევრი კითხვა ჩნდება. გამოძიებამ უნდა იმუშაოს შემდეგი კუთხითაც - რა განზრახვით ჩავიდა პრეზიდენტი ავღანეთში, რატომ შედგა ჯარისკაცთან ასეთი საუბარი და რატომ გავრცელდა ეს საუბარი მასმედიის საშუალებით. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ ცალკეულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა