ლალი მოროშკინა გაქურდეს

ლალი მოროშკინა გაქურდეს

17 ივნისს მცხეთის რაიონის დაბა ძეგვში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის, ლალი მოროშკინას აგარაკი გაქურდეს. ამის შესახებ თავად დაზარალებულმა განაცხადა. ლალი მოროშკინას თქმით, საქმეს მცხეთის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს.

"იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოროტმოქმედთა ვინაობას ძალიან მალე დაადგენს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ნორმალურ ცხოვრებას ვერ ირგებენ!", - განაცხადა უფლებადამცველმა.

არ ვიცით, "გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას", თუ არა, მაგრამ რომ იტყვიან, ფაქტი ფაქტად რჩება.

"ალია" დეტალების გასარკვევად დაზარალებულ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:

- 18-ში დილით დამირეკეს და მითხრეს ამ გაქურდვის შესახებ. გამოძიება დაწყებულია და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია, ძეგვში, სადაც ვიყიდე ეს სახლი, ყველამ იცოდა, რომ ეს ჩემია. ისე იყო ყველა გახარებული, რომ მათი მეზობელი გავხდი და უცებ ასეთი რამ. მესმის, რომ ქურდმა არ იცის გარჩევა, ვისი და რისი, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად არის გაქურდული. გეგონება, შევიდა ვიღაც თავისი გასაღებით, მერე მიალაგა სახლი და ისევ მშვიდად გამოვიდა.

- შეიძლება, მათ მართლაც ჰქონდათ გასაღები?

- არა, გამორიცხულია, ფანჯრიდან არიან გადამძვრალები, იმ ფანჯრიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამიტყდა.

- რა არის წაღებული?

- ბევრი არაფერი, სამშენებლო მასალები. მანდ მშენებლობა მიდიოდა.

- როდის შეიძინე ეს აგარაკი?

- შარშან ზაფხულში ვიყიდე, პატარა მიწის ნაკვეთი და სახლიც ასევე პატარაა და ერთი წელია აგურ-აგურ ვაშენებ. ნივთები, პრინციპში, არც მქონია, მაგრამ მუშების ნივთები წაიღეს. დილით დამირეკა "პრარაბმა" და ეს ამბავი იმან მითხრა, მერე დავრეკე მცხეთის კრიმინალურ პოლიციაში და ხუთ წუთში ყველა მოვიდა. კინოლოგებიც და ყველა. გამგებელმაც დამირეკა და იმან მითხრა, ძალიან ბევრ სახლში ნივთები გაქრაო. ანუ, ეტყობა, ძეგვში ვიღაცა ძალიან მაგრად "ასუფთავებს" სახლებს.

- ეს ჯგუფია? ადრე თუ ხდებოდა ასეთი რამეო, მოსახლეობა რას ამბობს?

- ეს ნამდვილად ჯგუფია, რადგან ისეთი მძიმე დანადგარებია წაღებული ამ მუშების, რომ ერთი კაცი ვერ გაათრევდა. ყველა ვარიანტში ჯგუფია და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ადრე ასე არ ხდებოდაო და ახლა დაიწყეს. "ბალგარკები" და სხვა ხელსაწყოები სულ წაღებულია.

- ვინმემ ხომ არ მოჰკრა თვალი მეზობლებიდან, ხომ არ შეამჩნია რამე?

- არა. ეჭვიც ვერავისზე ვერ მიმაქვს, არავის ვიცნობ. ეს არ არის ქურდბაცაცა, იმან, ვინც მოვიდა, იცოდა, რა და როგორ. გადამძვრალები არიან მეორე სართულიდან, სადაც გატეხილი ფანჯარაა და ეტყობა, ყველაფერი წინასწარ იცოდნენ. ძეგვში ვინ ჩავიდოდა თბილისიდან? მეზობლებმა მითხრეს, სადღაც ღამის 3 საათზე ძაღლი გაავებული ჰყეფდაო, მაშინ იყვნენ, ეტყობა. არა მგონია, ბოღმაზე გაკეთებული იყოს. ანგარიში ხომ არ გამისწორეს? ცოტაა ავის გამკეთებელი?

- შენ მინისტრის მრჩეველი ხარ, გენაცვალე!

- მაგას ვგულისხმობ. ბევრია, ვინც კმაყოფილია ჩემით და ბევრია, ვინც უკმაყოფილოა და შეიძლება, ჯიბრით გააკეთოს.

- ახლა კაცი რომ მოვა და "ბალგარკას" და "შალაშინს" რომ წაიღებს, შურისძიებას ჰგავს? არა მგონია. "ნი სერიოზნა".

- მეც ეგრე ვიფიქრე. დაველოდები გამოძიებას. ვნახოთ, რას იზამენ.

- ეს ქურდობები რომ ხდებოდა, განაცხადი შეჰქონდა მანდაურ მოსახლეობას?

- სხვათა შორის, დავინტერესდი და, არაო. მე ჩავთვალე, რომ საჭიროა, სამართლებრივად ვიმოქმედო და მე დავწერე. მოკლედ, რაღაც ჯგუფია, რომელიც სოფელს ამწარებს.

- კალვერა გყავთ შემოჩენილი?

- (ხარხარებს) კალვერას ბანდა დაგვეცა! დედა, რა დავაშავეთ! რომ გავიგებ, ვინ არიან, ერთი, თვალებში უნდა ჩავხედო...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია