არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას

არასამთავრობო სექტორის სახით იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში მოსვლას

საქართველოში 17 538 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასობით ინტერნეტ-საინფორმაციო პორტალი არსებობს. 4-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით საიტებისა და არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ა/ო-ს ან საიტის დაფუძნება ანონსდება.

სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის როგორც ერთის, ასევე მეორეს არსებობა პრობლემა არ არის. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება.

მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას თქმით კი, დამატებით არასამთავროებისა და საინფორმაციო ინტერნეტპორტალების შექმნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აღრევა, რისგანაც მივიღებთ მთლიანად დაფინანსებულ სექტორს და ვიღაცისთვის "სათანადო" ინფორმაციით გამცემ მედიას.

"საბოლოო ჯამში, გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გახდეს დეზორიენტირებული. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამ პროცესებმა, შესაძლოა, გამოიწვის საზოგადოების დეპრესია, რომლის დროსაც წმინდა წყლის დიქტატურის ჩამოყალიბება ხდება", - განუცხადა "რეზონანსს" არჩილ გამზარდიამ.

მოკლედ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 18 044 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 506 გაუქმებულია და აქტიურად მხოლოდ 17 538 მათგანი მუშაობს. რაც შეეხება საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალებს, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თუ გადავხედავთ ინტერნეტ სივრცეს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით 100-ზე მეტი საინფორმაციო პორტალი ფუნქციობს.

არასამთავროებს და საინფორმაციო ინტერნეტ საიტებს კონკურენტები 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც შეემატა. ისინი, ვინც არჩევნებამდე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იყვნენ, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლეს, ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა კი საინფორმაციო პორტალები შექმნეს.

ის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ინტერნეტ-პორტალი მოქმედებს, არჩილ გამზარდია საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ უკან ვინ დგას, დღემდე უცნობია.

"პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება შეფასება რას ემსახურებიან ისინი. უცნობია, არის თუ არა მათთვის დარგობრივი ინტერესები პრიორიტეტული თუ ისინი მხოლოდ პროპაგანდას ემსახურებიან.

არჩევნების შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა დამარცხდა, მათი წევრების აქტივობა დაიწყო ორი მიმართულებით: ერთი ნაწილი გადავიდა არასამთავრობო სექტორში, გარკვეულმა ნაწილმა კი შექმნა მედია-საშუალებები. ეს არის ბუნებრივი საზოგადოებრივი აქტივობების მართვა. რომ გავიხსენოთ, წინა ხელისუფლებაც არასამთავრობო სექტორიდანაა მოსული, დღეს მათ დაასრულეს ფაზა, რასაც ჰქვია ხელისუფლება და ისევ წავიდნენ არასამთავრობოებში იმ მიზნით, რათა მომავალში ისევ ხელისუფლების სახით აღმოცენდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ მთელი რიგი პროცესების უკან, რაც ახლა ხდება, იდგეს ყოფილი ხელისუფლება, რომელიც დაინტერესებულია საზოგადოებაში საკუთარი აქტივობის, ანუ 9-წლიანი მმართველობის იძულებითი დაფასება გამოიწვიოს. ერთი მხრივ, ნაციონალებს სურთ, რომ მოიპოვონ უსაფრთხოება, რაღაც მომენტში მათ მიერ შექმნილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან გააჟღერონ, რომ ავიწროვებენ.

მეორე მხრივ კი ხდება ის, რომ სჭირდებათ რეალურად გაათეთრონ თანხა, რაც მათ პირადი მიზნის განხორციელებაში დაეხმარება. საერთო ჯამში კი, იქმნება სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პირების ისევ ხელისუფლებაში მოსვლას", - აცხადებს გამზარდია.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, თუ რაში იხარჯება ის ფული, რაც არასამთავრობო სექტორისკენ მიედინება, არის თუ არა ეს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ დახარჯული ფული.

"ჩვენ რომ გვყავდეს სპეციალისტები, ვინც შედეგებს შეისწავლიან, ვნახავთ, რომ რეალურად სამოქალაქო განვითარების რეგრესთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე პროგრესთან. ეს გულისხმობს იმას, რომ ეს სექტორები მუშაობენ უფრო რაღაცის წინააღმდეგ, ვიდრე ამ რაღაცის განვითარებისთვის", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

ამასთან, გამზარდია არ გამორიცხავს, რომ დამატებით არასამთავრობოებისა და საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალების შექმნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აღრევა, რისგანაც მივიღებთ მთლიანად დაფინანსებულ სექტორს და ვიღაცისთვის "სათანადო" ინფორმაციით გამცემ მედიას.

"საბოლოო ჯამში კი, გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოება გახდეს დეზორიენტირებული. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამ პროცესებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოების დეპრესია, რომლის დროსაც წმინდა წყლის დიქტატურის ჩამოყალიბება ხდება. არ არის გამორიცხული, რომ აქ ახალი ხელისუფლების ინტერესიც ეროს, შეიძლება, ღია არა, მაგრამ ფარული.

