რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"

რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ორი ეპიზოდი აჩვენეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვენიდან საგანგებო განცხადება გაავრცელა: "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული ფირები სიმართლეს შეესაბამება, სადაც ასახულია მძიმე დანაშაული, რა თქმა უნდა, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ: ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება"... მიშა, მგონი, შენ მართლა მარსიდან გველაპარაკები, ან აღსარებას გვაბარებ. კიდევ ჩაიფსი, მიხეილ?! მგონი, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება...

"ალია" გთავაზობთ ინტერვიუს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან, ეკა ბესელიასთან:

- როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ, იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ, წინასწარ დასაჭერი ადამიანების სიები ედოთ, ეს ყველაფერი ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურდა. ვისაც აქამდე არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საჭიროა მეტი სამხილი, ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის საკმარისი უნდა იყოს ყველაფერი ის, რაც ამ დღეების განმავლობაში საჯარო ხდება.

- ელჩები აღშფოთებულები არიან. უცხოეთმა დღემდე ვერ დაინახა, რა სისასტიკე ჩაიდინა სააკაშვილმა 26 მაისს, რა წამებით მოკლეს გირგვლიანი, წამიერად აღშფოთდნენ ციხის სკანდალურ კადრებზე, სამალავიდან ამოღებული ეს სკანდალური ჩანაწერებიც წამიერი შეშფოთების საგანი ხომ არ გახდება, კიდევ გაგრძელდება დასავლეთიდან ვანო მერაბიშვილის დაცვის რიტორიკა?

- მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება, ახლა გეტყვით "ნაციონალების" გეგმას, რას აპირებენ. მიმდინარეობს საერთაშორისო არენაზე "ნაციონალების" ლობისტების მაქსიმალური მობილიზება, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და პიარკამპანიების მოწყობა იგეგმება. ლობისტები ცდილობენ, დასავლეთი შეცდომაში შეიყვანონ. იმ ადამიანებისთვის ეს ფაქტობრივი მასალა, ვფიქრობ, მართლაც იქნება შოკისმომგვრელი. ორშაბათიდან სტრასბურგში გვეწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია, "ნაციონალური მოძრაობა" იქ აპირებს ძალების მობილიზებას თავისი მხარდამჭერებით და თავისი ლობისტებით. ჩვენ ვემზადებით და ვაპირებთ, ვაჩვენოთ 26 მაისის კადრები, გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს ამ ხელისუფლების სისასტიკეს, ჩვენ ყველა ფაქტობრივ მასალას ჩავიტანთ და ვაჩვენებთ. საერთაშორისო საზოგადოება წინა ხელისუფლებას მოუწოდებდა, - გამოიძიეთ 26 მაისი, გირგვლიანის საქმე, გამოიძიეთ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და ასე შემდეგ. ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. ჩვენ ევროსაბჭოს ვეტყვით, რომ დაიძრა ამ საქმეების გამოძიების პროცესი, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რაც ხდება, ვერ მოინათლება პოლიტიკურ დევნად, ხელისუფლება ასრულებს თავის მოვალეობას.

- აპირებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამალავიდან ამოღებული სკანდალური ფირების ევროსაბჭოში წაღებას და მის ჩვენებას?

- ჩვენ ვაპირებთ წინა პერიოდის მასალების წაღებას, რაც შეეხება ბოლო სკანდალურ ვიდეოფირს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამ ჩანაწერების ევროსაბჭოში ჩვენება, მოსაძებნია სამართლებრივი ფორმა, თუმცა ციხის კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა და რომელზეც განაჩენი დადგა, მე ვფიქრობ, იმ მასალების წაღება და ჩვენება, სრულიად შესაძლებელია. ოღონდ იმ ფირებზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელი უნდა იყოს. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს "ნაციონალების" მხრიდან ამ ფირების გაბითურებისა და გაუფასურების, არ მგონია, რომ ეს მათ გამოუვიდეთ.

- "ნაციონალები" სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. სააკაშვილი აცხადებს, სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტი წინა მთავრობიდან გადმოვიყოლეთ და არ გავუშვითო. ისინი, თავის მხრივ, ცდილობენ, გადარჩენას, მაგრამ თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი რატომ თვლის საკუთარ ამოცანად "ნაციონალების" გადარჩენას, განსაკუთრებით კი, "რესპუბლიკელები"?

- საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და ვინც ქმნიდა დანაშაულებრივ იდეოლოგიას, ისინი სამართალს ვერ გაექცევიან, ხოლო კოჰაბიტაცია იმ ადამიანებთან, ვინც დამნაშავეები არიან, მონაწილეები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაში, მე ვერ წარმომიდგენია. ჩვენ ვერავინ დაგვწამებს ცილს, რომ შურისძიების მანტიით მოვედით ხელისუფლებაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, საზოგადოებას არა აქვს იგივე აზრი. ასეთ თემებს ფრთხილად ვეკიდებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულნი. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა უნდა გამიჯნოს დანაშაულები პოლიტიკისგან, ვერავითარი პოლიტიკური საფარი ვერ შეუქმნის ინდულგენციას იმ ადამიანებს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული.

- ვანო მერაბიშვილი ციხიდან აკეთებს განცხადებას: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ სასტიკ დანაშაულსა და წამებაში მონაწილეობდაო. რასთან გვაქვს საქმე, ტრაგიკომედიასთან?.. აქ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

- ვანო მერაბიშვილი ამბობს ამას?!. ჩვენ ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში? პირადად მაქვს შეტანილი პროკურატურაში ვანო მერაბიშვილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე საჩივარი. ამიტომ ცინიზმია, როცა პრეზიდენტიდან დაწყებული, ბოლო დამნაშავე "ნაციონალით" დამთავრებული, ამბობს, უნდა დაისაჯოს დამნაშავეო. კი მაგრამ, ისინი საკუთარ თავზე ლაპარაკობენ?..

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა