გურჯაანის რაიონში არსებული ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრის, "კახეთი-იონის" ხელმძღვანელ ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, რაიონში იმატა კუჭ-ნაწლავის სიმსივნით დაავადების შემთხვევებმა, რაც შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. ჭონიაშვილმა, რომელიც ამავდროულად საკრებულოს დეპუტატიც გახლავთ, სასმელი წყლის ვარგისიანობის დადგენის საკითხი საკრებულოს სხდომაზე რამდენჯერმე დასვა.
"ყველა სიახლე" ხათუნა ჭონიაშვილს დაუკავშირდა:
- სამი წელია, რაც ჩვენი კლინიკა უფასო სკრინინგ-პროგრამას ახორციელებს. გამოკვლევები ტარდება სარძევე ჯირკვალზე, საშვილოსნოსა და პროსტატის წინამდებარე ჯირკვალზე. ასევე ვატარებთ ტესტს ფარულ სისხლდენაზე. სამწუხაროდ, გურჯაანის რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონის" გასტროსკოპიული განყოფილების მიერ გამოკვლეულ პაციენტთა დაახლოებით 3%-ს, კუჭ-ნაწლავის სიმსივნე აღმოაჩნდა.
- ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?
- ძნელია, გადაჭრით თქმა, თუმცა შესაძლოა, ეს სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. კუჭ-ნაჭლავის დავადებები უფრო მეტად საკვებს და სასმელ წყალს უკავშირდება. რადგან რაიონებში ადამიანები ძირითადად ნატურალური პროდუქტით იკვებებიან, სასმელი წყლის სრული ბიოქიმიური კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
კუჭ-ნაჭლავის დაავადებათა გამოვლენა განსაკუთრებით მაღალია ველისციხეში, რომელიც გურჯაანის რაიონის ყველაზე დიდი სოფელია, შესაბამისად მეტია დაავადებულთა რიცხვიც. საგარეჯოს რაიონში კი, კახეთის სხვა რაიონებთან შედარებით, მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის ძუძუს სიმსივნურ დაავადებებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზები ექნება. მოგეხსენებათ, გურჯაანის რაიონის საკრებულოს დეპუტატიც ვარ და წყლის ლაბორატორიულად გამოკვლევის საკითხი არაერთხელ დავსვი. ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ვსვამთ?! თუმცა ეს საკითხი დღემდე განხილვის საგანს წარმოადგენს.
გურჯაანის რაიონის მოსახლეობას წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდება, სასმელად გამოიყენება ჭაბურღილების წყალიც, რომელიც წლებია არავის შეუმოწმებია. საჭიროა, წყალს ჩაუტარდეს სრული ბიოქიმიური ანალიზი.
- არსებული ინფორმაციით, ე.წ. ტექნიკური წყალი შეიცავს დარიშხანს, რაც ასევე საშიშია.
- შარშან სექტემბერში კვლევა ჩავუტარეთ ტექნიკურ წყალს, რომელიც კურორტ ახტალის ტერიტორიაზეც მოედინება. აღმოჩნდა, რომ წყალი შეიცავს დარიშხანს. ეს არის ძლიერმოქმედი შხამი, რომლის მიღებაც სიკვდილს იწვევს. სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, შეიძლება თუ არა ამ წყლით ბაღ-ბოსტნების მორწყვა, რა დოზით ხვდება შხამი ნადაგში და ა.შ. ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით, რადგან ყველაზე მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა. გასაგებია, რომ ლაბორატორიული კვლევები საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ ამ საკითხის უგულებელყოფა კატეგორიულად მიუღებელია.
მარი მგელაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)