ახალი ხელისუფლება დღეს იმ ხიბლშია, რა ხიბლში იყო ნაცმოძრაობა 2003-05 წლებში, როდესაც ეგონა, რომ მათი ძალაუფლება ურყევია. ეს ეტყობა ამჟამად "ქართულ ოცნებასაც", - დასძინა გამზარდიამ.

ინტერნეტ-გამოცემა "ფორ.გე"-ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი ამბობს, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე ახალი საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალის შექმნა ფულის შოვნის იოლ ხერხთანაა დაკავშირებული.

"ვერავის აუკრძალავ, რომ ან არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნას ან საიტი გააკეთოს, მაგრამ სხვა საქმეა, როგორც ფუნქციობს და რა მოტივაციით არიან შექმნილი. ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი რატომ იქმნება, ეს ყველასათვის ნათელია. ესაა ფულის შოვნის იოლი ხერხი.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: თავიდან არის რთული, რომ იმ მოჯადოებულ წრეში შეხვიდე, სადაც გრანტები გაიცემა. თუ იქ შეაღწევ, ლამის გარანტირებულია გრანტები. ერთადერთი არის ის, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას. ეს "მუსიკა" ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის პირადი მრწამისგან განსხვავდება, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ფულია. არასამთავრობოების მომრავლება და ამ სიმრავლის ფონზე პრობლემების გადაუწყვეტლობა სწორედ იმას მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი არის ფულის შოვნის გამო გაკეთებული", - განაცხადა გია იაკობაშვილმა.

იგი უახლოეს მომავალში აპირებს ჩაატაროს კვლევა, თუ რა რაოდენობით გრანტი გაიცა არასამთავრობო სექტორზე და ამ დაფინანსებამ რა შედეგი გამოიღო.

"ვაპირებთ, ჩავატაროთ კვლევა, თუ რა რაოდენობით გრანტი გაიცა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვინ, ანუ რომელმა ორგანიზაციამ აიღო თანხა, რომელი სფეროები დაფინანსდა და საბოლოოდ, რა შედეგი მივიღეთ", - ამბობს გია იაკობაშვილი.

რაც შეეხება საინფორმაციო საიტებს, იაკობაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ინტერნეტ-პორტალი შეიქმნა, ზოგს ჰყავს მკითხველი, ზოგს არა და ამასთან, ხდება რეიტინგების გაყალბებაც.

"უცნობი ჟურნალისტები აკეთებენ საიტებს და ვიღაც "გოიმებს" ფულს ადებინებენ. დროთა განმავლობაში ეს ადამიანი ხვდება, რომ ატყუებენ და საიტიც იხურება, შემდეგ იხსნება მეორე, ისიც იხურება და ვტრიალებთ წრეზე. ინტერნეტ-პორტალების ნაწილს აფინანსებენ პარტიები, პარტიებს კი ვინ აფინანსებს და რას ემსახურება ამ საიტების არსებობა, კიდევ სხვა საკითხია.

საბოლოო ჯამში, ვიღაცას უნდა, რომ მოიპოვოს პოლიტიკური გავლენა. ამას კი ვერ მიიღებს, რადგან საინფორმაციო საიტს აკეთებენ არაპროფესიონალები, რომელთაც ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ. მათ არც სახელმწიფო მოწოდება ამოძრავებთ და არც უბრალოდ თავისუფალი სიტყვის პატრიოტები არიან.

პრობლემა შეიძლება მოგვარდეს იმ გზით, რომ გაიხსნას სარეკლამო ბაზარი, გრანტები გადანაწილდეს სამართლიანად. ჩემი სურვილია, რომ შეიქმნას ქართული ფონდები, რომლებიც დააფინანსებენ სწორედ რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჟურნალისტებს, თავისუფალი სიტყვის ორგანიზაციებს, სადაც სიტყვა ითქმის არა ფულისთვის, არამედ თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის", - დასძინა გია იაკობაშვილმა.

"გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის თქმით, იმისათვის, რომ არასამთავრობო სექტორი, მედია უფრო მეტად განვითარდეს და გახდეს აქტიური, საჭიროა დაფინანსება. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით ქვეყანაში სპეციალური საბჭოები (ბორდი) შეიქმნება.

"საერთოდ, საქართველოში არასამთავრობო სექტორის გააქტიურება 1994-95 წლებში დაიწყო. შემდეგ კი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ. არც მაშინ და არც დღეს ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის ნაკლებობა არ ყოფილა. არც საინფორმაციო პორტალები იყო და არის ცოტა, თუმცა აქ არის პრობლემა, მათ არ აქვთ ფინანსები.

საქართველოში მედიას, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკას, სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. თანხა მას იმიტომ სჭირდება, რომ იყოს დამოუკიდებელი და შექმნას კარგი პროდუქტი.

დღეს ფინანსების გარეშე რთულია საქმის კეთება. კარგი იქნება, თუ შეიქმნება ფონდები, უფრო ზუსტად "ბორდები", რომლებიც გარკვეულ თანხას მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერისთვის გაანაწილებენ, რათა ისინი უფრო განვითარდნენ", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა